საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?! ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!
10 წელი, 10 შეკითხვა — დათა ლაფაური, „დედაენა ბარის“ თანადამფუძნებელი:
M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?
მე ვარ დათა, მეოცნებე და შემქმნელი. დავიბადე 1988 წელს, თბილისში.
მთავარი ზეგავლენა ცხოვრებაში იყო:
- ფოლკლორისტი, აქტივისტი, მებრძოლი და ღვინის ენთუზიასტი პაპა, რომელმაც ცხოვრების ბოლო 15 წელიწადი ჩვენს ვენახსა და მარანში, დიონისეს კულტის ბერივით, პატიოსან ფიზიკურ შრომას მიუძღვნა;
- 3 წელი, რომელიც ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში ზურგჩანთიანი მოგზაურის ცხოვრებით ვიცხოვრე;
- 4 წელი, რომელიც ჰამბურგში აღმოსავლეთმცოდნეობა ვისწავლე, მაგრამ უნივერსიტეტზე მეტი დრო ფესტივალებზე, ბარებში, ბისტროებისა და რესტორნების სამზარეულოებში მუშაობას დავუთმე.
2010 წლის შემდეგ დავაარსე: „თბილისი ჰოსტელი“ (საქართველოში პირველი ჰოსტელი), „კანუდოს ეთნიკ ბარი“, „დედაენის ბარი“, „სომა ჯინი“.
კარიერულ გზაზე ჩემი პირველი ნაბიჯები იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტობასა და კომერციულ ბანკებში მუშაობას მოიცავდა.
მიყვარს ბუნება, მთა, მოგზაურობა.
ვარ გასტრონომიის, ღვინის, მიქსოლოგიის, განსაკუთრებით კი, სოკოების ენთუზიასტი.
ყველაზე დიდ ბედნიერებას მზარეულობა და მასპინძლობა მანიჭებს.
M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?
მიყვარს: თავისუფლებისაკენ სწრაფვა, პრობლემების სხარტი გადაწყვეტის უნარი, დამოუკიდებლობა.
არ მიყვარს: ქაოსური თვითორგანიზება, სიზარმაცე, ზედმეტი ფიქრები წარსულსა და მომავალზე.
M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…
მარცხი არასდროს მიგრძნია, რადგან ყოველი გადატრიალებული ურმის მერე გზაჯვარედინი გამოჩენილა და ცხოვრების გადააზრების საშუალება მომცემია.
გამარჯვებას მაშინ ვგრძნობ, როცა ჩემს ქმნილებებზე კომპლიმენტებს ვისმენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სრულიად უცხო ადამიანი აქებს, ვინც არ იცის, რომ მე რამე შუაში ვარ.
გამარჯვება ისაა ჩემთვის, როცა ვხედავ, ჩვენი შექმნილი სივრცე საზოგადოებას რგებს, ვხედავ ბედნიერ ხალხს, რომელიც ჩვენი დაღვრილი ოფლის შედეგად, სიტუაციას იხდენს. ჩემი გამარჯვება არის, პირველ რიგში, დიდი იღბალი, რომელმაც გარშემო ყოჩაღი, სანდო და ერთგული ხალხი შემომიკრიბა. განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩემი პარტნიორი ბექა ტალახაძისა, რომლის გარეშეც არც „დედაენა“ იქნებოდა და არც მასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები.
M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…
რაც სრულწლოვანებას მივაღწიე, დამოუკიდებელი ვარ. ყოველთვის ვიწყებდი ახალ საქმეს, გზასა თუ მოგზაურობას, რომელსაც სრულიად ვეძღვნებოდი და ვეხარჯებოდი. ყოველ ჯერზე მოდიოდა მომენტი, როცა ესა თუ ის გზა სტაბილურდებოდა, ჩანჩქერი ფართო, მაგრამ მდარე მდინარედ იქცეოდა. მიხარია, რომ გავბედე თითოეული ამ გზის დამთავრება, შემდეგ კლდეზე აძრომა და ისევ ახალ, საინტერესო თავგადასავალში გადახტომა.
ბოლო ხუთი წელია, რაც ვგრძნობ, რომ გავიზარდე, ჩემი გამბედაობაც მოდინჯდა და მეტ უსაფრთხოებასა და დაფიქრებას მთხოვს.
სულ უფრო ხშირდება მომენტები, როცა ვერ გავბედე. ახლაც ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი თავისუფალი მომავლისათვის გმირები უკრაინაში იღუპებიან, მე კიდევ თბილად და უსაფრთხოდ ვარ თბილისში. ობიექტური გარემოებები არსებობს, მაგრამ ფაქტი ერთია, მე უკრაინაში წასვლა ვერ გავბედე.
M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?
კიდევ კარგი, ვცადე და ვიმოგზაურე. ამის გარეშე მე არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. მამაჩემის ბიბლიოთეკიდან ერთი წიგნი მქონდა ამოჩემებული, LADAKH ეწერა ყდაზე. სულ მაღლა იდო და ყოველთვის ინტერესით შევცქეროდი… ალბათ, ეგ იყო ჩემამდე მოღწეული პირველი ძახილი, რამაც ინდოეთისაკენ გზას გამიყოლა. მეგონა, მოგზაურები მხოლოდ ზღაპრულ სამყაროსა და ფილმებში არსებობდნენ.
როგორც კი პირველი ზურგჩანთიანი მოგზაურები გავიცანი და მივხვდი, რომ ეს მეც შემეძლო, მაშინვე დავიწყე აღმოჩენები.
მინდა, სოფელში გადავსახლდე, ტყის პირას. ოჯახის საკმარი საჭმელი თავად გავზარდო და ავტონომიური ცხოვრების სისტემა შევქმნა. მინდა, რომ ბუნებასა და სოკოებთან ურთიერთობისთვის იმდენი დრო მქონდეს, რამდენსაც ადამიანების საზოგადოებას ვუთმობ. მინდა, ვიცხოვრო ბუნებასთან ჰარმონიული, ჯანმრთელი ცხოვრების წესით და ამას ჯერ ვერ ვბედავ.
M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…
ერთიანობა ვიგრძენი, როცა „დედაენის ბარს“ თავს კრემლის ტროლები დაესხნენ.
ტელევიზორი არ მაქვს, მაგრამ როცა ეკრანს მოვკრავ თვალს, სადაც რომელიმე ქართული ტელეარხია ჩართული და საინფორმაციო გადაცემა ღაღადებს, მახსენდება ტერორი და დაყოფა.
M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?
ჩემი საყვარელი ცოლი.
M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?
როცა ჩვენს ბარს „დედაენა“ დავარქვით, მაშინ არც გვქონდა გაანალიზებული, რომ კარმულად ჩვენი საქმიანობა ჩვენს მემკვიდრეობასთან იყო დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რომ დედაენის ბაღს 1978 წლის მოვლენებისა და საპროტესტო ტალღის სახელი აქვს.
M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…
ამბავი, რომლის მოყოლაც მხოლოდ მე შემიძლია, ერთი პატარა ბარის ისტორიაა, რომელიც საქმიანობაში უბრალო ღირსების კოდექსს მიჰყვებოდა. „დედაენის ბარი“ მხოლოდ იმ ნაბიჯებს დგამდა, რომლისაც სჯეროდა და დადგა, როგორც კედარი ქარიშხალში, შექმნა მშვიდობიანი წინააღმდეგობის, ერთობისა და ერთად დგომის პლაცდარმი.
M: ერთ მშვენიერ დღეს…
მინდა, ისეთი საქართველო ვნახო, სადაც ყველამ იცის, რომ თავისუფლება ისე არ მოდის.
სადაც ვნახავ ურთიერთპატივისცემას, ერთობას, სოლიდარობას. სადაც ყველანი ერთად მოვქარგავთ საყვარელ ქვეყანას უთვალავი ფერით, ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და არასდროს ვეტყვით მომავალ თაობას, რომ საქართველო მათი ასაშენებელია!
ავტორი: თინათინ გეგენავა
ფოტო: ვახტანგ ალანია