in

როგორ შეუძლიათ რეკრუტერებს დასაქმების დაბალი ტემპის ეფექტურად გამოყენება?

გასული წლის დასაწყისს თუ გავიხსენებთ, HR-ებისთვის ნამდვილად კარგი პერიოდი იყო, რადგან ათწლეულების განმავლობაში ყველაზე აქტიური სამუშაო ბაზარი დაფიქსირდა — რეკორდული რაოდენობის ვაკანსიებითა და თანამდებობებიდან გათავისუფლებით. ახლა კი, 2023-ში, სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ: კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ დანახარჯების შემცირებას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მიუხედავად ამ შენელებული პერიოდისა, კომპანიებს ახლა შესაძლებლობა აქვთ, შეფერხება სტრატეგიულად გამოიყენონ. უფრო კონკრეტულად, აქ უნარების გაუმჯობესება და პროცესების გამარტივება იგულისხმება. და თუ ამას წარმატებით გააკეთებთ, როდესაც ახალი თანამშრომლების მიღება კვლავ მოგიწევთ, ბევრად მოგებული დარჩებით. სტატიაში სწორედ ამისათვის მოსამზადებელი 7 საუკეთესო გზაა მოცემული.

შექმენით და განავითარეთ თქვენი „ტალანტის ფონდი“

საუკეთესო ტალანტის მოზიდვა დიდი თამაშია. შესაძლოა, რეკრუტერებისთვის უინტერესო ჩანდეს პოტენციურ კანდიდატებთან დაკავშირება, რეალური ვაკანსიის გაჩენამდე. თუმცა ამ მეთოდის გამოყენება სრულიად მისაღებია მაშინ, როცა კომპანია „ჭეშმარიტი კავშირების“ დამყარებაზეა ორიენტირებული — თანაც, იმ ზეწოლის გარეშე, რომელსაც რომელიმე მხარე განიცდის პოზიციის გათავისუფლების ან სამუშაოზე განაცხადის დროს.

რა თქმა უნდა, საუბარი ცოტა განსხვავებული იქნება ღია პოზიციის არ არსებობისას. ამ კუთხით, მთავარია, გულწრფელი იყოთ და სიმართლე თქვათ მოცემული ვითარების შესახებ… თუ კანდიდატი დათანხმდება, განათავსეთ მათი მონაცემები განვითარების გრძელვადიან კამპანიაში, რომელიც რეგულარულად აგზავნის პერსონალიზებულ კონტაქტებს თქვენი ორგანიზაციის, კორპორატიული კულტურის, გუნდისა და პროდუქტის შესახებ.

განსაზღვრეთ ტექნიკური შესაძლებლობები

დასაქმების პროცესის შეჩერებისას, კომპანიის ქვედა ნაწილზე გავლენის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ტექნოლოგიური ნაკრების ინსტრუმენტების სრული აუდიტი და შეფასებაა: თქვენი კანდიდატის ტრეკერი, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ინსტრუმენტი, საძიებო პლატფორმები, ელ.ფოსტის საძიებო ინსტრუმენტები, ინტერვიუს დამგეგმავები და ა. შ. ნებისმიერი ასეთი ინსტრუმენტი ეფექტურობისა და გამოყენების პრინციპის მიხედვით დაალაგეთ და დაადგინეთ, რომელი მათგანი უნდა შეინარჩუნოთ, განავითაროთ ან შეცვალოთ.

გაზარდეთ მრავალფეროვნება

მრავალფეროვანი თანამშრომლების აყვანა დელიკატური და შრომატევადი პროცესია, რომლის კონტროლიც საკმაოდ რთულია — განსაკუთრებით მაშინ, როცა დასაქმების აქტიური პერიოდია. სწორედ ამიტომ, 2023 და, ზოგადად, შენელება, საუკეთესო დროა, რათა უკეთესი და ობიექტური დაქირავების პროცესების შექმნაზე ფოკუსირდეთ.

დაიწყეთ თქვენი გუნდის მიერ გავლილი გასაუბრებების გულდასმით გადახედვით. არის თუ არა გარკვეული კითხვები, რომლებიც კანდიდატის კვალიფიკაციას არ ამოწმებს? თუ ასეა, შეგიძლიათ ისინი ან შეცვალოთ, ან სრულიად ახალი კითხვები შეადგინოთ.

გარდა ამისა, სათანადო დრო უნდა დაუთმოთ მონაცემების გადახედვას: ხომ არ არის გარკვეული ეტაპები, როდესაც კანდიდატები არაპროპორციულად ტოვებენ გასაუბრების რომელიმე ეტაპს? არიან თუ არა HR-ები, რომლებიც მუდმივად ამცირებენ კანდიდატების რაოდენობას? ახლა სწორედ ამ საკითხებზე ფოკუსირებისა და მათი გადაჭრის დროა.

თქვენს გუნდს ახალი უნარები შესძინეთ

თუ თქვენს გუნდს ჩვეულებრივზე ნაკლები დატვირთვა აქვს, იფიქრეთ მათი უნარების გაუმჯობესებაზე. მიეცით დრო და საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები შეაფასონ; შემდეგ კი შეიმუშავეთ გეგმა, რათა პროფესიული ხარვეზები გამოასწოროთ და მზარდ განვითარებას შეუწყოთ ხელი. მაგალითად, კარგი იქნება ონლაინ კურსების გავლა და სერტიფიკატების მიღება — ეს ცოდნისა და საჭირო უნარების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, რაც კომპანიისთვის ადამიანურ რესურსში ჩადებული ინვესტიციაა.

მყარი კავშირი დაამყარეთ HR-ებთან

პროფესიონალი ადამიანების მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რეკრუტერებსა და HR-ებს შორის მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. ორგანიზაციები, რომლებიც HR-ების კმაყოფილებას აუმჯობესებენ, სამჯერ ნაკლებ დროს ანდომებენ კანდიდატის ძიების პროცესს და გაცილებით კარგ თანამშრომლებსაც იზიდავენ.

შეგიძლიათ, ეს ურთიერთობები სწორედ მაშინ განავითაროთ, როცა დასაქმების ტემპი ნელია. გამოყავით დრო დეტალების გადასახედად, რათა დაქირავების ხარისხიც გააუმჯობესოთ. ასევე, ეს კარგი პერიოდია იმის გასარკვევად, რომელ როლებს მიენიჭება უპირატესობა ვაკანსიების გამოცხადებისას — შესაბამისად, საჭირო რესურსებსაც დროულად მოამზადებთ.

ხშირად იკონტაქტეთ ახალ თანამშრომლებთან

ალბათ, დამსაქმებლებისთვის ძალიან კომფორტულია ახალი თანამშრომლებისთვის საქმის მინდობა და ამოსუნთქვა, რომ ღია ვაკანსია შეავსეთ… თუმცა პირველი 6 თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია კავშირის შესანარჩუნებლად, რადგან ახალი თანამშრომლების 86% მაშინ წყვეტს, დარჩება თუ არა კომპანიაში. ამიტომაც, „შეფერხება“ გამოიყენეთ ახლად დაქირავებულ ადამიანებთან საკონტაქტოდ, გაიგეთ, როგორია მათი ყოველდღიური მუშაობის გეგმა თუ პრინციპი.

ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს უკვე არსებულ თანამშრომლებთან ურთიერთობას, არამედ პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაციასაც გააადვილებს.

გააძლიერეთ ბრენდის იდენტობა

შეაფასეთ რა რესურსები გაქვთ და რა გჭირდებათ თქვენი კომპანიის შესახებ დამაჯერებელი ნარატივის შესაქმნელად, იქნება ეს ბლოგპოსტები, ვიდეოები, პოდკასტი თუ სხვა. გარდა ამისა, აქტიურად უნდა ადევნოთ თვალი თანამშრომელთა უკუკავშირს, ხშირად დასმულ შეკითხვებს. რეალურად, ახალი კონტენტის შექმნა და სოციალურ ქსელებში გაზიარება საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს იდენტობის გამოსავლენად.

. . .
მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების შენელებული ტემპი რთულ ეტაპად გვესახება, ის ასევე შეიძლება საუკეთესო მომენტი იყოს თქვენი რეკრუტირების გუნდის ღირებულებისა და შესაბამისობის წარმოსაჩენად.

წყარო: HBR



რატომ უნდა გამოიყენოთ Big Data ბრენდის სტრატეგიის შექმნისას?

ხელოვნური ინტელექტის პროგრამამ Family Guy 80-იანების სიტკომად გარდაქმნა