23
Jan
2020

თვითკონტროლის ბნელი მხარე

23 Jan 2020

შესაძლებლობა, გადაჭრან ისეთი მოკლევადიანი ამოცანები, რომლებიც გრძელვადიან მიზნებთან სრულ კონტრასტშია, წარმატებული ადამიანების გამორჩეულ მახასიათებლებს შორისაა. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომელთაც ძლიერი თვითკონტროლის უნარი აქვთ, გამოირჩევიან უკეთესი ჯანმრთელობით, ურთიერთობებით, ფინანსური და კარიერული მდგომარეობით. ამავდროულად, მათ ნაკლებად აქვთ პრობლემა არაჯანსაღ კვებასთან, გადახარჯვასთან, მოწევასთან, ალკოჰოლიზმთან და ნარკოტიკებთან, ასევე, არაეთიკურ ქცევასთან. ყოველივე ეს ძალიან სასარგებლოდ ჩანს – მაღალი თვითკონტროლის უნარის მქონე ადამიანები უფრო კმაყოფილები არიან ცხოვრებით და მის არსსაც უფრო მძაფრად შეიგრძნობენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაგრამ ყოველთვის სასარგებლოა წინააღმდეგობების გაწევა? ერთ-ერთი კვლევის თანახმად, თვითკონტროლსაც აქვს ბნელი მხარე, რომელსაც ორგანიზაციულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გართულებები ახლავს.

თვითკონტროლს შეუძლია შეამციროს ემოციის აღქმა და გამოხატვა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეუძლიათ წინააღმდეგობებთან გამკლავება დიდი თვითკონტროლის მქონე ადამიანებს, არის ის, რომ ისინი ნაკლებად განიცდიან ემოციურ სურვილებს. თუმცა, ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ ეს ადამიანები ზოგადად რეაგირებენ ნეიტრალურად. მაგალითად, თვითკონტროლის მაღალმა დოზამ თანამშრომლებს შეიძლება ხელი შეუშალოს მიღწევებით სრულყოფილად ტკბობაში, საკმარისად ვერ განიცადონ დაწინაურების სიხარული ან შესანიშნავი შედეგები.

თვითკონტროლს შეუძლია მიგვიყვანოს ხანგრძლივ სინანულთან. როდესაც ადამიანები ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე, ისინი, როგორც წესი, ნანობენ იმას, რომ ზედმეტ თვითკონტროლს ავლენდნენ რაღაც მომენტებში. შეიძლება, სიამოვნების მიღებას, კვლავ და კვლავ, მუშაობას ამჯობინებდნენ. ეს სინანული ვლინდება შემდეგ, როდესაც ვაცნობიერებთ, რამხელა მსხვერპლზე მივდიოდით, როდესაც ღამეებს საქმეში ვათენებდით და ის, რითაც გვინდოდა დავმტკბარიყავით, გამოგვეპარა.

თვითკონტროლს შეუძლია დატვირთვის გაზრდამდე მიგვიყვანოს. ადამიანები მიდრეკილები არიან, დაეყრდნონ მაღალი თვითკონტროლის მქონე პირებს. ამდენად, სრულიად ბუნებრივად, უფრო მეტი დავალება და საპასუხისმგებლო საქმე მიედინება თვითკონტროლის მქონე ადამიანთან, რადგან ყველამ იცის – ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ასეთი ადამიანები ყველა საქმეში წარმატებულები ჩანან, მათ შორის, ანტისოციალურ საქმეებშიც. ამასთან, თვითკონტროლის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ნაკლებად მონაწილეობენ არაკანონიერ ან ანტისოციალურ საქმეებში (მანქანის უპასუხისმგებლოდ მართვა ან თაღლითობა), ვიდრე ისინი, ვისაც დაბალი თვითკონტროლი გააჩნიათ. თანაც, უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ ასეთ საქმეებში მონაწილეობის შემთხვევაშიც კი, ისინი დაიჭირონ. ამავდროულად, თუკი არაეთიკურად მოიქცევიან, ამ საქმეშიც შეუმჩნეველნი და დაუსჯელნი დარჩებიან. ისინი უკეთ ერგებიან სოციალურ ნორმებს მაშინაც კი, როდესაც ეს ნორმები მავნებლურ ქცევებს მოიცავს (აკრძალული ნარკოტიკების მოხმარება და ა.შ.).

თვითკონტროლი ყველასთვის არ არის. ზოგიერთი ადამიანისთვის, თვითკონტროლს შეუძლია გაუცხოება მოუტანოს, თითქოს, ისინი ვალდებულნი არიან, დათრგუნონ საკუთარი ნამდვილი არსი. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებისას გრძნობებს უფრო ენდობიან, ვიდრე გონებას. ეს ადამიანები ნაკლებად დაკმაყოფილებულები რჩებიან ხოლმე. მაგალითად, თანამშრომელი, რომელიც გრძნობებს უფრო ენდობა, უკმაყოფილოა მაშინაც, თუკი შეძლო და რთულ გამოწვევას ცივ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუმკლავდა. მას გაუცხოების შეგრძნება ეუფლება იმის გამო, რომ საკუთარ შინაგან სურვილსა და მიდრეკილებას ზურგი აქცია ან, მაგალითად, სხვა მოთხოვნილებებზე თქვა უარი – მეგობრებსა და ოჯახთან ერთად დროის გატარების ნაცვლად, სამსახურში გვიანამდე შემორჩა.

თვითკონტროლმა შეიძლება მიკერძოებულობისკენ მიდრეკილება გამოიწვიოს. კანონმდებლები ხშირად სოციალურ პრობლემებს (მაგალითად, ჭარბი ჭამა, გადახარჯვა, მოწევა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება, კრიმინალი და ა.შ.) თვითკონტროლის პრობლემად ხედავენ. თუმცა, ასეთი აქცენტი თვითკონტროლზე შესაძლოა უგულვებელჰყოფდეს პრობლემის სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სათავეს. მაგალითად, სიმსუქნე და საკვების ჭარბი მიღება უნებისყოფობასთან შეიძლება დააკავშირონ და სრულიად დაავიწყდეთ ის ფაქტი, რომ ამის მიზეზი საკვების გაძვირებასა და თავად საკვების ხარისხთან ან მჯდომარე სამუშაო გარემოსთან შეიძლება იყოს კავშირში. ეს ცალსახა მიდგომა ამყარებს იდეოლოგიას და ბრალი თავად ადამიანზე გადადის და არა საერთო გარემოზე. ამგვარად, სოციალური პრობლემა მარტივად გადაიქცევა ხოლმე საკუთარი თავი მიმართ დაუდევარ მიდგომად. ასეთივე მიდგომა არის, როდესაც ხელმძღვანელი არარეალურ დედლაინში ვერ შესრულებული სამუშაოსთვის შენიშვნას თანამშრომელს აძლევს და პრობლემას ცუდად დათქმულ ვადებში ვერ ხედავს.

მნიშვნელოვანია, ადამიანს შეეძლოს საკუთარი თავის კონტროლი, კონკრეტული მიზნების მისაღწევად, თუმცა, თვითკონტროლის ერთადერთ გზად განხილვა, რაც წარმატებასა და ბედნიერებამდე მიგვიყვანს, მცდარია. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ და მივიღოთ საკუთარი სისუსტეები და შეზღუდვებიც. ეს არ ნიშნავს, რომ ვიფიქროთ, რაიმეს ვერ შევძლებთ ან თავს სიზარმაცისა და მოდუნლობულობის საშუალება მივცეთ. უბრალოდ, საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებლობა გვმართებს. ზოგჯერ, ამას უფრო მარტივად მივყავართ მთავარ მიზნამდე.

 

წყარო: HBR



განხილვა