in

„ჩემი მუსიკით მინდა, ადამიანს ვუთხრა, რომ მარტო არ არის” – დათა კაციტაძე

„ნუ მიეყრდნობით” – ჰო, ეს წარწერა მეტროს კარებზე ბევრჯერ გექნებათ დანახული. მიუხედავად გაფრთხილებისა, მაინც ყველა რომ ეყრდნობა, თითქოს უკუღმა ესმით და „მიეყრდენით” წერიაო, მაგრამ დღეს სულ სხვა თემაზე უნდა გელაპარაკოთ, არაფერ შუაში რომ არ არის არც მიწისქვეშა ტრანსპორტთან და მე რომ მეგონა, ინსპირაცია აქედან იყო წამოსული და გასიმბოლურებული, თურმე მაგაშიც შევმცდარვარ – რესპონდენტმა მითხრა, უბრალოდ, მოგვეწონა ეს სახელწოდება და მაგიტომ დავირქვით, რაღაცნაირად, კარგად ჟღერდა, როგორც ბენდის სახელიო…

რესპონდენტი კი დათა კაციტაძეა – ახალგაზრდა მელომანები განსაკუთრებით კარგად რომ იცნობენ, ის ადამიანი. ჯერ თავისი სარეპეტიციო სტუდია ჰქონდა, ახლა ბარი, სადაც ანდერგრაუნდმუსიკის პოპულარიზაციას ეწევა და, ამ ყველაფერთან ერთად, 14 წლიდან მუსიკასაც წერს. ბენდი „ნუ მიეყრდნობით” თავის მეგობართან თინეიჯერობის ასაკშივე დააარსა და მას მერე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს მათი სიმღერები.

პირველი სიმღერა „ილუზია” მსმენელისთვის დღემდე ძალიან საყვარელია, თუმცა, როგორც დათა იხსენებს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს სიმღერა მაშინ დაიწერა და ჩაიწერა, როცა ჯერ ძალიან დამწყებნი იყვნენ და დაკვრა წესიერად არ იცოდნენ. 

დათა კაციტაძე: 

მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ერთ დღეს არ შემოსულა, არამედ თავიდანვე არსებობდა, რადგან მელომანების ოჯახში გავიზარდე და სულ პატარა ასაკიდან ვეზიარე გემოვნებიან მუსიკას. ჩემი საყვარელი ჯგუფი იყო The Beatles. 

დაახლოებით 14 წლიდან დავიწყე Nirvana-ს მოსმენა და მაშინ დავიწყე გიტარაზე დაკვრაც. მყავდა ერთი მეგობარი DJ, რომელსაც გავუზიარე ბენდის გაკეთების სურვილი და შემომთავაზა, რომ დრამზე დაუკრავდა. 

წავედით სარეპეტიციოში და, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე დრამზე საერთოდ არ უკრავდა, კარგად გამოუვიდა. გავაკეთეთ ბენდი, დავიწყეთ ინტენსიური რეპეტიციები და დაახლოებით ერთ თვეში კონცერტიც კი ჩავატარეთ ბარ „კრეატორში”, რომელიც იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე იყო ჩვენნაირი ბენდებისთვის.

ვუკრავდით ჩემს სიმღერებს, რადგან, ასევე, 14 წლიდან დავიწყე სიმღერების წერაც და პირველი იყო „ილუზია”. გავაკეთეთ და ავტვირთეთ ჩანაწერებიც. შემდეგ ჯგუფის წევრებში ცვლილებები მოხდა და პანდემიამაც მოგვისწრო, თუმცა მაშინ არც ამან დაგვხია უკან და სწორედ ამ პერიოდში ჩავწერეთ და გამოვუშვით ჩვენი პირველი EP. 

კოვიდპანდემიის შემდეგ დავიწყეთ სატელევიზიო გადაცემებში გამოსვლაც და, მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ყველაზე „ახალგაზრდა” ბენდი ვიყავით, რადგან წევრები 16 და 15 წლისები ვიყავით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სულ პირველი კონცერტიდან მოყოლებული, ბევრი ადამიანი გვისმენს და ჩვენი აუდიტორია გვყავს.

M: როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი და გზავნილი მსმენელისთვის?

ინსპირაცია უმეტესად არის ხოლმე ის მუსიკა, რომელსაც ვუსმენ და ის გარემო, სადაც ვარ. ეს, ალბათ, ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ, ჩემი აზრით, მუზას წარმოშობს ცხოვრებისებული ფაქტორები, რა ხდება შენს ცხოვრებაში, რა პირობებში ცხოვრობ და რა არის იმ მომენტში შენი ინტერესი. 

ჩემი შემოქმედების მთავარი სათქმელია, ადამიანს ვუთხრა, რომ მარტო არ არის. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემს სიმღერებში ლირიკას დიდი როლი უკავია, ტექსტებიც ლაკონიური და მარტივ ენაზეა დაწერილი, რომლითაც სხვებს ვეუბნები, რომ მარტო არ ხარ, ვიღაც შენსავით სევდიანია დღეს და შენც შეგიძლია, თავი უკეთ იგრძნო – ეს ალბათ წერის მთავარი მოტივაციაა. 

ზოგჯერ არის მომენტები, როცა, უბრალოდ, გულიდან მოდის რაღაც სათქმელი და იმას ამბობ, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე. 

ჩვენი ბენდი თავიდან პანკის მუხტზე დაჯდა, თუმცა, რეალურად, ეს იმან გამოიწვია, რომ თავიდან დაკვრა არც ისე კარგად ვიცოდით. პანკის მოტივი უფრო პოლიტიკური და პროტესტულია, რაც ჩვენი მიზანი არ ყოფილა, უფრო ადამიანურ მელანქოლიაზე ვაკეთებთ აქცენტს.

M: ხომ არ გაქვთ ისეთი სიმღერა ნამუშევრებში, რომელსაც საინტერესო ისტორია ან ემოციურად რაიმე გამორჩეული დატვირთვა აქვს თქვენთვის?

მიუხედავად იმისა, რომ 40-ამდე სიმღერა გვაქვს ატვირთული, გამოვარჩევ სამ მათგანს. პირველია რიგითაც პირველი სიმღერა „ილუზია”, რომელიც ჩავწერეთ ჩემს სარეპეტიციოში და რადგან დამოუკიდებლად არ გამოგვივიდა ჩაწერა, დაგვეხმარა ჩემი გიტარის მასწავლებელი. ჩაწერა-მიქსინგი-მასტერინგი მხოლოდ 50 ლარი დაგვიჯდა და ახლა ვხუმრობთ ხოლმე, რომ ჩვენი პირველი ჰიტი სულ რაღაც 50 ლარი ღირს.

მეორეს გამოვყოფდი „1729”, რომლის სამი ვერსიაც გვქონდა და ერთ-ერთი გამოვიყენეთ გადაცემაში „აკუსტიკა”, რისთვისაც ერთი კვირის განმავლობაში გადაბმულად ვრეპეტიციობდით. ღამე რომ წამოგეყენებინათ მთელი ჯგუფი, დაუფიქრებლად დავუკრავდით, ისე გვქონდა უკვე გამჯდარი. 

მესამე კი არის სიმღერა, რომელზეც ბევრი ვიკამათეთ, რადგან საკმაოდ მარტივია და ბენდის წევრები ფიქრობდნენ, რომ ისეთი არ იყო, როგორიც საჭიროა. თუმცა მაინც გავაკეთეთ და გაამართლა შედეგმა, რადგან ბევრი მოწონება დაიმსახურა. ეს არის „ჩვენი სიმღერა”.

M: დათა, რას გვეტყოდით დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე საქართველოში: რა ჟანრებია პოპულარული, რა სჭირდებათ მუსიკოსებს ყველაზე მეტად და ა.შ…

ვფიქრობ, რომ მეინსტრიმსცენა უფრო კარგად მუშაობს საქართველოში, ვიდრე ანდერგრაუნდი. ცოტას გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩემი ბარი „Paper Box Bar”, ასევე, იმავეს ემსახურება ბარი „წრეც”, თუმცა ეს ყველაფერი მაინც არაა საკმარისი, რადგან ახალ არტისტებსაც აკლიათ ენთუზიაზმი და ამ ჟანრში რაც მაკლია, ისაა, რომ დიდი ხანია, არ გამოჩენილა ახალი ბენდი. ჩვენ ვიყავით შედარებით ახალი და ახლა ჩვენც ძველად ვითვლებით. 

საერთო სურათი ისაა, რომ თითოეულ ბენდს ძალიან ბევრი შრომა სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ და ხმა მიაწვდინონ ფართო საზოგადოებას. ასე იყო, მაგალითად, „სკაზი”, „მექანიქალ რეინბოუ” და კიდევ სხვები. 

M: ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ ზაფხულს რამდენიმე კონცერტი ჩავატარეთ და, ასევე, დიდი ხანია, ვინახავთ სიმღერას, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან მოუხდება შემოდგომას, ამიტომ ახლა უკვე მალე დავდებთ მას. 

გარდა ამისა, გვაქვს მზად რამდენიმე სხვა სიმღერაც, რომლებიც ჩაწერის პროცესშია და რამდენიმე კვირაში მსმენელსაც გავუზიარებთ.

M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

მოდი, გურამ ცაგარეიშვილის „შენთან ერთად” – ამ ტრეკს დავტოვებ, რადგან ახლა ისეთი სეზონი მოდის, ვფიქრობ, შესაბამისი იქნება და მსმენელსაც ესიამოვნება.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ევრობასკეტი 2025 იწყება!

ახალი პროდუქტები, რომლებსაც Apple საზოგადოებას 8 სექტემბერს წარუდგენს