in

“ერთადერთი, რასაც ვნანობ არის ის, რომ 26 წლამდე ჩემი ბიზნესი არ დავიწყე!” – ბიზნეს კონსულტანტი და ანტრეპრენუარი დარიუშ სოუდი

დარიუშ სოუდი ანტრეპრენუარი და ბიზნეს კონსულტანტია. წარმოშობით ირანელი ბიჭუნა, 14 წლის ასაკში, დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო კიდეც მისი კარიერა. შემდეგ კი, როდესაც თავი საკმარისად გამოცდილად ჩათვალა, დუბაიში საკუთარი საკონსულტაციო სააგენტო შექმნა – Be Unique Group. მისი თქმით, დღესდღეობით, სააგენტოში 100 თანამშრომელია დასაქმებული, ხოლო წარმომადგენლობა 3 ქვეყანაშია გახსნილი, მათ შორის, საქართველოშიც.

ბავშვობის ოცნებები

დავიბადე და გავიზარდე თეირანში. 4 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა და საცხოვრებლად გადავედით ნათესავებთან, სადაც 9 ოჯახი ერთად ვცხოვრობდით.

მალე ირანში სამოქალაქო ომი დაიწყო და მე დედასთან და დასთან ერთად, მიგრაციაში, გაერთიანებულ სამეფოში გადავედი. დედა ძალიან ბევრს შრომობდა და ცდილობდა გამკლავებოდა რთულ სიტუაციას ემოციურად და ფინანსურად, ის უდიდეს სტიმულსა და მოტივაციას მაძლევდა, ამიტომ მიზნად დავისახე გავმხდარიყავი ძლიერი ადამიანი და ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა. მე მჯეროდა, რომ შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი და აუცილებლად მივაღწევდი დიდ წარმატებას. მუდმივად ვოცნებობდი მემოგზაურა მსოფლიოს გარშემო, მქონოდა ბევრი სახლი, მანქანები და სიმდიდრე იმისათვის, რომ დედაჩემის ყველა ოცნება ამესრულებინა.

პირველი სამსახური

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მინდოდა მქონოდა ჩემი შემოსავალი და მჯეროდა, რომ სამსახურს აუცილელად ვიშოვიდი, ამიტომ წამოვედი სკოლიდან. ჩემი პირველი სამსახური ფაქსის მანქანების გაყიდვით დაიწყო. რა თქმა უნდა, ბევრჯერ დავმარცხდი, თუმცა ეს კიდევ უფრო მეტ ძალასა და მოტივაციას მაძლევდა. ჩემი მიზანი იყო, რომ ყოველთვის ბოლომდე მებრძოლა მიზნის მისაღწევად და არასოდეს დავნებებულიყავი. პარასკევს, როდესაც ჩემი თანამშრომლები სამუშაო დღეს ადრე ამთავრებდნენ, მე გაორმაგებული შემართებით ვიწყებდი მუშაობას, ვრეკავდი კომპანიებში და ვთავაზობდი ჩვენს პროდუქტს. ზუსტად ვიცოდი, რომ პარასკევევ საღამოს ყველა კომპანიის მენეჯერი აუცილებლად ოფისში იქნებოდა, სწორედ ამ დროს ვყიდდი ყველაზე მეტს და ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდი გეგმას. კარგად მქონდა გათავისებული ის აზრი, რომ თუ მსურდა წარმატებისთვის მიმეღწია, აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი საუკეთესო ჩემს კონკურენტებს შორის.

კარიერა

ფაქსის მანქანებიდან გადავინაცვლე ტელეკომუნიკაციების სფეროში და დავიწყე მობილური ტელეფონების გაყიდვა. 12 თვის შემდეგ დამაწინაურეს, გავხდი უფროსი გაყიდვების მენეჯერი და ჩამაბარეს 50 კაციანი გუნდი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით. ჩემი გუნდის შედეგები ყოველთვის საუკეთესო იყო, თუმცა მივხვდი, რომ მზად ვიყავი აღარ მემუშავა სხვისთვის და შემექმნა საკუთარი კომპანია. ჩემი პირველი კომპანია 26 წლის ასაკში შევქმენი და მას შემდეგ უკან აღარასდროს მომიხედავს.

ახლა

დღეს, მე ვმართავ საკუთარ გაყიდვებისა და მარკეტინგის საკონსულტაციო კომპანიას, ასევე ვარ ბიზნეს კონსულტანტი და ვეხმარები კომპანიებს წარმატების მიღწევაში.

ოჯახი

მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში დიდ წარმატებას მივაღწიე, ჩემი მთავარი სიმდიდრეს ჩემი ოჯახი წარმოადგენს, მყავს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

ანტრეპრენუარი

ბავშვობიდან ძალიან დიდი ინტერესი მქონდა ბიზნესის მიმართ. 15 წლისას სტუდენტური გაერთიანების ფინანსური მენეჯერი გავხდი, მაშინ მივხვდი, რომ შემეძლო სწორი ბიუჯეტირება და საქმის მართვა. როდესაც საკუთარი ბიზნესი დავიწყე, რისკზე წასვლა ჩემთვის ბუნებრივი და ჩვეული რამ გახდა, არასდროს მეშინოდა მომავლის და ყოველთვის თავდაჯერებულად ვიღებდი გადაწყევტილებებს, რა თქმა უნდა, ზოგჯერ შევცდი, მაგრამ აღმოვაჩინე ძალიან მნიშვნელოვანი რამ – არასდროს მეშინოდა სიახლის და ყოველთვის ვცდილობდი გამომეყენებინა ახალი შესაძლებლობები, რათა მიზნისთვის მიმეღწია.

დღეს, როდესაც მაქვს საკუთარი კომპანია, ჩემთვის მთავარი მოტივატორი არის ჩემი ოჯახი, ასევე, ვარ სპიკერი და ბიზნეს ტრენერი, ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გავუზიარო, მაგალითი მივცე ახალგაზრდებს და ვუთხრა, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ ისინი მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებენ.

რას ნანობს

ერთადერთი რამ, რასაც ნამდვილად ვნანობ არის ის, რომ 26 წლამდე ჩემი ბიზნესი არ დავიწყე.

ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც დაშვებული შეცდომებიდან ისწავლა

რაც ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებიდან ვისწავლე არის ის, რომ ვთქვა “არა” და დავაფასო ჩემი ღირებულებები. ხშირად დგება მომენტი, როცა გვიძნელდება “არას” თქმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არასწორად ვიქცევით. დღეს მე უფრო მეტი სიფრთხილით ვარჩევ ადამიანებს, ვისთანაც მაქვს საქმიანი ურთიერთობა და ვაფასებ ჩემი დროის ყოველ წუთს.

რა არის მისთვის წარმატება

ჩემთვის წარმატება ნიშნავს დადო თავი ბალიშზე და მშვიდად დაიძინო.

სამი უნარი, რომელიც, მისი აზრით, უნდა ჰქონდეს ანტრეპრენუარს

ყველა ანტრეპრენუარს უნდა ჰქონდეს დისციპლინა, ოპტიმიზმი და საქმეზე მაქსიმალურად ფოკუსირების უნარი.

„სწავლება მორგებული უნდა იყოს რეალურ ცხოვრებასა და ბავშვის ინტერესებზე“

გოგონები, რომლებიც ყოველთვის შენთან იყვნენ, ერთ დღესაც შეიძლება გაქრნენ! – კამპანია მკერდის კიბოს წინააღმდეგ