ათწლეულების განმავლობაში საზოგადოება სკეპტიკურად უყურებდა მომუშავე, დასაქმებულ დედებს. მათ ხშირად განიხილავდნენ, როგორც არასასურველ კანდიდატებს, რადგან თვლიდნენ, რომ დედების ინტერესები არა კარიერისკენ, არამედ პირადისკენ იქნებოდა მიმართული და ეს კომპანიას ბარიერს შეუქმნიდა. მომუშავე დედა – იყო ნიშანი იმისა, რომ სინამდვილეში ქალი ვერცერთ როლს ვერ გაართმევდა თავს ბოლომდე.
2025 წლისთვის ტენდენცია აშკარად შეცვლილია და გამოჩნდა ახალი ნარატივი, რომლის მიხედვითაც, დედობა პირიქით, ხელს უწყობს პროდუქტიულობას. დღეს ქალები ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ორივე საქმეში შეგიძლია, იყო წარმატებული და, თავის მხრივ, ბიზნესებიც დაინტერესებულნი არიან, რომ პოზიციონირდნენ, როგორც დედების დამსაქმებლები.
პერსპექტივის ამ ცვლილებამ ბიზნესი უფრო თანამგრძნობი გახადა იმ გამოწვევების მიმართ, რომლებსაც დასაქმებული მშობლები აწყდებიან. ისინი იწყებენ იმის გაცნობიერებას, თუ რა უნარ-ჩვევები უვითარდებათ დედებს – გამძლეობა, მრავალი საქმის შეთავსება, ემოციური ინტელექტი, სტრესულ პირობებში და დროის მენეჯმენტი – ეს კი სწორედ ის თვისებებია, რომლებიც ყველა დამსაქმებელს სჭირდება.
მოდი, სათითაოდ განვიხილოთ, რა სუპერძალებს ფლობენ დედები და როგორ გამოადგებათ მათ ეს მუშაობაში.
პირველი, ეს არის მრავალმხრივობა
ცნობილია, რომ დედები მულტიტასკერები არიან. ჰკითხეთ ნებისმიერ მშრომელ დედას, როგორია მისი დილა და თქვენ მოისმენთ ისტორიებს საუზმის გამზადების, ლანჩის შეფუთვის, სასკოლო ჩანთების ორგანიზებისა და სამუშაო წერილებზე პასუხის გაცემის შესახებ, თანაც, ეს ყველაფერი ხდება დილის 9:00 საათამდე. რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი ძალიან საჭირო და იშვიათი თვისებაა. სამუშაო ადგილზე ეს უნარი ითარგმნება პროექტების მართვაში, გუნდების მართვასა და ვადების დაცვაში.
დროის მენეჯმენტი
როცა დედა ხარ, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. იმის ფუფუნება არ გაქვს, რომ საქმე გადადო ან ზედმეტი დრო დაკარგო რამეში. დედებმა იციან პრიორიტეტების სწორად დალაგება, რაც საქმეების ეფექტურად და დროულად შესრულებას უწყობს ხელს. ეს არის ოქროს უნარი კორპორაციულ გარემოში, სადაც ყოველი წუთი ფული ღირს.
ემოციური ინტელექტი
ბავშვის აღზრდა დიდ ემოციურ ინტელექტთან არის დაკავშირებული, მოითხოვს მოთმინების უნარს, აზრის სწორად და ჯანსაღად გამოთქმას, სიტყვების შერჩევას, თანაგრძნობას და ა.შ. ყველა ეს თვისება სამუშაო ადგილზე ნიშნავს მყარ ურთიერთობებს კოლეგებთან, გუნდის უკეთეს დინამიკას, ლიდერულ თვისებებს.
გამძლეობა
მშობლობა სავსეა გამოწვევებით. უძილო ღამეებით დაწყებული, სტრესულ პირობებში საქმის შესრულებით დამთავრებული, რაც მათ ბევრად გამძლეებს ხდის. ეს სიძლიერე ფასდაუდებელია სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აწყდებით წარუმატებლობას, ცვლილებებს ან რთულ პროექტებს.
არ არის საჭირო ბევრი ყოყმანი, რათა დაიქირაოთ დედა თანამშრომლად
უკვე ბევრ სტატიასა თუ კვლევაში წაიკითხავთ, რომ ბიზნესის წარმომადგენლები მზად არიან, უყოყმანოდ დაიქირაონ შვილიანი ქალი. „ისინი მაშინაც კი დაესწრებიან შეხვედრას, როცა ძალიან დაღლილნი არიან” – წერია ერთ-ერთ გამოცემაში.
დამსაქმებლებმა, ასევე, უნდა იმუშაონ შესაბამისი გარემოს შექმნაზე დედებისთვის: თუ საქმიანობა იძლევა ამის საშუალებას, მოქნილი სამუშაო გრაფიკი შესთავაზონ, გაატარონ მენტორობის პროგრამები და გამოამჟღავნონ მხარდაჭერის კულტურა. მაგალითად, თუ კარგად მომუშავე, წესიერი თანამშრომელი ერთხელ დააგვიანებს სამსახურში იმის გამო, რომ ბავშვი დროულად ვერ დატოვა ბაღში, მას მხოლოდ იმიტომ არ უნდა აგრძნობინოთ თავი დამნაშავედ, რომ დედა არის და მისი პრობლემები თქვენ არ გეხებათ.
ხოლო, თუ თქვენ ხართ დედა, რომელიც ფიქრობს, რომ ოჯახური პირობების გამო ნაკლები შანსი აქვს სხვა ქალებთან შედარებით, იცოდეთ, რომ თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში შეიცვალა და დიდი წვლილის შეტანა შეგიძლიათ ნებისმიერ სამუშაო გარემოში.