ძალიან მარტივი სახელწოდებით, ახალგამოცემული წიგნი Cleaning იმ გამოწვევებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც „ადამიანის მიერ შექმნილ“ არსებობას უდგას წინ. „გარემოს ვუწოდებთ იმას, რაც ადამიანებმა ბუნების საპასუხოდ შექმნეს. უბრალოდ, ზოგჯერ გარკვეული მასალებით იმდენად ვაზიანებთ ამ გარემოს, რომ კვლავ ბუნებისკენ მივისწრაფვით. შედეგად, ისტორიულად, ბუნების გარკვეულწილად მიღებით და მისი ზომიერად კონტროლით ვცხოვრობთ“, — წერია წიგნის აბსტრაქტში.
სწორედ ამ ბალანსისა და წესრიგის შენარჩუნების სურვილზეა წიგნი დაფუძნებული — ის იოშიჰიკო უედასა და ტაიკი ფუკაოს მიერ გადაღებული ფოტოებითაა გაჯერებული. თითოეული კადრი 2019 წელსაა გადაღებული, იქამდე, ვიდრე კოვიდპანდემია ჩვენს ყოველდღიურობას შეცვლიდა. მართალია, დასუფთავება ცოტა უჩვეულო თემაა წიგნისთვის, მაგრამ ნათლად გვანახებს იმას, თუ როგორ ზრუნავს ხალხი გარემოზე — მათი დამსახურებაა ის ვიზუალური რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ.
ზოგიერთი სცენა ეპიკურია — მაგალითად, 150 მეტრი სიგრძის გემის გაწმენდა, ან ომინუგუის ცერემონია (დიდი ბუდას გაწმენდა) იაპონიის ტოდაიჯის ტაძარში. სხვები კი მეტად ყოველდღიურია, მაგალითად, საგზაო ნიშნიდან სტიკერების მოხსნა ან სახლის განათების მტვრისგან გაწმენდა.