in

Dark Mode vs Light Mode — საკითხავი ეს არის

დროთა განმავლობაში ბრაუზერებსა თუ აპლიკაციებში მუქი და ნათელი რეჟიმი უბრალოდ ესთეტიკასთან დაკავშირებულ საკითხს გასცდა და კულტურულ ფენომენად იქცა. დიზაინერები შესაბამის ფერთა პალიტრაზე მუშაობენ, რათა ორივე მოთხოვნა სათანადოდ დააკმაყოფილონ. და ვინაიდან ამ ორს შორის დაპირისპირებულთა მხარეები თითქმის თანაბარი რაოდენობითაა, საინტერესოა, მეცნიერულად როგორ იხსნება კონკრეტული არჩევანი.

მუქი რეჟიმის დამცველები ამტკიცებენ, რომ ეს უფრო მისაღებია თვალებისთვის, ნაკლებად სტკენს თვალებს და ცისფერი სინათლის ზემოქმედებასაც ამცირებს. რეალურად, ეს ცისფერი შუქი მელატონინის გამოყოფას აფერხებს, ჰორმონის, რომელიც ძილზეა პასუხისმგებელი — ამიტომაც მათ ახსნაში არის რაღაც ლოგიკური. უბრალოდ, გარდა ამ გამოსხივებისა, ზოგადად ეკრანთან გატარებული დროც მოქმედებს ძილის ხარისხზე თუ თვალების ჯანმრთელობაზე. ამასთანავე, მუქი რეჟიმისას მეტად იზოგება სმარტფონის თუ ლეპტოპის ბატარეის ხანგრძლივობა.

მეორე მხრივ, ნათელი რეჟიმის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ნაკლებად გადატვირთულია ვიზუალურად და წაკითხვაც გაცილებით ადვილია. დღის სინათლეზეც ეს რეჟიმი უკეთესი არჩევანია, რადგან მუქის შემთხვევაში რთულდება გამოსახულებების დანახვა. ასევე აუცილებელია იმის აღიარება, რომ უპირატესობა შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის აქტივობიდან გამომდინარე. მაგალითად, ადამიანებმა შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ ნათელ რეჟიმს კითხვისთვის, მუქს კი — ვიდეოების საყურებლად. ამიტომ, გამოყენების კონტექსტის გაგება უპირობოდ მნიშვნელოვანია ამ სტატისტიკის შეფასებისას.

UXDesign.cc-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დიზაინერების 58.7%-ს ურჩევნია Dark Mode-ის გამოყენება მათი ინტერფეისისთვის. მიზეზად კი თვალების ნაკლებ დაძაბვას და უკეთეს ფოკუსირებას ასახელებენ. თუმცა ეს პირდაპირ მომხმარებლის უპირატესობად არ ითარგმნება, რადგან ფართო პოპულაციაში რიცხვები ბევრად კომპლექსურად იყოფა. აქ კი ისიც გასათვალისწინებელია, რაც ტექსტის გარჩევადობასთან მიმართებით ვახსენეთ — მუქ რეჟიმს აკლია ასო-ბგერების კონტრასტი, რაც პოტენციურ გამოწვევას წარმოადგენს მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ამის საპირისპიროდ, Light Mode-ს შეიძლება ზედმეტად მაღალი სიკაშკაშე ჰქონდეს, რაც ასევე ნეგატიურად მოქმედებს კითხვაზე.

ამიტომაცაა, რომ UX დიზაინერები ყოველთვის ტოვებენ არჩევანის შესაძლებლობას. მაგალითად, ბნელი რეჟიმი განსაკუთრებით მოსწონთ სპეციფიკური კოგნიტიური ჩვენებების მქონე პირებს — როგორიცაა ირლენის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარკვეული ტიპის სინათლის მიმართ.

გარდა ამ მეცნიერული ახსნებისა, ექსპერტები ბიზნესის პრიზმიდანაც აფასებენ არჩევანს. მაგალითად, მომხმარებლებმა შეიძლება Dark Mode დააკავშირონ თანამედროვე, უახლესი ბრენდის იდენტობასთან. Meta-მაც განაცხადა, რომ ადამიანების ჩართულობა 15%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფეისბუქსა და ინსტაგრამზე მუქი რეჟიმის ალტერნატივა დაინერგა.

მთლიანობაში, Dark Mode vs Light Mode დებატები მხოლოდ ესთეტიკას არ ეხება; ის უამრავ მოსაზრებას მოიცავს, დაწყებული ფსიქოლოგიითა და ფიზიოლოგით, დასრულებული ხელმისაწვდომობითა და ბიზნესით. მრავალი დადებითი მხარისა თუ ნაკლის ფონზე კი არცერთი მათგანის ობიექტური უპირატესობა არ იკვეთება — თითოეულს თავისი ღირებულება აქვს.

თიბისის მორიგი Tech Meetup-ი Agile-ის თემას დაეთმო

„სულ ვცდილობთ, რომ რაღაც ახალი დავნერგოთ, რითაც გავზრდით მოსავალს და ჩვენი ხორბლის ხარისხს“ — ბაქარ მუმლაძე