in

დასაქმდი ან დაასაქმე – ფრილანსერების ახალი პლატფორმა iDo.ge

 Freelancer – ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს „თავისუფალ მებრძოლს“. დღეს ფრილანსი ფაქტიურად წარმოადგენს მექანიზმს, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული პირი ან კომპანია გარკვეული ამოცანისთვის ქირაობს სხვა პირს, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს სხვა ქალაქში, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში. ფრილანსმა ფართო პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტის განვითარებასთნ ერთად: საინფორმაციო ქსელის და საბანკო ტექნოლოგიების განვითარებამ თანამშრომელთა გარკვეულ კატეგორიებს, ოფისებში სულ უფრო იშვიათი გამოჩენის საშუალება მისცა, ხშირ შემთხვევბში კი საერთოდ გაქრა ამის აუცილებლობა. მრავალი კომპანია თუ კერძო პირი შტატში აყვანის გარეშე ამჯობინებს ფრილანსერებისთვის სხვადასხვა დავალებების დაკვეთას. სწორედ ამ მიზნით შეიქმა ახალი პლატფორმა www.iDo.ge , დეტალური ინფორმაციისთვის მარკეტერი iDo.ge -ს დირექტორს – შაკო თავგორაშვილს ესაუბრა.

 ShakoM: როგორ გაჩნდა iDo.ge შექმნის იდეა ?

ქართული ფრილანს პლატფორმის შექმნის იდეა დაახლოებით 2 წლის წინ დაიბადა. პროექტის ავტორი და თავად პლატფორმის შემქმნელი შოთა მეგრელიშვილია. თანდათანობით მას გუნდის დანარჩენი წევრებიც შევუერთდით. დღეს www.iDo.ge, დაახლოებით, 10 წევრისაგან შემდგარი გუნდია. გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა დაუღალავი შრომისა და ნებისმიერი სირთულეების გადალახვისთვის. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უცხოეთში დიდი ხნის დანერგილი, წარმატებული პრაქტიკაა. ცხადია, საქართველოში დიდი ხანია არსებობენ ერთეული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სამართლიანად უწოდებენ ფრილანსერებს, თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ჩვენ, შეიძლება ითქვას, ქვეყანაში შემოგვაქვს ახალი კულტურა – დისტანციური დასაქმება. თუმცა, სიახლის დანერგვა არც ისე ადვილი საქმე ყოფილა და უფრო რთული იქნებოდა, რომ არა ჩვენი მეგობრებისა და სხვა კეთილმოსურნე ადამიანების მხარდაჭერა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ბიზნეს ინკუბატორს – „Vega startup Lab.“ , ლიბერთი ბანკს, ტვ-GDS, დიზაინერთა და გრაფიკოსთა ასოციაციას “CG-Georgia” და სტუდიას “ფორმულა კრეატივი” თანადგომისა და გაწეული დახმარებისათვის.

 M: ვისთვის არის შექმნილი საიტი ?

ასე ცალსახად ვერ დაგისახელებთ ადამიანთა რომელიმე სეგმენტს. ვფიქრობთ, რომ საიტის ხშირი მომხმარებლები ის დამსაქმებლები იქნებიან, რომლებიც პერიოდულად საჭიროებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ხანმოკლე თანამშრომლობას. იგულისხმება, როგორც კერძო პირი, ისე მსხვილი ან მცირე მზარდი კომპანია, რომელიც მიმართავს აუტსორსინგს; ყველა ადამიანი, რომელსაც თავად არ გააჩნია შესრულების რესურსი, თუმცა საჭიროებს მას, ასევე პიროვნება, რომელიც ეძებს კადრს თანამშრომლობისთვის ძირითად შტატში მიღების გარეშე. ამისათვის, საიტი მომხმარებელს საკმაოდ კომფორტულ პირობებს სთავაზობს. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაფერი სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, საიტის მთავარი დანიშნულება დროის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებაა. ჩვენი საშუალებით, ერთი მხრივ, საქმდებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ცოდნა და უქმე საათები, ხოლო მეორე მხრივ არის დამსაქმებელი, რომელსაც პირიქით, არ აქვს დავალების შემსრულებელის მოძებნის დრო და შემოდის საიტზე „გამზადებული“ მომსახურების შესაძენად.

Ido.ge cover M: როგორ ხდება საიტზე განცხადების დამატება ?

საიტზე განცხადების გამოქვეყნება უფასოა. ყველა მომხმარებელს აქვს საკუთარი ვირტუალური კაბინეტი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება დამსაქმებელსა და შემსრულებელს შორის მიმოწერა, დავალებისა და შესრულებული ნამუშევრის მიწოდება. ყველა განცხადება გადის მკაცრ შემოწმებას და უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებელ მოთხოვნებს, როგორიცაა მაგალითად, შემოთავაზებული მომსახურების დაწვრილებითი აღწერილობა და მაქსიმალური კონკრეტიკა.

 M: კონკრეტულად რა ტიპის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი ?

მოგეხსენებათ, საქმე ფრილანსთან გვაქვს, ამიტომ მთავარი პირობა- მომსახურების ონლაინ რეჟიმში განხორციელება არ ირღვევა. განცხადებების ავტორთა პროფესია და მომსახურების სპექტრი შეუზღუდავია. მაგალითად: თარჯიმანი, დიზაინერი, პროგრამისტი, ვებ-დეველოპერი, სხვადასხვა სახის კონსულტაციები, კოპირაიტერები, მხატვრები, გრაფიკოსები და ასე შემდეგ. მივესალმებით ნებისმიერ კრეატიულ იდეასაც, როგორიცაა სარეკლამო სლოგანის, სცენარის მოფიქრება, სარეკლამო ტექსტის გახმოვანება, კარიკატურებისა და შარჟების დახატვა და ასე შემდეგ … თოვლის ბაბუაც კი, ოღონდ სკაიპით . ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ მთელ რიგ წინადადებებს, მათ შორის რამდენიმე უკვე რეალიზებულ შემოთავაზებასაც.

 M: როგორ ხდება გაწეული შრომის ანაზღაურება ?

გაწეული შრომის ანაზღაურება სრულდება პლატფორმაზე დანერგილი დაცული ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელშიც სრულად არის გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები. დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ავტომატურად ფორმდება ელექტრონული ხელშეკრულება. მომსახურების მისაღებად დაბლოკილი თანხა დამკვეთის ანგარიშიდან ჩამოიჭრება მხოლოდ და მხოლოდ ნამუშევრის მიღების შემთხვევაში. გამომუშავებული თანხის განაღდება ან/და ანგარიშის შევსება კი შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ბარათით ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატით.

 M: რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს ?

ჩვენი გუნდი დიდი ენთუზიაზმითა და სრული დატვირთვით მუშაობს საიტის ფუნქციური შესაძლებლობების გაზრდასა და თავად პლატფორმის პოპულარიზაციაზე. ამ ენთუზიაზმს კიდევ უფრო მეტად გვმატებს მომხმარებელთა მიერ გამოგზავნილი წერილები, რომლებშიც არცთუ ისე იშვიათად მადლობას გვიხდიან საიტის შექმნისთვის. გულისყურით ვადევნებთ თვალყურს მომხმარებელთა გამოხმაურებებს და მაქსიმალურად ვცდილობთ მიღებული შენიშვნების გათვალისწინებას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში ასოციაცია „CG-Georgia“-თან ვგეგმავთ თანამშრომლობას. მანამდე კი, ჩვენი უპირველესი მიზანია ნდობის დამსახურება. როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს ყველაფერი სიახლეა, ამიტომ წინ დიდი სამუშაო გველის. მნიშვნელოვანია, რომ მივეჩვიოთ საქმის კეთების ახლებურ ხედვას, მსგავსი პროექტებით მოვახერხოთ საკუთარი საქმიანობის/ბიზნესის ოპტიმიზაცია და უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ დრო, რადგან დრო – ფულია. ვიცი, რომ ბევრ ადამიანის საქართველოში სიახლის დანერგვა შეუძლებლად მიაჩნია. პირადად მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი პროექტების მაგალითებზე ვხედავ, რომ ქართველებს არამარტო უცხოეთიდან გადმოღება შეგვიძლია, არამედ საკუთარი სიახლეების დანერგვასაც ვახერხებთ. ვიმედოვნებთ, მომავალში www.iDo.ge აუცილებლად გავრცელდება არამარტო მთელს კავკასიის რეგიონზე, არამედ კუთვნილ ადგილს დაიჭერს გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში. ჩვენს ყველა თანამემამულეს კი, მთელი გუნდის სახელით, ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას და საკუთარი დროის ეფექტურ გამოყენებას.

“Victoria Secret”-ის ანგელოზები ცხელი სანაპიროებიდან ზამთრის წინააღმდეგ

უნდა განაბაჟო :) – ფინანსთა სამინისტროს სახალისო მუსიკალური რგოლი