in

3 რამ, რაც დასაქმებულმა მშობლებმა სკოლის დაწყებამდე უნდა გააკეთონ

თუ ხართ მშობელი და სკოლის ასაკის ბავშვებიც გყავთ, კარგად გეცოდინებათ, რომ სასწავლო წლის დაწყებას დიდი ლოჯისტიკა სჭირდება. თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკი კიდევ ცალკე გამოწვევაა, მაგრამ არსებობს 3 საკითხი, რაც წინასწარ შეგიძლიათ გააკეთოთ და ასე ბავშვების სკოლაში დაბრუნების ქაოსიც შეამსუბუქოთ:

1. სკოლის პირველ კვირებში დილის შეხვედრები არ ჩანიშნოთ

კარგად ვიცით, რომ სკოლის დაწყების პირველი რამდენიმე კვირა გამოწვევებითაა სავსე, ამიტომ, კარგი იქნება, თუ უკვე დაიწყებთ ამისთვის მომზადებას. სამუშაო კალენდარს გადახედეთ და ფოკუსირდით ახალი სასკოლო წლის პირველ ორ კვირაზე. ეცადეთ, ამ კვირებში სამუშაო დღეების პირველი 1.5 საათი შეხვედრებს არ დაუთმოთ. ეს მეტ მოქნილობას მოგცემთ და ნაკლებად დაგსტრესავთ — მარტივად რომ ვთქვათ, დილით ბავშვის ტირილი ან წუწუნი, რომ სკოლაში წასვლა არ უნდა, ნაკლებად სტრესულია, როცა გადაუდებელი შეხვედრა არ გაქვთ.

მსგავსად, თქვენი სამუშაო დღის ბოლო 30-60 წუთი დაბლოკეთ პირველი რამდენიმე კვირა. აღმოაჩენთ, რომ სამსახურსაც უფრო ადრე დატოვებთ და ბავშვის მოკითხვასაც დროულად შეძლებთ, ესეც მეტ მოქნილობას მოგცემთ. 

2. შეისწავლეთ სკოლის კალენდარი

თუ შესაძლებელია, ნახეთ, რა ღონისძიებებია სკოლაში დაგეგმილი. შემდეგ კი ეცადეთ, სამუშაო განრიგი ისე გაათავისუფლოთ, რომ მათ მნიშვნელოვანი პროექტები ან შეხვედრები არ დაემთხვეს. ამასთან, წინასწარ განსაზღვრეთ, რა დაგჭირდებათ კონკრეტული ღონისძიებისთვის და ეცადეთ, ყველაფერი მანამდე მოაგვაროთ. 

ოღონდ არ გეგონოთ, რომ თქვენს ტვინს რაღაცები ავტომატურად ემახსოვრება, წვრილმანებიც კი კალენდარში გადაიტანეთ, რათა მენტალური ტვირთისგან გათავისუფლდეთ.

3. დაგეგმეთ შოპინგი

დაფიქრდით, რისი ყიდვა გჭირდებათ სკოლისთვის, იქნება ეს ახალი ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები თუ სპორტული აღჭურვილობები. არც სკოლის ლანჩი და ხემსი დაგავიწყდეთ. შემდგომ კი კალენდარში ჩასვით, როდის, რას გააკეთებთ. ასე ბოლო წამის გადარბენებსაც აირიდებთ თავიდან და სტრესსაც შეიმსუბუქებთ. გეცოდინებათ, რას რამდენი დრო უნდა დაუთმოთ და მის პროდუქტიულად გამოყენებასაც მოახერხებთ. 

ხშირად ყველაფერი თავში გვიტრიალებს, სახლის, სკოლისა და სამსახურის საქმეები ერთმანეთში ირევა და მათი მართვაც რთული ხდება. ამიტომ, თუ ყველა გეგმას კალენდარში გაწერთ, ზაფხულის თავისუფალ დროსაც პროდუქტიულად გამოიყენებთ და სასკოლო წლის დაწყებაც ნაკლებად სტრესული გახდება თქვენთვის.

როგორ გავატაროთ შვებულება კარგად, როცა საქმეებს სრულად ვერ ვშორდებით

Deadpool & Wolverine — მარველ სტუდიოსა და ადიდასის ფეხსაცმლის კოლექცია