in

როგორ აუმჯობესებს დასვენება ჩვენს პროფესიულ შესაძლებლობებს?

„დასვენების ცოდვაში როგორ ჩავდგამ ფეხს?“ — სხვადასხვა ფორმულებით, მაგრამ მაინც ბევრ ჩვენგანს გასდევს ამგვარი ფიქრები ყოველდღიურ ფონად. თან თითქოს სამყაროც გვასწავლის, რომ ხანგრძლივად მუშაობა გარდაუვალი მოცემულობაა. გულის სიღრმეში იმასაც ვფიქრობთ, ზედმეტი მუშაობა ღირსების ნიშანია და მეტადაც დავფასდებითო. თუმცა ეს არაჯანსაღი მიდგომაა, ხანგრძლივ პერსპექტივაში კარგს არაფერს მოგვიტანს.

დღევანდელ 24/7 სამყაროში დასვენება ნაკლებადაა წახალისებული, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. პრაქტიკულად, ძველი საზოგადოებები კარგ ცხოვრებას მუშაობისა და დასვენების დაბალანსებას უკავშირებდნენ. ხოლო ნეირომეცნიერებისა და ფსიქოლოგების ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, დასვენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას — აძლიერებს სწავლის უნარ-ჩვევებს, ასტიმულირებს შემოქმედებითობას.

„ისტორიის ყველაზე წარმატებული მეცნიერები, მწერლები და სამხედრო ლიდერები გაცილებით ნაკლებ საათს უთმობდნენ მუშაობას. მათი ყოველდღიური რუტინა აუცილებლად მოიცავდა დასვენების ეპიზოდებს. მაგალითად, ნატურალისტი ჩარლზ დარვინი და გენეტიკოსი ბარბარა მაკკლინტოკი ყოველდღე სეირნობდნენ — მათ იცოდნენ, რომ მუშაობა და დასვენება ერთმანეთის საპირისპირო ცნებებს არ წარმოადგენს“, — ამბობს ალექს სოჯუნგ-კიმ პანგი, მწერალი და ექსპერტი, რომელიც მუშაობის, კრეატიულობის მიმართულებით იკვლევს საკითხებს.

ამიტომაც, პირველ რიგში განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის დასვენება. ღამით გამოძინება კარგია, მაგრამ საკმარისს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ამას გარდა, ე. წ. „აღდგენითი დასვენება“ გვესაჭიროება — იქნება ეს ვარჯიში, სეირნობა, გარკვეული ჰობით დაკავება თუ სხვა. ამ გზით ეფექტურად „დავიმუხტებით“ გონებრივად და ფიზიკურად. მეტი გამძლეობაც გვექნება. უბრალოდ, ამას არა თუ ერთჯერადი, არამედ მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს. „შემოქმედებითმა ადამიანებმა ყურადღების გაფანტვის გარეშე უნდა შეძლონ დასვენება და დღეში 4-5 საათი გამოყონ განტვირთვისთვის. მიეცით საკუთარ არაცნობიერს უფლება, ზოგჯერ მხოლოდ მან იფიქროს — შედეგად, მნიშვნელოვნად იმატებს შთამბეჭდავი, განსხვავებული იდეები“.

ამავდროულად, დასვენების თემა სერიოზულად უნდა აღიქვათ და მხოლოდ დივანზე წამოწოლასთან არ ასოცირდებოდეს. მაგალითად, ცნობილი მეცნიერები თუ აღმასრულებელი დირექტორები მოყვარული მხატვრები, მუსიკოსები ან შეფ-მზარეულები არიან. ეს არის ჰობი, რომელიც უზრუნველყოფს მიღწევის, კონტროლისა და ოსტატობის იმავე გრძნობას, როგორსაც მუშაობის დროს იღებენ. უბრალოდ, ყველაფერი განსხვავებულ გარემოში ხდება — მეტად მოდუნებულებიც ვართ, თავისუფლები და ლაღები.

ამასთანავე, კარგი იქნება, თუ დასვენებას სოციალურ სახეს მისცემთ, რაც კოლეგასთან, მეგობართან შეხვედრას ან ნებისმიერ მსგავს აქტივობას გულისხმობს. დატვირთული, დიდი მონდომების მქონე ადამიანებისთვის დასვენება ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ მის სარგებელზე უნდა დაფიქრდეთ…

Beats by Dre-ს ვიდეორგოლი ინსპირაციულ შთაგონებებს ეხება

ნდობა მონაცემების ნაცვლად — რას ურჩევს Meta მარკეტერებს?