in

რატომაა რთული კომპანიის მართვის მონაცემთა ბაზაზე დაფუძნება

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მონაცემების როლის ზრდა, კომპანიების მართვის საკითხებში უფრო და უფრო ტენდენციური ხდება. ორგანიზაციები ტექონლოგიური განვითარების ფონზე, ცდილობენ ინფორმაციის მოპოვების უფრო მძლავრი ბერკეტები შეიმუშაონ და გადაწყვეტილებებში მონაცემთა ბაზის მნიშვნელობა გაზარდონ.

თუმცა, ამჟამად, მათთვის, ვინც მონაცემთა სტრატეგიაზე მუშაობს, ყველაზე დიდი გამოწვევა,  შესაძლოა, სულაც არ იყოს დაკავშირებული ტექნოლოგიებთან. NewVantage Partners-ის უახლეს ყოველწლიურ გამოკითხვაში, აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს იმპერატივი კულტურული ცვლილებაა. მონაცემთა ბაზირება დამოკიდებულია ადამიანებისა და ორგანიზაციების უნარზე, მოერგონ ცვლილებას. ეს წმინდად სოციალური და ტექნოლოგიური საკითხია. დიდი ხნის დაარსებული კომპანიები, რომლებიც წარმატებულები იყვნენ თაობებისა თუ საუკუნეების განმავლობაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთ ღამეში შეიცვლებიან. გამოცდილებიდან გვახსოვს, რომ ყველა ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას, მათ შორის ინტერნეტის დანერგვას, ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება და ზოგიერთ შემთხვევაში ათეულობით წლების მანძილზე გრძელდება. ანალოგიურად, კომპანიების მცდელობა, მართვა მონაცემთა ბაზაზე  დააფუძნონ, წარმოადგენს ბიზნესის ტრანსფორმაციას, რომელიც მთელი თაობის განმავლობაში ვითარდება.

მონაცემთა რაოდენობა და მათი მოპოვების ბერკეტები, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად იზრდება. ასეთ პირობებში, პროცესი წინასწარგანსაზღვრული ვერ იქნება. მისი დინამიკა უმაღლესი ხარისხის ანალიტიკის ფონზეც კი, რთულად ამოსაცნობია.

საინტერესოა, როგორ უნდა შევძლოთ პროცესის გააზრება, დაბრკოლებების სწორად იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ გონივრული ომის გამოცხადება.

რა დაბრკოლებები ახლავს თან მონაცემთა ბაზაზე გადაწყობას

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემებით განსაზღვრული მართვის მიღწევა თანამედროვე ორგანიზაციათა უმეტესობის მისწრაფებად რჩება, NewVantage Partners-ის კვლევა გვიჩვენებს, რომ ამ სურვილის რეალობად ქცევას მხოლოდ 26.5% ახერხებს. აღმასრულებელთა 91.9% ყველაზე დიდ ბარიერად კულტურულ დაბრკოლებებს ასახელებს.

გარდა ამისა, დღეს, კორპორაციები აწყდებიან მონაცემთა უზარმაზარ მოცულობას და  ინფორმაციის ახალ წყაროებს. ეს უკანასკნელი მოიცავს სენსორულ მონაცემებს, სიგნალებს, ტექსტებს, სურათებს და არასტრუქტურირებული მონაცემების სხვა ფორმებს. კომპანიებმა უნდა აღიარონ და გაიაზრონ, რომ მონაცემები წარმოადგენს ბიზნეს აქტივს, რომლის „სუფთად“ მართვა და მისგან თანმიმდევრული სარგებლის მიღება, თითქმის შეუძლებელია.

არსებობს კიდევ ერთი სწრაფად მზარდი და მასშტაბური დაბრკოლება. ეს არის დაუცველობის, შფოთვის განწყობა, როდესაც საქმე მონაცემთა მფლობელობასა და მართვას ეხება. ადამიანებს პირადი ინფორმაციის პასუხისმგებლიანად და ეთიკურად გამოყენების გარანტია სჭირდებათ, რასაც ხშირად ვერ იღებენ. წლევანდელი გამოკითხვა ხაზს უსვამს კორპორაციული შეშფოთების სიღრმეს ამ მიმართულებით. ლიდერების მხოლოდ 21.6% აცხადებს, რომ ინდუსტრიამ საკმარისად იზრუნა მონაცემების პასუხისმგებლიანად მართვისა და AI ეთიკის სტანდარტების შემუშავებაზე.

რა ეხმარება ორგანიზაციას დააფუძნოს მართვა მაქსიმალურად მეტ მონაცემზე

გახდე მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული, ნიშნავს მოგზაურობას, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს, ზოგიერთი ორგანიზაციის შემთხვევაში კი, ათწლეულებსაც აღწევს. საინტერესოა, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ბიზნესლიდერებს ამ პროცესის დასაჩქარებლად. გამოცდილება გვეუბნება, რომ მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული მართვის ორგანიზაციებში, მუდმივადაა გამოხატული განმასხვავებელი ნიშნები, რაც შეგვიძლია, სამ ძირითად მამოძრავებელ პრინციპად დავყოთ.

ფიქრის არაორდინალური მანერა

რთულია, გახდე მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, განსხვავებულად აზროვნების გარეშე. კომპანიები მზად უნდა იყვნენ არაორდინალურად იფიქრონ. ამ მიმართულებით, მთავარი პრობლემა ანალიტიკური ალგორითმების ნაკლებობა არ არის. მისი არსებობა არაფერს ნიშნავს თუ თან კრიტიკული აზროვნება, შესაბამისი განსჯა და შემოქმედებითი ინოვაციების ხედვა არ ახლავს.

დამარცხდით სწრაფად

დამარცხდე სწრაფად ნიშნავს, ისწავლო სწრაფად. მონაცემთა ლიდერებს ესმით, რომ ინდივიდები და ორგანიზაციები იზრდებიან გამოცდილებით, რაც ხშირად იწვევს პროცესში შეცდომების ამოტივტივებას. მარცხი ინოვაციის საფუძველია. კომპანიებს, რომლებსაც ეს ესმით, არ ეშინიათ მოკლევადიანი წარუმატებლობების. შედეგად, იზრდება მათი მცდელობების რაოდენობა, რაც კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ დგომის საშუალებას აძლევთ.

ფოკუსირება გრძელვადიან პერსპექტივაზე

პროცესი, რომელიც დიდ ტრანსფორმაციასთანაა დაკავშირებული, არ შეიძლება გაიზომოს მოკლევადიანი შედეგებითა და მიზნებით. გახდე მონაცემებზე დაფუძნებული, პროცესია, რომელთან ერთადაც არსებობა უნდა განაგრძოთ. ნუ ეცდებით სრულყოფილებას. მონაცემებზე ორიენტირებული კომპანიები აღიარებენ, რომ წარმატება პირველივე ნაბიჯებით არ მოდის. ის განმეორებითი მცდელობებით მიიღწევა, იზრდება და ვრცელდება. წარმატებული ორგანიზაციები არ სჯერდებიან მოკლევადიან ხედვას და აქცენტს გრძელვადიან პერსპექტივაზე აკეთებენ.

 

წყარო: HBR



ქართველი ექაუნთ დირექტორები თავიანთ პროფესიაზე გვიყვებიან

16 წლის მოჭადრაკემ მსოფლიო ჩემპიონი, მაგნუს კარლსენი დაამარცხა!