საზღვარგარეთ სწავლა და მუშაობა არაერთი ქართველი ახალგაზრდის არჩევანია. ისინი ამ გზას კარიერული თუ პიროვნული განვითარებისთვის მიჰყვებიან. ამბობენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ასეთ კადრებს სასურველ პოზიციებზე დასაქმების მეტი შანსიაქვთ. ეს მოსაზრება, საზღვარგარეთ გამგზავრების ერთ-ერთი მთავარი მოტივია. მეორე მხრივ, უცხოური გამოცდილების მქონე კადრები ბევრი კომპანიას სჭირდება. ამას, „მარკეტერთან“ საუბრისას საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია „ინსორსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მედეა ტაბატაძე ადასტურებს. ის ამბობს, რომ ხშირად შეხვედრია კომპანიებს, რომლებიც ბიზნესის უკეთ განვითარებისთვის, უცხოური გამოცდილების მქონე კადრის აყვანას მიიჩნევენ. მედეას თქმით, ამას საკმაოდ ლოგიკური და მარტივი ახსნა აქვს:
ვინაიდან, დასავლეთევროპული ბიზნესგარემო და ინდუსტრიები მეტად განვითარებულია და ფაქტობრივად, ჩვენ მათ მიერ შექმნილი გამოცდილებით ვსწავლობთ, არსებობს ბუნებრივი ინტერესი ქართული კომპანიების მხრიდან – განსხვავებული და საჭირო ცოდნის მიღების მიზნით, დაიქირავონ კადრი, რომელსაც ამ ბაზრებზე უმუშავია. უნდა აღვნიშნო, რომ არ აქვს მნიშვნელობა დასაქმების ხანგრძლივობას, ან იმას, განსხვავებული სპეციფიკის კომპანიაში მუშაობდა თუ არა კადრი. მოკლევადიანი გამოცდილების, ან თუნდაც, განსხვავებული სპეციფიკის კომპანიაში მუშაობის მიუხედავად, ასეთი კადრი მაინც საინტერესოა.“

რაკი, კომპანიების მხრიდან მოთხოვნა არსებობს, თავად ეს ორგანიზაციები თუ არიან მზად უცხოური გამოცდილების მქონე კადრს განვითარებისთვის საჭირო პირობები შეუქმნან? ამ კითხვაზე მედეა ტაბატაძე გვპასუხობს, რომ ეს კარგად გამოსდით ბანკებს, ვისაც ბიზნესის მართვის ყველაზე გრძელვადიანი გამოცდილება აქვს. სხვებისთვის კი, სწალის პროცესში მყოფი ორგანიზაციებისთვის, რთულია ამგვარი კადრების ადგილობრივ რეალობასთან ინტეგრაცია და განსხვავებული ცოდნის გავრცელება მართვის პრაქტიკაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ქართული და უცხოური სამუშაო გარემო, რა თქმა უნდა, განსხვავებულია კულტურულ თუ საკანონმდებლო დონეზე.
ამავე დროს, არსებობენ პროფესიონალები, რომლებიც უცხოეთში სწავლითა თუ მუშაობით კარიერულ ნაბიჯებს დგამენ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ისინი უფრო მკვეთრად ამჩნევენ იმ განსხვავებებს, რომლებიც ადგილობრივ და უცხოურ შრომით ბაზრებზე იკვეთება. ჩვენ სამ ასეთ გამოცდილებას გაგიზიარებთ, მათ შორის, გიამბობთ გიორგი ტყებუჩავას ამბავს, რომელიც ნიუ-იორკში ოთხწლიანი სწავლისა და მუშაობის შემდეგ, საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა:
საქართველოში ხალხი თავისი უნარების 50%-ს იყენებს. არსებობს ორი კატეგორიის დასაქმებული – ვინც ზეგანაკვეთურად მუშაობს და ვინც არ მუშაობს. იმას ვგულისხმობ, რომ მათ შეუძლიათ პროდუქტიულები იყვნენ, თუმცა, სამუშაო დროს არასწორად ხარჯავენ – საკუთარ უნარებს წვრილმანების გასაკეთებლად იყენებენ. მაგალითად, დოკუმენტების ამოსაბეჭდად, როცა ამისთვის ასისტენტები არსებობენ. გარდა ამისა, არის ძალიან მკვეთრი „უფროს-უმცროსის“ დამოკიდებულება ქართულ კომპანიებში. მანჰეტენზე, ერთ-ერთი კომპანიის ბიზნესის განვითარების მიმართულების მენეჯერი ვიყავი, ვექვემდებარებოდი მხოლოდ ამ კომპანიის დამფუძნებელს, CEO-ს, რომლისთვისაც ჩემი შენიშვნები აბსოლუტურად მისაღები იყო. ხშირად მოგვსვლია კამათი და მითქვამს: „იცი რა, მორის, არ გააკეთო ეგ, რადგან ამას ცუდი შედეგი მოჰყვება“ – ჯანსაღად განგვიხილავს საკითხები. ჩემს უფროსს კომპანიის ფლობისა და მართვის 30 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ხშირად უთქვამს, რომ შესაძლოა, რაღაც უკეთ მცოდნოდა. საქართველოშიც მიმუშავია და ვიცი რას მეუბნებოდნენ ასეთ დროს უფროსები და უმეტეს შემთხვევაში, ეს იყო – „უფროსი მე ვარ თუ შენ?“

გიორგი ტყებუჩავამ ამერიკაში წასვლა 4 წლის წინ გადაწყვიტა. ეს იყო სამთვიანი შესვენება ინგლისური ენის სწავლისათვის, რომელიც 4 წლად იქცა. გვიყვება, რომ ენის საფუძვლიანად სწავლისთვის, სამი თვე საკმარისი დრო არ აღმოჩნდა და ამასთან, სკოლა, რომელშიც გიორგიმ ოთხი წლის განმავლობაში ისწავლა, სხვადასხვა პროფილით განათლების მიღების შესაძლებლობასვ იძლეოდა. გაიარა კურსები, რომლებიც მარკეტინგს, ბიზნესის მართვასა თუ სხვა მიმართულებებს უკავშირდება. ნიუ-იორკში რამდენიმე ადგილას იმუშავა, ყველაზე მნიშვნელოვნად კი მანჰეტენზე მდებარე სამშენებლო მასალების კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის მენეჯერობას მიიჩნევს, საიდანაც მალევე გადავიდა ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელობამდე. საქართველოში იგი, სულ რამდენიმე კვირის წინ, მესამე კურსზე გაწყვეტილი სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. სამუშაო ჯერ არ უძებნია, თუმცა, გამოწვევებისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის მზადაა:
„ყველა ქვეყანას თავისი კულტურული განსხვავება აქვს და ადაპტირება სჭირდება. პროფესიონალ კადრს უნდა შეეძლოს ლავირება კულტურებს შორის. მე კომფორტის ზონას არ ვიქმნი სამსახურში, რადგან ეს ერთ ადგილზე გაჩერებას ნიშნავს, მით უმეტეს, თუ საუბარი გვაქვს ბიზნესის განვითარებაზე. საერთაშორისო გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში, ძალიან დიდი ბონუსია, თუმცა, არა დასაქმების გარანტია“.
ელენე დონდუამ მაგისტრატურის ბოლო სემესტრი ფინეთში გაიარა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საკუთარი პროფესიით – კომუნიკაციის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობა არ გაუგრძელებია, თუმცა ამბობს, რომ დასაქმებაში უცხოური გამოცდილება მაინც დაეხმარა. დღეს ევროპულ სკოლაში ინგლისურს ასწავლის, რისთვისაც გადამწყვეტი ფაქტორი უცხოეთში მიღებული განათლება იყო და ფიქრობს, რომ ეს გამოცდილება მომავალშიც გაუიოლებს მუშაობის დაწყებას. ის მარკეტერს იმ პრობლემებზეც ესაუბრა, რომელიც მისი აზრით, საქართველოში გასაუბრების პროცესს სდევს თან:

„საქართველოში გასაუბრების დროს, უფრო მეტად ინტერესდებიან, თუ როგორი სამუშაო გამოცდილება გაქვს, ვიდრე იმით, თუ როგორი განათლება გაქვს მიღებული. რა თქმა უნდა, სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა განათლებაზე მეტად. გარდა ამისა, მგონია, რომ მხოლოდ უცხოეთში სწავლა არ არის გადამწყვეტი ფაქტორი სამუშაოს დასაწყებად, თუმცა ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან როლს ნამდვილად ასრულებს“.
ქეთო ბარაბაძემ თავისი სტუდენტობის რამდენიმე წელი ბერლინში გაატარა. იქვე დაამთავრა ეკონომიკის სკოლა საერთაშორისო მარკეტინგის მიმართულებით. როგორც თითქმის ყველა, უცხოეთში ცოდნისა და გამოცდილების მიღების მსურველი სტუდენტის შემთხვევაში ხდება, ქეთოსაც დაუდგა პერიოდი, როცა სამშობლოში დაბრუნებასა და კარიერის უცხოეთში გაგრძელებას შორის, არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ქეთომ საქართველო აირჩია:
„დავიწყე ფიქრი და დაკვირვება, რომელი კომპანია მომწონდა, რომლის აქტივობები ჩანდა საინტერესო ჩემს სფეროში, კულტურულად რომელთან უფრო მეტი სიახლოვე მქონდა. შემდეგ, ჩემით შევეხმიანე ამ კომპანიებს ლინკდინით, ფეისბუქით, მეგობრებით. ყველას აქვს კარიერის ნაწილი თავის ვებგვერდზე, სადაც ვხედავდი იყო თუ არა კონკრეტული ვაკანსია. არ იყო რთული „ინსაიდერული“ ინფორმაციის მიღება. ვუხსნიდი ჩემი და მათი დამეგობრება რატომ მიმაჩნდა საინტერესოდ, რატომ იყო ეს მოგებიანი ორივე მხარისთვის და ვეკითხებოდი სწორად მეგონა თუ არა… ასე გავატარე დაუვიწყარი არდადეგები კრეატიულ სააგენტო „ვინდფორსში“. შორიდან მომწონდა რასაც აკეთებდნენ, მოვძებნე ვინდფორსის გუნდი, ხელმძღვანელი ვატო ქავთარაძე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი მაშინ. მივწერე რომ ძალიან მინდოდა ქართული კრეატიული სააგენტოს შიდა სამზარეულოში შემეხედა, ის კი დადებითად შეხვდა ჩემს ინიციატივას“.

ამრიგად, ქეთომ სამსახურის ძებნა ბერლინში ყოფნის დროს დაიწყო. როცა საბოლოოდ ჩამოვიდა საქართველოში, სამ დღეში დაიწყო მუშაობა „საქართველოს ბანკში“ და დღეს ის კომუნიკაციების დეპარტამენტის კონცეფტინგის სამსახურის უფროსია. კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია უცხოური განათლება საქართველოში წარმატების მისაღწევად, ქეთო გვპასუხობს:
„საზღვარგარეთ სტუდენტური ცხოვრების გამოცდილება ძალიან მაგარი რამეა! ეს ყველამ უნდა გამოსცადოს! მარტო “იბრძვი” ახალ გარემოში, ხვდები კიდევ უფრო სხვადასხვანაირ ადამიანებს, იძენ ახალ მეგობრბეს, შენს ქვეყანას აცნობ ხალხს, რომელთაც რუკაზეც კი არ ჰგონიხარ. სულ მარტო იღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეხები იმ კომპანიებს, ბრენდებს, რომლებზეც ამდენი გსმენოდა… განათლებას რაც შეეხება, უცხოური განათლება ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ მიდგომები, გულწრფელობა, შინაგანი თავისუფლება, მიზანსწრაფულობა და დამოუკიდებლობა – ეს ის არის, რაც სხვა ქვეყანაში სტუდენტობამ ცოტა უფრო მეტი დოზით მომცა. ამიტომ მგონია, რომ ეს თვისებები უფრო გადამწყვეტი იყო დამქირავებლებისთვის, ვიდრე ჩემი უცხოური დიპლომი“.
დასავლური ბაზრების გამოცდილების გაზიარებას, საქართველოში ბევრი კომპანია ცდილობს. განვითარებისა თუ მაღალი ორგანიზაციული კულტურის მისაღწევად, მათთვის ერთ-ერთი გზა უცხოური განათლებისა და გამოცდილების მქონე კადრის დაქირავებაა. მეორე მხრივ, არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნიდან კარიერული მიზნებით მიდიან და ბრუნდებიან. ბრუნდებიან უკეთესი შრომითი გარემოს ასაშენებლად და ცოდნის გასაზიარებლად. თუმცა, მათივე თქმით, საქართველოში მათ ყოველთვის როდი ხვდებათ კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი გარემო.