in ,

რატომ გვჭირდება მონაცემთა ჟურნალისტიკა და როგორ იყენებს მას უცხოური მედია

შესაძლოა, აქამდე ამდენად შესამჩნევი არ ყოფილა, თუმცა, COVID-19-მა თითოეულ ჩვენგანს საკუთარ თავზე გამოაცდევინა მონაცემთა ჟურნალისტიკის მნიშვნელობა. მონაცემთა ჟურნალისტიკის, რომელმაც, ამ პერიოდში, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზღვა მონაცემის ანალიზი და მარტივ ვიზუალიზაციებში მოქცევა შეძლო. მსგავს გამოსახულებებს ჩვენ ვხედავდით სოციალურ ქსელებსა თუ სტატიებში. ისინი მარტივად გვიჩვენებდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანცირებას, ხელების დაბანას, ან ასახავდნენ იმას, რა გავლენა აქვს პანდემიას ქვეყნის ეკონომიკაზე.

საქართველოში მონაცემთა ჟურნალისტიკა განუვითარებელი სფეროა. ეს სფერო მოიცავს და მოითხოვს დიდი რაოდენობით ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებასა და შედეგის გასაგები ვიზუალური მეტაფორებით გადმოცემას. მეტიც, ამ დიდ მონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა მოვლენის პროგნოზირებასაც. ხოლო მონაცემთა ჟურნალისტი არის ჟურნალისტი, რომელიც ერკვევა მონაცემებში, ფლობს სტატისტიკური ანალიზის უნარებსა და იცის შესაბამისი პროგრამები, რომ ვიზუალურად გასაგებად გადმოსცეს ესა თუ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

Washington Post-ის ვიზუალიზაცია სოციალური დისტანცირების თემაზე

ჩვენ არ გვქონდა და არ გვაქვს მედიარესურსი, რომელიც მონაცემთა ჟურნალისტიკის მიმართულებით სპეციალიზირდება, შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა და არ გვაქვს ქართულ სტატისტიკაზე დაფუძნებული მონაცემთა ვიზუალიზაციები, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემასთან თუ ეკონომიკასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეფექტური, ყველასთვის გასაგები გზით ასახავდა. თუმცა, გვაქვს ღონისძიებები, სადაც ამ სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას აზიარებენ მსოფლიოს დონის პროფესიონალები. შესაბამისად, სფეროთი დაინტერესების შემთხვევები შეიძლება უკვე გვქონდეს. ასეთ ღონისძიებებში ვგულისხმობთ მონაცემთა ფესტივალ Datafest Tbilisi-ს სპეციალურ გამოშვებას – DataFest Online, რომელიც 22-24 მაისს, მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია „ფორსეტისა“, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI-ს ორგანიზებით გაიმართა. სტატიის ფარგლებში კი იმ გამომსვლელების ნაამბობს შევაჯამებთ, რომელიც ღონისძიებას მონაცემთა ჟურნალისტიკის კუთხით შემოუერთდნენ. ესენი არიან – ჰარი სტივენსი Washington Post-იდან, ამანდა მაკულეკი Excella-დან, პოლ რადუ Occrp-დან და იარინა სერკეზი The New York Times-იდან.

მანამ, სანამ მათი ნაამბობის მოკლე მიმოხილვას ვეცდებით, წარმოგიდგენთ საკმაოდ შთამბეჭდავ და სამწუხარო მონაცემთა ვიზუალიზაციას, რომელიც 2004-დან 2013 წლამდე, პაკისტანში უპილოტო დაბომბვების შედეგად დაღუპული ადამიანების სტატისტიკას ვიდეოვიზუალიზაციის გზით გადმოგვცემს. 

ახალი ამბების ჟურნალისტისგან განსხვავებით, მონაცემთა ჟურნალისტი პუბლიკაციაზე მუშაობას დიდ დროს უთმობს. მაგალითად, Washington Post-ზე განთავსებული, მონაცემთა ვიზუალიზაციებით გაჯერებული და როგორც მისი ავტორი აღნიშნავს, ყველაზე მეტი ნახვის მქონე სტატიაზე მუშაობას ჰარი სტივენსმა ორი კვირა დაუთმო. მასში გამოყენებული ვიზუალიზაციები „ჯავასკრიპტშია“ აწყობილი. სტატია გადმოსცემს, თუ რატომ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები ექსპონენციალურად და როგორ უნდა ავარიდოთ თავი ვირუსის გავრცელებას. ჰარი სტივენსი ამბობს, რომ მრავალმშრიანი მონაცემები მკითხველისთვის რთულად გასაგებია. სწორედ ამიტომ უნდა მივმართოთ ვიზუალურ მეტაფორებს და თუ ის მკითხველს არ ესმის, ეს შენი ბრალია და არა მისი. ჰარი სტივენსის თქმით, არ შეიძლება User Error უწოდო ნებისმიერ ფაქტს, როცა მკითხველმა შენი ვიზუალური მეტაფორა ვერ გაიგო, რადგან მონაცემთა ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა სწორედ ყველასთვის, ნებისმიერი სოციალური ფენის, განათლებისა თუ სფეროს ადამიანისთვის გასაგები ვიზუალური მეტაფორების მოფიქრებაა.

რუმინელი ჟურნალისტი – პოლ რადუ, რომელიც ასევე DataFest Online-ის სპიკერი იყო, მონაცემთა ჟურნალისტიკას საგამოძიებო მიზნებისთვის იყენებს. მას დაფუძნებული აქვს ორგანიზაცია, რომელიც ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვალს სწორედ რომ მონაცემებზე დაყრდნობით ადგას. მონაცემთა ანალიზი მათთვის ისაა, რაც არამხოლოდ დანაშაულისა და კორუფციის გამოვლენაში ეხმარება, არამედ ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც მისი ჯგუფი შემდგომი დანაშაულების პროგნოზირებისა და წინასწარი აღკვეთისთვის იყენებს. პოლი აღნიშნავს, რომ მონაცემები კონტექსტის გარეშე აზრს კარგავენ, შესაბამისად, მათი დამუშავებისა და ანალიზის უნარებთან ერთად, მნიშვნელოვანია კარგად ვაცნობიერებდეთ „დიდ სურათს“ – კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც მიღებული შედეგი მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს. მისი თქმით, მონაცემთა ჟურნალისტიკა გეხმარება აღმოაჩინო დანაშაული მანამ, სანამ ის მოხდება.

მონაცემთა ჟურნალისტიკა ამბის თხრობის საკმაოდ შთამბეჭდავი ფორმაა, თუმცა, როგორც ამანდა მაკულეკი ამბობს, დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. აუცილებელია, გააზრებული გვქონდეს და გულწრფელები ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რეალურად რა ვიცით და რა არა, რისი თქმის საშუალებას გვაძლევს მონაცემები და რისას – არა. მოკლედ რომ ვთქვათ, ისევე, როგორც კლასიკურ ჟურნალისტიკაში, მონაცემთა ჟურნალისტიკაშიც ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და სიზუსტე მთავარი ღირებულებებია, ისევე, როგორც ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას პასუხისმგებლობით აღჭურვა. ამანდას თქმით, იმაში, თუ რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს არასწორი ვიზუალიზაციები COVID-19-ის პერიოდმა კარგად დაგვარწმუნა. ხოლო კითხვაზე, როგორ უნდა ვასწავლოთ მკითხველს „ჩარტების“ ან მონაცემთა ვიზუალიზაციების წაკითხვა, ამანდა პასუხობს – მეტი განათლებით. თუმცა, სტივენის მსგავსად, აღნიშნავს იმასაც, რომ თუ ერთმა მკითხველმა მაინც ვერ გაიგო რისი თქმა გინდოდა მონაცემთა ვიზუალიზაციით, ეს ჟურნალისტის ბრალია და არა მისი.

The New York Times-ის მონაცემთა ჟურნალისტი – იარინა სერკეზი კი აღნიშნავს, რომ მონაცემთა ჟურნალისტიკა გვაძლევს საშუალებას ამბის თხრობის ახალ, ვიზუალურ გზას მივმართოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა ათასწლეულებია ნაპოვნი გვაქვს მხატვრობისა თუ ხელოვნების სხვა მიმდინარეობების სახით და მათ ჟურნალისტიკაშიც ვიყენებდით, ეს მაინც განსხვავებული რამაა. გაჩნდა ცალკე პროფესია, რომელიც ვიზუალური პროდუქტის შესაქმნელად უნდა დაეყრდნოს უამრავ მონაცემს, უამრავ რიცხვს. მსგავსი პრაქტიკა, ინფოგრაფიკების სახით, არჩევნებისას თუ მნიშვნელოვანი მოვლენებისას გვხვდება ხოლმე, თუმცა, მონაცემთა ჟურნალისტი მხოლოდ ერთ მონაცემთა ბაზას არ უნდა დაეყრდნოს. როგორც იარინა ამბობს, ერთი მონაცემთა ბაზა ზუსტი პასუხი იშვიათადაა და გარდა ამისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ფაქტები და მოვლენები, რომლებსაც დიდი შანსია, ჩვენი მონაცემთა ბაზები არ ასახავდნენ. აქვე გთავაზობთ ერთ-ერთ სლაიდს მისი პრეზენტაციიდან. 

დასასრულისკენ კი წარმოგიდგენთ The New York Times-ის ერთ-ერთ უახლეს მონაცემთა ვიზუალიზაციას, რომელიც აშშ-ში მიმდინარე პროტესტის ტალღას ეხება. ეხება იმას, თუ როგორ მოიცვა Black Lives Matter-მა ამერიკის ყველა შტატი. 

რაც უფრო დიდი დრო გადის, სამყაროში სულ უფრო მეტი ინფორმაცია/მონაცემი გროვდება და ადამიანის გონებას სულ უფრო მეტის გადამუშავება უწევს. იმისათვის, რომ დიდი მონაცემები მარტივად და დროის დამზოგავად მივიტანოთ მკითხველამდე, თუ მაყურებლამდე, სიტყვები საკმარისი აღარ არის. გვჭირდება მონაცემებით გამყარებული და სანდო ვიზუალური კომუნიკაცია. საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად კი ეფექტური და მარტივი ვიზუალური მეტაფორები უნდა ვიპოვოთ. უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ ჩავატიოთ ზღვა ინფორმაცია ერთ მარტივ გამოსახულებაში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, მაშინ, როცა ბევრი რამ ხდება დათვლადი და სტატისტიკური მეთოდებიც სულ უფრო იხვეწება, ჟურნალისტიკას აქვს შანსი ადაპტირდეს ინფორმაციული არქიტექტურის ახალ რეალობაში. მონაცემთა ჟურნალისტის პროფესიის გაჩენა კი ამ შეგუების პირველი ნაბიჯად შეგვიძლია მივიღოთ. მით უფრო მაშინ, როცა ჩვენი ყველა ნაბიჯი უკვე მონაცემია. მისი დამუშავება და სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენება უნდა შეგვეძლოს და ეს რთულია. რთულია მონაცემთა ჟურნალისტიკა, ისევე, როგორც, უბრალოდ, კარგი ჟურნალისტიკა. თუმცა, ეს ამ სფეროს მომავალია და ჩვენ მისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ.

ავტორი: ხატია თორდუა

„ჩვენი არსებობით პასუხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ კითხვას გავეცით: „რა ვაჩუქო?“ – „მონამი“

100 დღის განმავლობაში შექმნილი 100 ბიტი – მიშო ელიავას გამოწვევა დასრულდა