in

17-19 ნოემბერს DataFest Tbilisi 2022 გაიმართება — რას უნდა ველოდეთ?

შემოდგომაზე თბილისი რამდენიმე დღით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრად გადაიქცევა. აქ შეიკრიბებიან მონაცემებთან დაკავშირებული დარგების საუკეთესო ექსპერტები და მონაცემებით დაინტერესებული ადამიანები მთელი მსოფლიოდან. უკვე მეექვსედ, საქართველო DataFest Tbilisi-ს, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდ ყოველწლიურ მონაცემთა ფესტივალს უმასპინძლებს.

ღონისძიება 17-19 ნოემბერს გაიმართება როგორც პირისპირ, ისე ციფრულ ფორმატში.

DataFest Tbilisi აერთიანებს მონაცემთა ასობით პროფესიონალს და ენთუზიასტს მთელი მსოფლიოდან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, გაავრცელონ შთაგონება, შექმნან მნიშვნელოვანი კავშირები და ხელი შეუწყონ მონაცემთა გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. რა თქმა უნდა, ყველასათვის აშკარაა, რამდენად დიდ როლს ასრულებს მონაცემები ჩვენს ცხოვრებაში — როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მარკეტერებისთვის და ზოგადად ციფრული სამყაროს წარმომადგენლებისთვის.

დღეს კი ნინო მაჭარაშვილი (ფესტივალის დამფუძნებელი) და თეონა თომაშვილი (თანაორგანიზატორი) გვიამბობენ, უფრო კონკრეტულად რა მნიშვნელობისა და მასშტაბისაა DataFest Tbilisi-ის ღონისძიება და როგორ შეძლეს, პანდემიის პერიოდს ეფექტურად გამკლავებოდნენ.

M: მოდით, პირველ რიგში იმით დავიწყოთ, თუ როგორ მოახერხეთ ფესტივალის ოფლაინ რეჟიმიდან ჯერ ონლაინ, შემდეგ კი ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაყვანა? რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?

ნინო მაჭარაშვილი: 2017-დან 2019 წლამდე ჩვენი ღონისძიება ჩვეულებრივ ზრდის ტემპს ინარჩუნებდა. 2019-ს შეიძლება გარდამტეხი პერიოდიც ვუწოდოთ, რადგან DataFest Tbilisi-ის ყველაზე დიდი ღონისძიება გაიმართა, ათასამდე მონაწილით. მომდევნო წელს კი რაღაც ახლის წამოწყებას ვაპირებდით, დიდი გეგმებით, რომ ყველაფერ განვლილს გადავიაზრებდით და უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდოდით. როგორც კი საახალწლო პერიოდმა ჩაიარა, დავიწყეთ ამ იდეებზე მუშაობა და სწორედ დაგეგმვის პერიოდში წამოგვეწია კორონავირუსიც… შედეგად, განვითარების ჩვენეულ ხედვას გარკვეული საფრთხეები შეექმნა, რადგან არ ვიცოდით, რა ვითარება იქნებოდა ნოემბრისთვის და რის საშუალებას მოგვცემდა პანდემია. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ყველანაირი ფორმატისთვის ვყოფილიყავით მზად — იქნებოდა ეს ონლაინ, ოფლაინ თუ ჰიბრიდული.

იმ მიზნით, რომ მასშტაბურ ღონისძიებამდე ონლაინ ფორმატი და მისი ეფექტურობა დაგვეტესტა, უკვე მაისში ჩავატარეთ პირველი DataFest Online. ჩვენი პასუხი პანდემიაზე ეს იყო — ფეხი ავუწყვეთ მოცემულობას და ის არა დაბრკოლებად, არამედ შესაძლებლობად მივიღეთ. თანაც, დღეს არავის უკვირს დისტანციური შეხვედრები, ზუმში გამართული ღონისძიებები, მაშინ კი დიდი სიახლე იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც. შედეგი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ამ გამოცდილებიდან ონლაინ ივენთების არა თუ შიში, არამედ სიყვარულიც კი გაგვიჩნდა. ადამიანებმა იგრძნეს, რომ თავიანთი ოთახებიდანაც კი რაღაც დიდის ნაწილები არიან.

გასულ წელს, როცა ცოტა შემსუბუქდა შეზღუდვები, DataFest Tbilisi ჰიბრიდულად, ოდნავ შეცვლილი ფორმატით ჩავატარეთ — ტრადიციული სამი დღის ნაცვლად, ღონისძიება ხუთ დღეს გაგრძელდა. ამ გამოცდილებების გათვალისწინებით, ფესტივალს წელსაც ჰიბრიდულად ვატარებთ — უბრალოდ, შარშანდელისგან განსხვავებით, ახლა სრული მასშტაბით ბრუნდება DataFest Tbilisi, თავისი პარალელური სივრცეებით, თანადროული აქტივობებით.

თეონა თომაშვილი: ონლაინ გამოშვებამ ღონისძიება უფრო საერთაშორისო გახადა. აქამდე უფრო მეტად რეგიონზე ვიყავით კონცენტრირებულნი, რადგან ამ მასშტაბით უფრო ადვილი იყო მონაწილეებისთვის ღონისძიებაზე დასწრება. ახალმა ფორმატმა კი დაგვანახა, რომ საზღვრები არ არსებობს. 

M: წლევანდელ DataFest-ზე ძირითადად რა საკითხებზე ისაუბრებენ სპიკერები, რას უნდა ელოდნენ დამსწრეები?

ნინო მაჭარაშვილი: წელს 5 ძირითადი თემა გვექნება: 1) მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი; 2) მონაცემთა ვიზუალიზაცია; 3) მონაცემთა ჟურნალისტიკა; 4) მონაცემთა ანალიტიკა და 5) მონაცემებზე დაფუძნებული აქტივიზმი და ღია მმართველობა.

ასევე, გამოიყოფა 2 ქვეთემა: პირველი მათგანი შეეხება დღეისათვის მზარდ პრობლემას, დეზინფორმაციას — სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებული საფრთხეები არა თუ კლებულობს, არამედ სულ უფრო მატულობს. ამიტომაც, წელს ძალიან საინტერესო აქტივობები გვექნება ამ მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო გამოფენას The Glass Room-ს ვუმასპინძლებთ. მეორე ქვეთემაა სტარტაპები, რადგან ისინი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და მონაცემების ინდუსტრიის მხრივ.

თეონა თომაშვილი: შეიძლება, ბევრს გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ ვფოკუსირდებით მხოლოდ ერთ თემაზე და რატომ მოვიცავთ სესიებს ამდენი მიმართულებით. უბრალოდ გვსურს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს საერთო სივრცე ჰქონდეთ — როდესაც ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანები იკრიბებიან, რაღაც უნიკალური პროდუქტი იქმნება. ჩვენს ღონისძიებაზე კი იქნება როგორც ინსპირაციული გამოსვლები და სიღრმისეული ვორქშოპები, ისე პრაქტიკული დატატონები (მონაცემთა კონკურსი) და ძალიან დიდი ნეთვორქინგ შესაძლებლობა.

M: თქვენი გადმოსახედიდან, 2017 წლიდან დღემდე რა შეიცვალა მონაცემთა მიმართულებით — რამდენად ამაღლდა ცნობიერება ან გაიზარდა ინტერესი?

ნინო მაჭარაშვილი: შესაძლოა, ცოტა სუბიექტურად გამომივიდეს, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენ დავიწყეთ DataFest Tbilisi, შედარებით ახალ და უცნობ თემებს წარმოადგენდა მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია. ასე ვთქვათ, ჩვენ ვიყავით ხალხი, ვინც ამბობდა, რომ „აი, მონაცემებთან მუშაობა მაგარია. ეს საინტერესო საკითხია“ და ა. შ. ახლა კი ამაზე აღარავინ დავობს. ყველა საუბრობს იმაზე, რომ ეს არა თუ მომავალი, არამედ ახლანდელი დროა. ყველა ცდილობს, მონაცემების გამოყენების სწორი გზა იპოვოს. ალბათ, ჩვენც გარკვეული წვლილი მიგვიძღვის საქართველოში ამ ყველაფრის გააქტიურების მხრივ, მაგრამ მთლიანობაში ზოგადმა მსოფლიო ტენდენციებმა განაპირობა ინტერესის ზრდა.მაგალითად, 2017 წლის იანვარში მონაცემთა ვიზუალიზაციის პირველი ჰაკათონი ჩავატარეთ, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. არასდროს დამავიწყდება ერთი მეგობრის სიტყვები: „რა მაგარია, 100 ისეთი ადამიანი რომ შეკრიბეთ, რომელთაც მონაცემები აინტერესებთ“. იმავე წლის ნოემბერში კი უკვე 500-მდე დამსწრე შეიკრიბა DataFest Tbilisi-ის პირველ გამოშვებაზე.

თეონა თომაშვილი: ამ წლების განმავლობაში შევამჩნიე, რომ თავდაპირველად ძირითადი დაინტერესება ტექნიკურ სფეროში დასაქმებული ადამიანებისგან მოდიოდა — ვინც ხელოვნურ ინტელექტზე და  ბლოკჩეინზე მუშაობენ. თითქოს, ჟურნალისტები ვერ ხვდებოდნენ, რატომ უნდა ყოფილიყო მონაცემები მათთვის საინტერესო ან ღირებული. დროთა განმავლობაში კი აქტივისტების, საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობაც გაიზარდა.

M: როგორც ახსენეთ, DataFest სხვადასხვა პროფესიის და ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესის მქონე ადამიანებს აერთიანებს… მეტი კონკრეტიკისთვის, პირობითად გამოვყოთ, რატომ უნდა აინტერესებდეთ მონაცემთა ფესტივალი უბრალოდ მოქალაქეებს, მარკეტერებს, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და დიზაინერებს?

თეონა თომაშვილი: ვფიქრობ, აქტიური მოქალაქეებისთვის DataFest Tbilisi საინტერესო იქნება იმ კუთხით, რომ ფესტივალის ერთი მთლიანი მიმართულება მონაცემთა აქტივიზმს ეთმობა, რაც დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან აქტიურად გამოიყენება. ჩვენ კი მონაწილეებს სამი დღის განმავლობაში ვასწავლით, როგორ შეიძლება მონაცემების გამოყენებით გარკვეული კამპანიების წარმოება. გარდა ამ ცოდნის გაზიარებისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული დავალება შეასრულონ — შექმნან მონაცემებზე დაფუძნებული კამპანიები.

ნინო მაჭარაშვილი: რაც შეეხება მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროს, ძალიან დიდი პოტენციალი და გამოყენება აქვს მონაცემებს ამ მიმართულებითაც. ხშირად ისე ხდება, რომ მარტივი წესების არცოდნის გამო მნიშვნელოვანი, ღირებული ნაწილი იკარგება, რაც ახალი პროდუქტის შექმნის პროცესში პრობლემებს ქმნის. როგორც ყოველთვის, ფესტივალზე წელსაც იქნებიან ინფორმაციული დიზაინერები, რომლებიც დამსწრეებს თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ იმ მიმართულებით, თუ როგორ შეიძლება ვიზუალური ამბის თხრობის ტექნიკების გამოყენება.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი მონაცემის მოპოვება და გაანალიზება შეიძლება ნებისმიერ სფეროში, რათა მათზე დაფუძნებული ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ. ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით რთულია და რაღაც გამორჩეულ უნარებს საჭიროებს, თუმცა, რამდენიმე სესიაზე დასწრებით ბევრი მათგანი ისწავლის, რა მონაცემების შეგროვება უნდა დაიწყონ ან როგორ დაამუშაონ უკვე არსებული ინფორმაცია.

ტექნოლოგიების მიმართულებით კი ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეა როგორც საქართველოში, ისე ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში. დღეისათვის ბაზარზე დიდი კონკურენციაა და იმის გაგება, თუ როგორ გადალახეს წამყვანმა კომპანიებმა ესა თუ ის გამოწვევა, რა შესაძლებლობები შეიძინეს და გამოავლინეს, ძალიან სასარგებლო იქნება ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

ხოლო დიზაინერების შემთხვევაში, მონაცემთა ვიზუალიზაცია და მათი დამუშავების ტექნიკების შესწავლის ან უკეთ გაგების შესაძლებლობა უნდა აღვნიშნოთ. დიზაინერებს გარკვეულ პრაქტიკულ დავალებებს მივცემთ, რათა ამ მიმართულებითაც შეძლონ მაღალი დონის ნამუშევრების შექმნა. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ დიზაინერებისთვის, რომლებსაც მონაცემების დამუშავებასთან ნაკლებად ჰქონიათ შეხება.

DataFest Tbilisi 2022 იმართება ForSet-ის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკისა და გრანთ თორნთონის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით.

ავტორი ქეთია ბელქანია

რას გიმზადებთ თბილისის რიგით მე-14 თეატრალური ფესტივალი?

Samsung ექსტრემალური სიტუაციებისადმი გამძლე სმარტფონსა და ტაბლეტს უშვებს