რა ხდის ადამიანს სხვაზე კრეატიულს? კრეატიულობის განსაზღვრა ძნელია და, შესაძლოა, ძნელი გასაზომიც კი. თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ საოცრად მარტივი გზა მიიღეს კრეატიულობის მინიმუმ ერთი ასპექტის გასაზომად.
ეს არის ტესტი, რომლის შესრულებასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. Divergent Association Task (DAT)-ის სახელით ცნობილ მეთოდში ადამიანებმა 10 არსებითი სახელი უნდა დაასახელონ — თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან ყველაზე განსხვავებული მნიშვნელობა უნდა ჰქოდეს… მაგალითად, „წიგნი“ და „კატა“ უფრო განსხვავდებიან, ვიდრე „ძაღლი“ და „კატა“. შემდეგ კი შემდეგ კომპიუტერული ალგორითმი ზომავს ამ სემანტიკურ მანძილს — რამდენად დაკავშირებულია ორი სიტყვა ერთმანეთთან.
საგულისხმოა, რომ 8 914 მოხალისის პასუხების ანალიზის საფუძველზე, DAT სულ მცირე ისეთივე კარგია, როგორც თანამედროვე მეთოდები ადამიანის შემოქმედების პროგნოზირებისთვის. „რამდენიმე თეორია ამტკიცებს, რომ შემოქმედებით ადამიანებს უფრო მრავალფეროვანი იდეების გენერირება შეუძლიათ. თუ ეს ასეა, მაშინ უბრალოდ დაუკავშირებელი სიტყვების დასახელება და შემდეგ მათ შორის სემანტიკური მანძილის გაზომვა, შეიძლება განსხვავებული აზროვნების ობიექტური საზომი იყოს“, — წერენ მკვლევრები.
ამასთან, Alternative Usage (ამოცანა, რომელშიც ობიექტის რაც შეიძლება მეტ გამოყენებაზე ფიქრობთ) და Associative Gap Bridging (სადაც ორი სიტყვის მესამე სიტყვასთან დაკავშირებას ცდილობთ) კრეატიულობის ორი არსებული საზომია.
DAT-ის კრეატიულობის საზომები კორელაციაში იყო როგორც სხვა ქულებთან, ისე ერთმანეთთან, რაც ნიშნავს, რომ ის ისეთივე სასარგებლოა შემოქმედებითობის შესაფასებლად, როგორც უფრო დახვეწილი ინსტრუმენტები. უფრო მეტიც, მონაცემების თანახმად, მისი ეფექტურობა სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფზე ვრცელდება, რაც მას ფართომასშტაბიანი კვლევებისთვის სასარგებლოს ხდის.
ახალი DAT ტესტის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივე და სისწრაფეა. თანაც, არ საჭიროებს ადამიანის რაიმე შეფასებას, რაც მიკერძოებას სრულად გამორიცხავს. უბრალოდ, მკვლევრების თანახმად, პროგრამა შემოქმედების ყველა ასპექტს არ ზომავს. „მაგრამ ეს შედეგები საშუალებას იძლევა, კრეატიულობა უფრო დიდ, მრავალფეროვან ნიმუშებში შეფასდეს, რაც საბოლოოდ გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ადამიანის ეს ფუნდამენტური უნარი“.
როგორც ფსიქოლოგმა ჯეი ოლსონმა აღნიშნა, DAT განსხვავებულ აზროვნებას და ვერბალურ კრეატიულობას იკვლევს — ის არ გეტყვით, რამდენად შემოქმედებითი შეიძლება იყოთ, მაგალითად, სამზარეულოში საჭმლის მომზადებისას, რომელიც სხვადასხვა უნარს საჭიროებს.
მთლიანობაში, იდეა ფსიქოლოგების დაკვირვებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, მეტად კრეატიულ ადამიანებს გონებაში უფრო ადვილად შეუძლიათ შორეული ელემენტების დაკავშირება. ეს რთული სურათია, მაგრამ DAT მიდგომამ, შესაძლოა, გააადვილოს მომავალი კვლევა შემოქმედებითობაზე.