19
Nov
2019

როგორ შეუძლია მონაცემებს დიდი ცვლილებების გამოწვევა – DataFest Tbilisi 2019-ის შეჯამება

19 Nov 2019

Alta
Alta


იცით, თუ არა, რომ იმ მონაცემების 90%, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, ბოლო 2 წლის განმავლობაში შეიქმნა… ან ის თუ იცით, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მონაცემები სოციალური ცვლილებებისთვის, ამბის თხრობისა თუ ბიზნესის განვითარებისთვის? ზოგადად, რა არის მონაცემთა მეცნიერება და რა როლი უჭირავს მათ ჩვენს ყოველდღიურ, თუ საქმიან ცხოვრებაში? მათთვის, ვისთვისაც ეს კითხვები და შესაბამისად, სფერო აქტუალურია, ღონისძიება DataFest Tbilisi, 14-დან 16 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა და სტატიის ფარგლებში, შევეცდებით მოკლედ გადმოვცეთ ის ცოდნა და განწყობა, რომელიც ამ ღონისძიებამ დაგვიტოვა.

სამი დღის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი საერთაშორისო სპიკერების – მონაცემთა ჟურნალისტების, მონაცემების მეცნიერების, სამოქალაქო აქტივისტებიის, მარკეტერების, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების, მონაცემთა ანალიტიკოსების, დეველოპერებისა თუ დიზაინერების გამოსვლებს მასპინძლობდა. პარალელურად, ღონისძიების ფორმატის გათვალისწინებით, 5 სივრცეში იმართებოდა სემინარები, სადაც სხვადასხვა ტიპის, რა თქმა უნდა, მონაცემებთან დაკავშირებული ცოდნის მიღება შეგვეძლო.

The EU for Civil Society Activists Room, ODIHR Human Rights Room, ForSet DataViz Room, BoG Fintech Room, Maxin AI Room – ეს ის ოთახები იყო, სადაც მთავარ სცენაზე გამოსვლების პარალელურად, პრაქტიკულ სემინარებზე დასწრება შეგვეძლო. აღსანიშნავია, რომ ზოგ სემინარს წინაპირობა ჰქონდა, ასე ვერ მოვხვდით პროგრამირების ენა პითონის უცოდინრები ვორქშოპზე, სადაც უნდა გაგვეგო, თუ როგორ გამოგვეყენებინა ხელოვნური ინტელექტი და მონაცემები მოვლენების წინასწარმეტყველებისთვის. თუმცა, გავიგეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ მონაცემები სოციალურ აქტივიზმში, მაგალითად, კლიმატის ცვლილების გასაპროტესტებლად და რაც მთავარია, გავიაზრეთ მონაცემთა ვიზუალიზაციის მნიშვნელობა მონაცემთა ჟურნალისტიკაში.

ბოლო 100 წლის განმავლობაში, საშუალო ტემპერატურა საქართველოში

ვფიქრობთ, რომ ღონისძიების პრაქტიკული მხარე საკმაოდ მსუყე იყო დეველოპერებისთვის, ან დიზაინერებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო დონის პროფესიონალებისგან, გამოცდილების გარდა, კონკრეტული სამოქმედო ინსტრუმენტების მიღება შეეძლოთ. ასეთი იყო, მაგალითად, ლონდონში მოღვაწე მონაცემთა მეცნიერის – Cheuk Ting Ho-ს გამოსვლა და ვორქშოპი, რომელიც ჩეთბოტის შექმნას გვასწავლიდა. მან გვითხრა, რომ ნებისმიერი ჩეთბოტი 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: 1. ენის დამუშავება (Natural Language Processing), იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ჩეთბოტმა მომხმარებლის გაგება, მეორე მხრივ კი, განზრახვების ამოცნობა შეძლოს. 2. დიალოგის მენეჯერი, საუბრის ნაკადის კონტროლისთვის; 3. კონტენტი – სკრიპტები და ის, რაზეც ჩეთბოტი ისაუბრებს. ხოლო მე-4 კომპონენტი, რა თქმა უნდა, არის მონაცემები, რომელსაც ის უნდა დაეყრდნოს. თუმცა, ჩეთბოტის შექმნისას მაინც უმთავრესია ვიცოდეთ მიზანი, რისთვისაც ვქმნით მას და ასევე, კარგად ვაცნობიერებდეთ იმ რესურსებს, რაც გვაქვს.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ღონისძიების მრავალი სპიკერის ყურადღება დაეთმო, მონაცემთა ვიზუალიზაციაა. მონაცემთა ანალიტიკოსმა Sophie Shawdon რამდენიმე წარმატებული Data ვიზუალიზაციის მაგალითი გვაჩვენა, მათ შორის კი ყველაზე ემოციური და სამწუხაროდ დასამახსოვრებელი იყო პაკისტანში, დაბომბვის შედეგად დაღუპული ადამიანების სტატისტიკა, 2004-დან 2013 წლამდე… მონაცემების ვიზუალიზაცია მკვლევარებმა ასე გადაწყვიტეს:

აქვს, თუ არა აზრი მცირე მონაცემების გათვალისწინებას? ეს ის კითხვაა, რომელსაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, გადაწყვეტილების მიმღები პირები ხშირად სვამენ. Booking.com-ის მონაცემთა მეცნიერის – Danielle Diaz Dussan-ის პასუხი არის – „გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც, მცირე მონაცემებზე დაყრდნობით, სჯობს მის მიღებას მონაცემების გარეშე“. თუ თქვენი პროდუქტი მონაცემების შეგროვების საშუალებას იძლევა, თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა – ასეთია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმის მიდგომა.

„ყველა კომპანია მონაცემთა კომპანიაა“ – ასეთია ბესო ელბაქიძის დასკვნა. ბესო DataFest Tbilisi-ს სცენაზე გერმანულ კომპანია Deloitte-ს წარმოადგენდა, რომლის ვიზუალური ანალიტიკოსიცაა. ის ამბობდა, რომ ციფრული კომუნიკაციის ფორმულაა Digital = Data + X. წინა გამომსვლელის მსგავსად, ბესო ელბაქიძეც გვესაუბრებოდა არგუმენტებით, რომელთა მიხედვითაც, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღებისას მონაცემების გათვალისწინება.

რას გვეუბნებიან მონაცემები? როგორ იქმნება ისინი? Google News Lab-ის წარმომადგენელმა Marek Miller გვაჩვენა, თუ როგორ იქმნება, მაგალითად, აფრიკული სოფლების ციფრული რუკები. ამისთვის მეცნიერები დრონით გადაღებულ კადრებს, ანუ ვიზუალურ მონაცემებს იყენებენ და აციფრულებენ მას. მნიშვნელოვანი აქცენტი, რაც ღონისძიებაზე კეთდებოდა ადამიანის უფლებებს ეხება. ანუ იმას, თუ რა როლი აქვს მონაცემებს ადამიანის უფლებების დაცვაში.

ზემოთ უკვე ვთქვით, თუ რა მნიშვნელობისაა სოციალური აქტივიზმისთვის მონაცემები და ეს მხოლოდ კლიმატის ცვლილებას როდი ეხება. Amnesty International-ის უფროსი მრჩეველის – Milena Marin-ის თქმით, სოციალური ცვლილებებისთვის სოციალურ აქტივისტებს სამი ნაბიჯი სჭირდებათ, ესენია: კვლევა, ადვოკატირება და კამპანია/მოქმედება. ამ სამი ეტაპის გავლით, შეგვიძლია სოციალურ ცვლილებებს მივაღწიოთ. ანუ, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები, მათი ანალიზი და ინტერპრეტირება დაგვეხმარება სხვადასხვა სფეროში, ცვლილების მიღწევაში. ამავე სპიკერმა გვასწავლა, თუ როგორ შეგვიძლია ინტერნეტმოხალისეების დახმარება მივიღოთ, მაშინ, როცა დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებაა საჭირო. ამისთვის, თითოეულ მონაწილეს საქმის ძალიან პატარა „ნატეხი“ უნდა მივცეთ, კონკრეტული შეფასების კრიტერიუმით. მაგალითად, მათ უნდა მიუთითონ, ხედავენ, თუ არა ორ გამოსახულებას შორის განსხვავებას. ამ მეთოდით მილენას გუნდმა აფრიკის განადგურებული სოფლის შესახებ ინფორმაცია დაამუშავა. ეს კი რამდენიმე დღეში გახდა შესაძლებელი, ნაცვლად რამდენიმე წლისა, რაც ამ მონაცემების დამუშავებისთვის გუნდს დასჭირდებოდა.

Amnesty International-ის უფროსი მრჩეველი – Milena Marin

თუმცა, უნდა აღინიშნოს, მონაცემთა დამუშავების მიმართულებით, თანამედროვე სამყაროში აქტიურად შემოდის ხელოვნური ინტელექტი. ეს უკვე ერთ-ერთი აღიარებული და ეფექტური ხერხია დიდ მონაცემებთან სწრაფად „გასამკლავებლად“. მსგავსი მიდგომის გამოყენება კი ყველაზე აქტუალური კიბერუსაფრთხოების კუთხით შეიძლება იყოს. დიდ მონაცემებზე დაყრდნობით, სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტი კიბერშეტევების წინასწარმეტყველებასა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღებას შეძლებს. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის როლი ბიზნესისა და მარკეტინგისთვის, ასევე, ფინანსური, თუ სამედიცინო მიზნებისთვის. სწორედ დიდ მონაცემებზე დაყრდნობით ახერხებს ხელოვნური ინტელექტი, კონკრეტულ ადამიანში, სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის შეფასებას და წინასწარმეტყველებას.

რა თქმა უნდა, სტატიის ფარგლებში DataFest Tbilisi 2019-ზე გაჟღერებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ვერ შევეხეთ, მით უფრო, მაშინ, როცა ვორქშოპები და გამოსვლები პარალელურად მიმდინარეობდა. თუმცა, იმედი გვაქვს, შევძელით მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობის ხაზგასმა. უფრო კი, ჩვენს ყოველდღიურობაში მონაცემთა მეცნიერების როლის შესახებ შევქმენით წარმოდგენა. DataFest Tbilisi-ს მიზანიც ესაა – თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს აქტუალიზება საქართველოში და მის შესახებ რაც შეიძლება დროულად, რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაციის/ცოდნის გაცემა. ვფიქრობთ, ეს მიზანი მიღწეულია იმ არაერთი პროფესიონალის შემთხვევაში, რომელიც ამ მასშტაბურ ღონისძიებას ესწრებოდა.

DataFest Tbilisi 2019 – ეს იყო საკმაოდ პრაქტიკული და სასარგებლო გამოცდილება ათასობით დამსწრისთვის – ჟურნალისტებისთვის, მკვლევარებისთვის, მარკეტერებისვთის, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ დეველოპერებისთვის. იმაზე, თუ რა შედეგი აქვს წლევანდელ ფესტივალს, 2020 წელს შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან მათ, ვინც წელს დამსწრის სტატუსით იყვნენ ღონისძიებაზე, შეუძლიათ მომავალი წლის სპიკერებად იქცნენ. იქნებ ასეც მოხდეს და იქნებ, მონაცემები და მისი ანალიზი ჩვენი მომავალია. იქნებ დღესაც კი, „ყველა კომპანია მონაცემების კომპანიაა“, ჩვენ კი ადამიანები, რომლებიც მონაცემებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვქმნით.

განხილვა