in

რატომ ეშინიათ შემოქმედებით ადამიანებს დასვენების?

M2
M2

ახლა საშობაო არდადეგები მოდის, რაც ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო დღეებთან ასოცირდება — დასვენება, საქმეების დროებით დავიწყება და უბრალოდ განტვირთვა. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც ნამდვილ წამებად იქცევა ეს უმოქმედობა. სინდისი აწუხებთ, როგორ შეიძლება დროის ასე ფუჭად დაკარგვა… თავს დამნაშავედ გრძნობენ, რადგან გვერდზე უწევთ ყოველდღიური ფუსფუსის გადადება და შიშობენ, ყოველი დაკარგული წუთით უამრავ შანსს ხომ არ უშვებენ ხელიდან.

ბუნებრივია, მსგავსი განცდები განსაკუთრებით შემოქმედებით სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აწუხებთ. ამიტომაც, სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რათა ამჯერად მაინც შეძლოთ დასვენების გამოყენება.

რატომ ეშინიათ შემოქმედებით ადამიანებს დასვენების? — ამ კითხვაზე პასუხის ერთ-ერთი ნაწილი სამუშაო კულტურას ეხება, რომელიც დღეისათვის არსებული პროფესიების დიდ ნაწილს მოიცავს. „სამწუხაროდ, გავრცელებულია მითი იმის შესახებ, რომ თუ ყოველთვის არ მუშაობ, ნამდვილი შემოქმედებითი ადამიანი არ ხარ. არ შეგიძლია, უბრალოდ გაისეირნო ან სხვაგვარად განიტვირთო. მხოლოდ ძილის უფლება გაქვს, ისიც ცოტა ხნით. ყოველ ჯერზე, როცა დასვენებას გადავწყვეტ, დანაშაულის გრძნობა მეუფლება“, — ამბობს ერთ-ერთი დიზაინერი, მეთ ბუშერი.

რაციონალურ დონეზე ყველამ კარგად ვიცით, რომ დასვენება ნორმალური მდგომარეობაა. უბრალოდ, ინსტინქტურად ვიშორებთ თავიდან. ბევრისთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე მუდმივი ზრუნვა და დარდი კი მეტად ამძაფრებს ყველაფერს.

„ტვინი ნებისმიერი სხვა კუნთის მსგავსია. თუ მას ზედმეტად გადატვირთავთ, საჭირო დასვენებისა და აღდგენის გარეშე, აუცილებლად დიდ ზიანს მიიღებთ. ეს კიდევ უფრო აქტუალურია კრეატიულ სამყაროში მუშაობისას… ჩვენს ტვინს დრო სჭირდება, რათა შემოქმედებითი საკითხებიც უკეთ გადაჭრას.

დიდ სააგენტოებში მუშაობისას გამოუთქმელ ზეწოლას ვაწყდებოდით, რათა უკიდურეს წერტილამდე გვემუშავა. ადრე მივდიოდით, გვიანობამდე ვრჩებოდით და სადილსაც სამუშაო მაგიდასთან მივირთმევდით. თუმცა მივხვდი, რომ უნდა შევჩერებულიყავი — დროის დაბალანსება დავიწყე. რა თქმა უნდა, მომენტალურად გაუმჯობესდა როგორც ჩემი მდგომარეობა, ისე პროდუქტიულობა“, — აღნიშნავს ბრენდის კონსულტანტი შონ კირკპატრიკი.

გადაწვით გადაწვა

რეალურად, გადაწვით გადაწვა ყველაზე დიდი ზიანის მომტანია. საბოლოოდ, შეიძლება, ტოტალური გამოფიტვის წინაშე აღმოჩნდეთ — ასე შემოქმედებით უნარებთანაც დაკარგავთ კავშირს, რადგან ყველაფერს უბრალო ვალდებულებად აქცევთ. წლების განმავლობაში ეტაპობრივად ნაშენ პროფესიონალიზმს ჩამოამსხვრევთ.

„მეცნიერულად დადასტურებულია, რომ არაცნობიერი გონება ისეთივე აქტიურია, როგორც ჩვენი ცნობიერი. მაგრამ თუ სათანადო დროს არ დავუტოვებთ მას, რათა ყველაფერი გადაამუშაოს, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, სარგებელს ვერ მივიღებთ“, — განმარტავს ილუსტრატორი ბენ ტალონი.

მაშინაც კი, თუ გადაწვის პრობლემას აირიდებთ თავიდან, ზედმეტი მუშაობის სხვა უარყოფით შედეგებს მაინც ვერ აუვლით გვერდს. პრობლემები კი მრავალგვარია — ძილის ნაკლებობით დაწყებული, ემოციური გაღიზიანებითა და მენტალური მდგომარეობის გაუარესებით დასრულებული.

შესვენებები ქმნის იდეებს

კრეატიულობა მუდმივად კომპიუტერის წინ ჯდომით არ ვითარდება. ადამიანური ურთიერთობები, გარეთ გასვლა და უამრავ სხვადასხვა სიტუაციაში აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია — ისეთ ადგილებში წააწყდებით შთაგონების ელემენტებს, სადაც ვერც კი წარმოიდგენთ. „ჩემი ფოტოპროექტი Not Quite Light გაჩნდა ერთ საღამოს, როდესაც მეგობართან ერთად ძაღლს ვასეირნებდი. უცბად შევამჩნიე, რომ საფლავის ქვას შუქი ეცემოდა. უცბად გამიჩნდა იდეა, რა მოხდებოდა, ამ შუქს სულების გაცოცხლება რომ შესძლებოდა? სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რეგენერაციის თემის შესწავლა“, — არტისტი საიმონ ბაკლი.

„სასწაულების გჯერა?“ – მაკდონალდსის საახალწლო კამპანია

2023 წლის 5 ბესტსელერი ქართული და უცხოური წიგნი „ინტელექტისგან“