in

დარეჯან მალაღურაძე – #პირველისამსახური

ახლა ჩვენს რეალობაში ის ეტაპია, როდესაც ყოველ საღამოს, კომენდანტის საათის მოლოდინში, დროდადრო გაგვიელვებს ხოლმე ფიქრი იმაზე, როგორ  შეიცვლება ჩვეული ყოველდღიურობა პანდემიის დასრულების შემდეგ. გონება ერთდროულად უამრავ მოსალოდნელ სცენარს ამუშავებს: რა იქნება შემდეგ? რა გველის? როგორ მოვიქცევით? დაბრუნდება ძველებური ყოფა თუ სამუდამოდ შევიცვლებით? ასეთი მღელვარება რაღაცით პირველი სამსახურის ძიებას ჰგავს, როდესაც სრულიად ახალ რეალობაში აბიჯებ და ჯერ კიდევ არ იცი, რა შესაძლებლობამდე შეიძლება მიგიყვანოს ამ გზამ. დღეს, დარეჯან მალაღურაძის პირველი სამსახურის შესახებ გიამბობთ.

დარეჯან მალაღურაძე

ყოველთვის მომწონდა აქტიური, დამოუკიდებელი და წარმატებული ქალები. მათზე ბევრს ვკითხულობდი და ვცდილობდი მათნაირი ვყოფილიყავი. მახსოვს, სკოლის დამამთავრებელ კლასში ვიყავი, როცა განსაკუთრებული სურვილი გამიჩნდა დამეწყო მუშაობა. 17 წლის ასაკში, გასაუბრების საფუძველზე, მოხალისედ დავსაქმდი ასოციაცია „გენეზისში“. მიმიზიდა ორგანიზაციის საქმიანობის სფერომ – ასოციაცია ორიენტირებული იყო ქუჩის ბავშვების, ობლებისა და მოსახლეობის გაღატაკებული ფენების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე, საჭირო გახდა საკომუნიკაციო პოლიგრაფიული მასალის მომზადება, რაშიც აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი და ჩემთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა შემემუშავებინა კონტენტი/ტექსტი, რომელიც გარე აუდიტორიისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ახლაც მახსოვს, როგორი პასუხისმგებლობით და მონდომებით მოვეკიდე ამ საქმეს, ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და ხელმძღვანელი პირების დახმარებით, ერთობლივად შევქმენით ჩემი პირველი ბროშურა, რომელიც მოსახლეობაში თავად გავავრცელე.

პირველი სამსახურის შემდეგ მალევე, დავინტერესდი სადაზღვევო სფეროთი და მუშაობა კომპანია „ალდაგში“ სადაზღვევო აგენტად გავაგრძელე. ეს იყო წარმოუდგენელი გამოცდილება, როდესაც პირველ სამუშაო დღეს, ჩემდა გასაკვირად, შევძელი გაყიდვების ოფისში მიმეტანა ყველაზე მეტი შევსებული განაცხადი. არ მავიწყდება ჩემი ხელმძღვანელის რეაქცია, განაცხადების გადათვლის შემდეგ, როგორი აღფრთოვანებული იყო ჩემი მუშაობით. ეს იყო პირველი გამოცდილება, როცა დავფიქრდი საკუთარ უნარებზე, რა იყო ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. მას შემდეგ, ამ ორი კომპონენტის ანალიზს, უკვე პროფესიულ დონეზე, მუდმივად ვაკეთებ და აქტიურად ვმუშაობ, ჩემი სისუსტე ძლიერ მხარედ გარდაქმნის შესაძლებლობად ვაქციო.

დარეჯან მალაღურაძე – იუსტიციის სახლის მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურის მრჩეველი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი.

ავსტრალიური მარილის ტბების საიდუმლო [ფოტოსერია]

Facebook-ის პასუხი Zoom-ს – ახალი პროდუქტი – Messenger Rooms