მარკეტერი წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, ქართული სამოსის ბრენდ DARAIA-ს თანაავტორმა – ქეთა ლომიძემ გაგვიზიარა ახალი ბრენდის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები და ის #შეცდომები, რომლებიც ამ გამოწვევებთან გამკლავების თანმდევი იყო:
ბევრი შეცდომა დამიშვია, თუმცა მისწავლია, თუ არა ამ შეცდომებზე, ამას, ალბათ, დრო მაჩვენებს. ერთი და იგივე შეცდომა რამდენიმეჯერაც დამიშვია, თუმცა ჩემ მიერ დაშვებული ყველა შეცდომა მიყვარს.
პირველი და ალბათ, ჩემი მთავარი შეცდომა იყო და არის #დელეგირება:
როდესაც ხარ ბიზნეს იდეის ავტორი, გგონია, რომ შენნაირად ამ საქმეს ვერ გააკეთებს ვერავინ, ამიტომ ყველა წვრილმანსა თუ დიდ საქმეს ეჭიდები. დღესაც, რაღაც დოზით, ამ შეცდომას კიდევ ვუშვებ და თან ხმამაღლა ვეუბნები ჩემს თავს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. კარგი მენეჯერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა, ზუსტად მონახოს საჭირო კადრი და გადაანაწილოს საქმე სწორად – ეს იმის საშუალებას მოგცემთ, რომ მეტი დრო დაუთმოთ უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საქმეს, როგორიც არის თქვენი ბიზნესისა თუ პროდუქტის განვითარება… ახლა ეს ეტაპი მაქვს, ვცდილობ, უფრო მეტად გამოვიმუშაო ეს ჯადოსნური უნარი.
არ დაგავიწდეთ არასდროს ადამიანების 3 ტიპი თქვენს ცხოვრებაში:
1. ადამიანები, რომლებიც გვერდში დაგიდგნენ თქვენ ბიზნესის კეთების რთულ პერიოდში;
2. ადამიანები, რომლებმაც მიგატოვეს თქვენი და თქვენი ბიზნესისთვის რთულ პერიოდში;
3. ადამიანები, ვის გამოც აღმოჩნდით რთულ ვითარებაში.











