14
Apr
2016

“დარბაისელი” – მაქმანით გაფორმებული თავსაბურავი

14 Apr 2016

Startauperi
Startauperi


darbaiseli 1ქეთი ჯინჭარაძემ მაქმანებით გაფორმებული თავსაბურავი  პირველად პირადი გამოყენებისთვის შეიკერა, მაგრამ ნაკეთობამ იმდენად დიდი ყურადღება მიიქცია, გადაწყვიტა თავსაბურავების შექმნა საქმიანობად ექცია. ასე შეიქმნა ბრენდი “დარბაისელი”.

M: როგორ დაიწყო ბრენდ “დარბაისელის” ისტორია – რა იყო პირველი ნაბიჯები ?

“დარბაისელის” იტორია იმ დღიდან იწყება, როდესაც შევიკერე პირველი თავსაბურავი პირადი გამოყენებისთვის. ეს იყო ჩემი საცდელი ნამუშევარი. მას აქტიურად ვიყენებდი  სხვადასხვა ღონისძიებებზე. თავსაბურავი ყველგან დიდ ყურადღებას იქცევდა, სწორედ აქ გაჩნდა იდეა შემექმნა საკუთარი ბრენდი.

ბიზნესი თავიდან სულ რაღაც 200 ლარით დავიწყე. მასალა მხოლოდ რამდენიმე თავსაბურავზე მეყო… ბრენდს ეწოდება “დარბაისელი”, ხოლო კონკრეტულად თავსაბურავებს – “ქეთასეული”. ბრენდი “დარბაისელი” არ აპირებს მხოლოდ “ქეთასეული” თავსაბურავით შემოიფარგლოს. ვაპირებ მაქმანები გამოვიყენო სხვადასხვა ტიპის სამოსზეც.

darbaiseli 3M: გვიამბეთ სახელისა და ლოგოს შესახებ 

თავსაბურავი უძველესი ხანიდანვე ადამიანის სოციალური მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშანი გახლდათ. მის ფორმას განსაზღვრავდა გეოგრაფიული გარემო, სამეურნეო-ეკონომიკური პირობები და ეთნოგრაფიულ ერთეულთა კულტურულ-ისტორიული ტრადიციები. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, დაგვერქვა ბრენდისთვის “დარბაისელი” – ქართველი ქალის მშვენება. ბრენდის სახელის ავტორი გიგა აბულაძეა, ხოლო ლოგოს ავტორი- შოთა ჩინჩალაძე.

ამ ეტაპზე მარტო ვმუშაობ და ვქმნი, იდეებს და ფანტაზიებს არ ვუჩივი, ვაკეთებ შეზღუდული რაოდენობით, რადგან არ მესმის ცნება – გააბევრე და გააიაფე! ამიტომ  მხოლოდ ონლაინ შეკვეთებზე ვმუშაობთ.

darbaiseli 4M: რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ ბიზნესის დაწყების პროცესში ? 

სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ კარგი და ხარისხიანი მაქმანი ძალიან ძვირია, თანაც ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მწირი არჩევანია. ხშირად მაქმანის გამოწერა amazon-დან მიხდება. მოცემული ვალუტის კურსიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება თავსაბურავის ფასზეც.

ასევე, საკმაოდ ძვირია ფოტოსტუდიების მომსახურებაც.

M: როგორია დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან ?

დაინტერესება საკმაოდ დიდია, მაგრამ სამწუხაროდ ქართველ მომხმარებელს ფასი ხშირად აბრკოლებთ. თაბსაბურავები ასევე განთავსებული გვაქვს ebay-ზეც. ბევრი უცხოელი მომხმარებელი დაინტერესდა, განსაკუთრებით კი მწვანე ფერზე იყო დიდი მოთხოვნა.

 

darbaiseli 5M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები ?

ახლა მესაჭიროება სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, მყარი განვითარებისთვის და გაფართოვებისთვის. უზარმაზარი სურვილი მაქვს ჩემს ნაწარმში უფრო მეტი მრავალფეროვნება შევიტანო. მესაჭიროება კიდევ უფრო მრავალფეროვანი სამუშაო მასალები, ფლაერები-საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე მარნებსა და სასტუმრო-კომპლექსებში განსათავსებლად, სადაც ტურისტები ყოველდღიურად დადიან. ამით მინდა ჩემი მცირე წვლილი შევიტანო ქართული რეწვის განვითარებაში.

 



განხილვა