გამუდმებით დაღლილი ხართ და ამითაც გადაიღალეთ? კარგადაც გძინავთ, მაგრამ დილით მაინც უენერგიოდ იღვიძებთ? ასე იმიტომ ხდება, რომ დასვენება უბრალოდ კარგად გამოძინება არ გახლავთ. მეტიც, ფიზიკოსი საუნდრა დალტონ სმითის თანახმად, დასვენების 7 ტიპი არსებობს, რომლებიც განტვირთვაში დაგეხმარებათ — ამგვარად, ფიზიკური დასვენების გარდა, ემოციური, სოციალური, სენსორული, შემოქმედებითი და სულიერი განტვირთვა არსებობს. ქვემოთ კი გეტყვით, რას მოიცავს თითოეული და როგორ დაიკმაყოფილოთ არსებული საჭიროებები:
ფიზიკური დასვენება — განტვირთვის ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი ტიპია და ძირითადად ორი სახით ვლინდება:
- პასიური დასვენება — აქ დაძინება ან უბრალოდ თვლემა მოიაზრება.
- აქტიური დასვენება — ისეთ აღმდგენ აქტივობებს მოიცავს, როგორებიცაა გაწელვები, მასაჟი ან იოგა, რომლებიც კუნთებს დაძაბულობას უხსნის და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ნიშნები იმისა, რომ ფიზიკური დასვენება გაკლიათ:
- გამოძინების მიუხედავად, მაინც დაღლილი ხართ.
- კუნთები დაძაბულია.
- ფიზიკურ ტკივილს განიცდით.
- დაავადებებისადმი უფრო მოწყვლადი ხართ.
- ფიქრობთ, რომ დღეს შაქრისა და კოფეინის გარეშე ვერ გადაიტანთ.
როგორ განვიტვირთოთ ფიზიკურად?
- ყოველ ღამით 7-9 საათი იძინეთ.
- დღის მანძილზე თუ თავს დაღლილად იგრძნობთ, 20-30 წუთით დაიძინეთ.
- გაიწელეთ ან გააკეთეთ იოგა სტრესის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი დღე ჯდომა გიწევთ.
- გაიკეთეთ მასაჟი კუნთების მოსადუნებლად.
- მიიღეთ თბილი შხაპი ე. წ. ეპსომის მარილით.
- თუ არაფერი გაუმჯობესდება, მიმართეთ ექიმს.
მენტალური დასვენება — გონების დამშვიდებას, მუდმივი ფიქრის, დაგეგმვისა და ანალიზისგან დასვენებას ეხება…
ნიშნები იმისა, რომ მენტალური დასვენება გაკლიათ:
- ფოკუსირება გიჭირთ.
- გონება დაბინდული ან გადატვირთულია.
- რაღაცები გავიწყდებათ და მარტივ შეცდომებს უშვებთ.
- აზრები გამუდმებით თავში გიტრიალებთ, განსაკუთრებით დაძინებისას.
- ნებისმიერი რაიმეს კეთებისას შფოთვას განიცდით.
- ხშირად გრძნობთ შფოთვას ან გაღიზიანებას.
როგორ განვიტვირთოთ მენტალურად?
- სამუშაო დღის მანძილზე მოკლე შესვენებებით ისარგებლეთ, რათა გონებას დამშვიდების საშუალება მისცეთ.
- ჩამოწერეთ გასაკეთებელი საქმეების სიები იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ თქვენს თავში იყოს ისინი.
- შეასრულეთ მარტივი, გონებრივი ამოცანები, მაგალითად დაკეცეთ სარეცხი ან გარეცხეთ ჭურჭელი, რათა გონებას დასვენების შესაძლებლობა მისცეთ.
- შეამცირეთ ღია გვერდების რაოდენობა კომპიუტერზე და თქვენი ამოცანები გასაკეთებელი საქმეების სიაში.
- ცადეთ მედიტაცია ან გონებრივი სავარჯიშოები.
- გაისეირნეთ და გაატარეთ მეტი დრო გარეთ.
ემოციური დასვენება — ასე თქვენი ავთენტური ვერსიისა და ნამდვილი გრძნობების გამოხატვის შესაძლებლობა გაქვთ, ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭების გამუდმებული სურვილისგანაც თავისუფლდებით და წნეხისგან, რომელიც გამუდმებით პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებისკენ გიბიძგებთ.
ნიშნები იმისა, რომ ემოციური დასვენება გაკლიათ:
- თქვენი ნამდვილი გრძნობების დამალვის საჭიროებას გრძნობთ და სხვა ადამიანებთან ნიღაბს ირგებთ.
- არას თქმა გიჭირთ.
- ემოციურად დაღლილი ხართ სხვაზე ზრუნვის გამო.
- ამბობთ, რომ კარგად ხართ, როცა ასე არ არის.
- გამუდმებით რაღაც მძიმე ემოციური ტვირთი გაწევთ.
როგორ განვიტვირთოთ ემოციურად?
- გაატარეთ დრო ადამიანებთან, რომელთაც საკუთარი თავის ავთენტური ვერსია შეგიძლიათ, აჩვენოთ.
- ჩამოწერეთ თქვენი აზრები და გრძნობები ჟურნალში, რათა თქვენს რეალურ ვერსიასთან ხელახლა დაკავშირება შეძლოთ.
- დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები და თქვით არა, როცა საჭირო იქნება.
- ესტუმრეთ მენტალური ჯანმრთელობის თერაპევტს.
სოციალური დასვენება — აქ საქმე იმ ურთიერთობებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას ეხება, რომლებიც ენერგიას გმატებთ.
ნიშნები იმისა, რომ სოციალური დასვენება გაკლიათ:
- განიცდით წნეხს, რომ სხვებისთვის გამუდმებით ხელმისაწვდომი იყოთ.
- იმ ადამიანებთან ატარებთ დროს, რომლებიც თქვენგან იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე თავად გთავაზობენ.
- მარტოსულად გრძნობთ ადამიანებით სავსე გარემოცვაში თავს.
- სოციალური შეკრებები განადგურებთ.
- სოციალური სიტუაციების თავიდან არიდებას ცდილობთ.
როგორ აღვიდგინოთ სოციალური ბატარეა?
- შეამცირეთ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც გფიტავთ.
- დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც პოზიტიურები არიან, მხარს გიჭერენ და გეხმარებიან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენაში.
- განმარტოებისთვის დრო მიეცით საკუთარ თავს, რათა განიტვირთოთ და აღიდგინოთ თქვენი სოციალური ბატარეა.
- გამოყავით დრო იმ პირისპირ შეხვედრებისთვის, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
- უთხარით არა იმ სოციალურ ვალდებულებებს, რომლებიც თქვენსავე ენერგიის დონეებს არ შეესაბამება.
სენსორული დასვენება — საცობების, კაშკაშა განათებების, მანათობელი ეკრანებისა და უწყვეტი შეტყობინებების შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი შეგრძნებები გადაიტვირთა. სენსორული დასვენება კი შეჩერების ღილაკზე თითის დაჭერას ჰგავს, რათა ნერვულ სისტემას განტვირთვის საშუალება მივცეთ.
ნიშნები იმისა, რომ სენსორული დასვენება გაკლიათ:
- ზედმეტი სინათლე და ხმაური გაწუხებთ.
- ეკრანთან დიდი დროის გატარება გფიტავთ.
- თავის ტკივილები და თვალების შეშუპება გაწუხებთ ეკრანთან დროის გატარების შემდეგ.
- ზოგჯერ ერთდროულად ორ ეკრანს იყენებთ.
- ხშირად მოუთმენელი ხართ.
- სიმშვიდე და სიჩუმე გწყურიათ.
როგორ დავისვენოთ სენსორულად?
- შეამცირეთ შეტყობინებები თქვენს მოწყობილობებში.
- ცოტა ხნით გამორთეთ ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.
- დაჯექით მშვიდ, ნაკლებად განათებულ ოთახში და რამდენიმე წუთით თვალი დახუჭეთ.
- მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, თუ გესიამოვნებათ.
- მიმართეთ მედიტაციას.
- გადით გარეთ სუფთა გაერის ჩასასუნთქად და ბუნებრივი სინათლის მისაღებად.
შემოქმედებითი დასვენება — აქ კი უკვე საქმე შთაგონებისა და ცნობისმოყვარეობის ხელახლა აღმოჩენას ეხება.
ნიშნები იმისა, რომ შემოქმედებითი დასვენება გაკლიათ:
- შთაგონებას ვერ პოულობთ.
- თქვენი იდეები უინტერესოა.
- სამსახური ერთგვაროვანი და მოსაწყენი გეჩვენებათ.
- ჩარჩოებს მიღმა ფიქრი გიჭირთ.
- ბედნიერებისა და ინტერესის შეგრძნება გაკლიათ.
როგორ აღვიდგინოთ შემოქმედებითი ბატარეა?
- გაატარეთ დრო ბუნებაში და დააკვირდით, რამდენად მშვენიერია იგი.
- ჩართეთ ხელოვნება თქვენს რუტინაში, ესტუმრეთ გალერეებს, მოუსმინეთ მუსიკებს ან ისიამოვნეთ შთამაგონებელი კონტენტით.
- გაერთეთ შემოქმედებითი ჰობებით, იქნება ეს ხატვა თუ გაფერადება, თანაც სულაც არ მოგეთხოვებათ, რომ ამაში საუკეთესო იყოთ.
- შეისვენეთ შემოქმედებითი პროექტისგან და განახლებული ხედვით დაუბრუნდით მას.
- შეცვალეთ თქვენი რუტინა ან გარემო.
- მიეცით თქვენს თავს არასტრუქტურიზებული დრო ოცნებებისთვის.
სულიერი დასვენება — დაბოლოს, ამგვარი დასვენება საკუთარ თავზე ბევრად დიდ რაღაცებთან დაკავშირებას ეხება, იქნება ეს ბედი, იდენტობა თუ საზოგადოება. ხშირად აღნიშნული კუთვნილების, მიზნისა და მიმღებლობის შეგრძნებებს აჩენს.
ნიშნები იმისა, რომ სულიერი დასვენება გაკლიათ:
- კავშირის ნაკლებობას გრძნობთ, ფიქრობთ, რომ ცხოვრებას მნიშვნელობა აკლია.
- თქვენს მიზანსა და მიმართულებას კითხვით ნიშნის ქვეშ აყენებთ.
- კუთვნილების გრძნობისგან იზოლირებული ხართ.
- გგონიათ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ სამსახურისა და ყოველდღიური პასუხისმგებლობებისგან შედგება.
- სიცარიელესა და ცინიზმს გრძნობთ.
როგორ განვიტვირთოთ სულიერად?
- ჩაერთეთ ისეთ სულიერ პრაქტიკებში, როგორებიცაა ლოცვა ან მედიტაცია.
- გახდით მოხალისე იმ მიმართულებით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
- დაუკავშირდით საზოგადოებას, რომელთანაც ღირებულებებს იზიარებთ.
- გამოხატეთ მადლიერება კონკრეტული საკითხების გამო.
- წარმოაჩინეთ თქვენი ღირეულებები და ქმედებებიც მათ შეუსაბამეთ.










