in

დასვენების 7 ტიპი, რომელიც ყველას გვაკლია

“დასვენება ყოველთვის არ არის ძილის შედეგი”

M2
M2

გეჩვენებათ, რომ ძილის რეჟიმი საკმარისად მოწესრიგებული გაქვთ, მაგრამ მაინც დაღლილობას გრძნობთ? ძილი და დასვენება ერთი და იგივე არ არის… ძილი ყოველთვის არ ნიშნავს განტვირთვას. ამიტომაც, ფსიქოლოგი მონიკა ჯონსონი დასვენების 7 ტიპს გვთავაზობს, რომელიც რეალური შედეგის მიღებაში დაგვეხმარება.

“დასვენება ყოველთვის არ არის ძილის შედეგი — განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრესის ან მენტალური დაავადებების ქვეშ ვიმყოფებით. გარდა ამისა, ძილი ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ფიზიკურ დასვენებასთან, ჩვენ კი ხშირად რაღაც უფრო მეტი გვჭირდება. მაგალითად, მე ინტროვერტი ვარ. ასე რომ, თუ ზედმეტად ვურთიერთობ სხვა ადამიანებთან, სოციალური შესვენება მჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს ცუდად ვიგრძნობ, რამდენიც არ უნდა ვიძინო”. 

ფიზიკური დასვენება

არსებობს ფიზიკური დასვენების როგორც პასიური, ასევე აქტიური ფორმები.

ძილი და ჩათვლემა დასვენების ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მშვიდი ძილის შანსის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, დარწმუნდით, რომ სწორ პროტოკოლს იცავთ (მაგ., ძილის დრო, ტემპერატურის კონტროლი, დღის ბოლო კოფეინის გარეშე, დასვენების გრაფიკი).

აქტიური ფიზიკური დასვენება მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა გაჭიმვა ან იოგა, სუნთქვის ვარჯიშები, კუნთების პროგრესირებადი რელაქსაცია, ცხელი აბაზანები და მასაჟი.

ფიზიკური დასვენების ტიპი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და სხეულის რა მონაკვეთები გაწუხებთ. მაგალითად, თუ დღის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებთ, დაძაბულობას ზურგში, მხრებზე, კისერსა და თეძოებში იგრძნობთ. ამის გამოსასწორებლად, შეგიძლიათ, იოგას მიმართოთ.

ნიშნები, რომლებიც ფიზიკური დასვენების საჭიროებაზე მიგანიშნებთ, ასეთია: ენერგიის ნაკლებობა, დაღლილობის შეგრძნება და ჩაძინების გართულება, დასუსტებული იმუნური სისტემა, კუნთების ხშირი ტკივილი, ენერგიის მომცემ ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

გონებრივი დასვენება

ნუთუ, არსებობს ადამიანი, რომელსაც მთელი რიგი ცხოვრებისეული სტრესის ფონზე გონებრივი დასვენება არ სჭირდება? შესაძლოა, გონებრივი დაღლილობა სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული — მათ შორის საკუთარ თავზე ნეგატიური საუბრით, ჭორაობით, შფოთვითი ფიქრებით, წარსულისგან ვერ გათავისუფლებით და განსჯით.

ნიშნები იმისა, რომ გონებრივი დასვენება გჭირდებათ, მოიცავს გაღიზიანებას ან იმედგაცრუების განცდას, აქტივობებისგან თავის არიდებას, ყოველდღიური ამოცანებისგან დაღლას და ა. შ.

ამასთან, გონებრივი დატვირთვის შემსუბუქების ერთ-ერთი გზა დროის მართვის კარგი უნარების გამოყენებაა. როგორც მონიკა ჯონსონი მოგვიწოდებს, დროის მენეჯმენტისას უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ დავალების შესასრულებლად, არამედ ემოციური განტვირთვისთვის საჭირო საათებიც.

კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის მედიტაცია. მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე წუთიანი მედიტაცია გონებრივი გამძლეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ემოციური დასვენება

სად ხარჯავთ თქვენს ემოციურ ენერგიას? იქნებ, ახალმა ამბებმა გაგანერვიულათ ან კოლეგასთან გქონდათ კონფლიქტი? შესაძლოა, საყვარელი ოთხფეხა მეგობრის გარდაცვალებას დარდობთ ან ყოველდღიური საქმეებით ძალიან გაღიზიანებული ხართ.

ზოგიერთი ნიშანი იმისა, რომ ემოციური დასვენების დეფიციტს განიცდით, მოიცავს მცირე შეცდომების გამო საკუთარი თავის დადანაშაულებას, შფოთვას ან ღელვას, თქვენს თავში ეჭვის შეტანასა და გადაჭარბებულ სინანულს.

პირველი ნაბიჯი ემოციური განტვირთვისკენ გარემოსადმი ყურადღების გამახვილებაა. ემოციები გადამდებია… გარშემორტყმული ხართ ადამიანებით, რომლებიც მუდმივად ჩივიან ან განსჯიან სხვებს? მაქსიმალურად შეცვალეთ ეს პირობები ზედმეტი ნეგატივის მოშორებითა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებით. გახსოვდეთ, ემოციური ცნობიერება არის ემოციური გადაწვისა და აღდგენის გასაღები…

მნიშვნელოვანია, სწორად დააწესოთ საზღვრები და ნეგატიურ სიტუაციებში ზედმეტად დიდხანს არ დარჩეთ. მაგალითად, დღის განმავლობაში ბევრი ჩვენგანი რამდენჯერმე აკეთებს ემოციურად დამღლელ შედარებებს… ათვალიერებს სოციალურ მედიას და საკუთარ გარეგნობას ან უნარებს სხვისას ადარებს. ასევე, შეწყვიტეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის შედარება “სრულყოფილ” ონლაინ ურთიერთობასთან.

დაბოლოს, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ საკუთარი თავი ღიად გამოხატოთ და ზემოქმედება გაზარდოთ იმ საგნებზე, რომლებიც ემოციურად აღდგენის საშუალებას მოგცემთ.

სულიერი დასვენება

სულიერება ფართო თემაა. თუ რელიგიური ხართ, ეს შეიძლება მოიცავდეს ორგანიზებულ რელიგიურ აქტივობებს. თუმცა სულიერი დასვენება, შესაძლოა, რაღაც უფრო დიდთან დაკავშირება იყოს…

მორწმუნე ადამიანებისთვის სულიერი განტვირთვა მოიცავს ლოცვას ან სხვა რელიგიურ პრაქტიკას. ხოლო არამორწმუნე ხალხისთვის ეს შეიძლება მოიცავდეს მიკუთვნებულობის გრძნობას, რომელსაც იღებთ როგორც მედიტაციით, ისე სხვა აქტივობებით — აქტივობებით, რომლებიც მიზნისა და კავშირის შეგრძნებას ზრდის.

სოციალური დასვენება

სოციალური დასვენების დეფიციტი მაშინ ჩნდება, როცა ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ ჯანსაღ და პირიქით, მავნე ურთიერთობებს. სავარაუდოა, რომ ეს მაშინაც მოხდეს, როდესაც ძალიან ბევრ ან ძალიან მცირე სოციალურ ინტერაქციაში ვართ ჩართული.

ნიშნები იმისა, რომ სოციალური დასვენების ნაკლებობა გაქვთ, მოიცავს მარტოობის გრძნობას, განცალკევებულობის განცდას, ახლო ურთიერთობების შენარჩუნების გაძნელებას, სხვებისგან იზოლირებას და “არასწორი” ადამიანების მოზიდვას.

პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ, სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებაა. ცხადია, ეს ყოველი ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება და მხოლოდ ერთი მექანიზმი არ არსებობს. მაგალითად, თუ ინტროვერტი ხართ, დღის ბოლოს განმარტოება გჭირდებათ, რათა შესაბამისი ენერგიით აივსოთ.

შესაძლოა, არაინტუიციურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა მოუსმინოთ თქვენს სოციალურ საჭიროებებს და არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს. თუ ექსტრავერტები თავს კარგად გრძნობენ, როცა სამსახურის შემდეგ მეგობრებს ხვდებიან, აუცილებელი არაა, თქვენც მათ რუტინას მოერგოთ.

სენსორული დასვენება

სენსორული დასვენება გრძნობების განტვირთვას გულისხმობს. ადამიანებს ეს სჭირდებათ, როცა ზედმეტად გადატვირთულნი არიან. მაგალითად, თუ დიდ, ხმაურიან ქალაქში ცხოვრობთ, სადაც უამრავი ცუდი სუნი ტრიალებს, ყველგან ქაოსია და თვალში ბევრი სხვადასხვა შენობა გეჩხირებათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ სენსორულად გადატვირთული ხართ.

ამის გასამკლავებლად, გარკვეული დროით გამორთეთ ელექტრონიკა. წაიკითხეთ წიგნები, გათიშეთ განათება და მოუსმინეთ “თეთრ ხმაურს”. ასევე, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს — ჭამეთ ბოსტნეული და ჯანსაღი საკვები.

შემოქმედებითი დასვენება

თუ ოდესმე გიგრძნიათ, რომ კარგი იდეები ამოგეწურათ, ეს შემოქმედებით ამოწურვას/გადაწვას გულისხმობს. ადამიანების უმეტესობა ამას აღიქვამს, როგორც შთაგონების ნაკლებობას ან განცდას, რომ შემოქმედებით “მწვერვალებს” ვერ მიაღწევს.

თავის მხრივ, შემოქმედებითი დასვენება არ ეხება მხოლოდ ხელოვანებს… ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანებში დიდი მოცულობით არსებობს კრეატივი, მთავარია, რამდენად მივცემთ მას განვითარების საშუალებას.

კრეატიულობა არის ჩვენი უნარი, ვიყოთ ინოვაციური, ვიფიქროთ ჩარჩოს მიღმა ან ვიყოთ გამომგონებლები. ადამიანებს შემოქმედებითი დასვენება სჭირდებათ, როდესაც თავს ერთ ადგილას გაჭედილად აღიქვამენ და ვერ ახერხებენ ახალი იდეების ან პრობლემების გადაწყვეტის მოძიებას. ამისათვის, გამოყავით დრო ისეთი რაღაცებისთვის, რასაც, ჩვეულებრივ, ვერ ასწრებთ. წადით ბუნებაში, განაახლეთ ოთახი, რათა ესთეტიკურად სასიამოვნო გარემო შეიქმნათ, ან ეწვიეთ მუზეუმს.

2022 წელს JTI აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად საქართველოში, ევროპაში და გლობალურად

ნახეთ: ვარსკვლავური ომების პერსონაჟებით შთაგონებული ჭურჭლის კოლექცია