წლევანდელი DataFest Tbilisi 2023, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, უკვე მეშვიდედ ტარდება. ის სამდღიანია, დღეს დაიწყო და 11 ნოემბერს დასრულდება.
ფესტივალი ყოველწლიურად თავს უყრის იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მონაცემთა მეცნიერებასთან და ვიზუალიზასთან – მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს.
ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon. წელს კი სპიკერებად მოწვეულები არიან მონაცემთა ვიზუალიზაციის და ტექნოლოგიის სფეროს წამყვანი ექსპერტები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Flourish, Canva, Chatham House, Macaw.
ფესტივალის სტუმრები ისმენენ არაერთ გამოსვლასა თუ ვორქშოფს მონაცემთა მეცნიერებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და მისი ეთიკურად გამოყენებაზე, მონაცემთა აქტივიზმზე, და ტექნოლოგიებისა და მონაცემების როლზე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში.
„ჩვენ გვინდოდა, რომ გასული წლების მსგავსად, ფესტივალის სცენა გამოგვეყენებინა მნიშვნელოვან პლატფორმად, მწვავე გლობალური თუ ლოკალური პრობლემების წარმოსაჩენად. 2024-წელი ჩვენთან საარჩევნო წელია და გვინდა, მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება ჟურნალისტები, მკვლევრები, სტუდენტები, დეველოპერები, აქტივისტები, დიზაინერები, ბიზნესმენები, საჯარო სექტორი და ყველა, ვინც მომდევნო უმნიშვნელოვანესი წლის განმვალობა დემოკრატიის დაცვაში, თანასწორობის მიღწევასა და არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის წახალისებაშია ჩართული“ – ჯუბო ბერიძიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი, ForSetis პროგრამების მენეჯერი.
სწორედ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებს ეხება ჰაკათონები, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში იმართება. ჰაკათონის მონაწილეები თავიანთ საპროექტო იდეებზე უკვე მუშაობენ, ისინი პროექტებს ფესტივალის სცენიდან დიდ აუდიტორიას წარუდგენენ. გამარჯვებული პროექტების ავტორებს კი გადაეცემათ ფულადი პრიზები.
ფესტივალის მესამე დღე, 11 ნოემბერი კი სტარტაპების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილად იქცევა. მოწვეულია არაერთი ინვესტორი. ფესტივალი იქნება უნიკალური შესაძლებლობა ერთი მხრივ, სტარტაპის დამფუძნებლებისთვის, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის, გაიგონ უფრო მეტი ერთმანეთის საქმიანობის, ინტერესების შესახებ და შექმნან ახალი, საქმიანი კავშირები.
„ამ დღეს, ფესტივალის სცენიდან მოვისმენთ 10 ზე მეტი სტარტაპის დამფუძნებლის გამოსვლას. ისინი ისაუბრებენ მონაცემებთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ, მათ მიერ შექმნილ პროდუქტებზე. გარდა ამისა, მოეწყობა სტარტაპ ექსპო. გამოფენაზე სტარტაპები ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, აუდიტორიას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ. პანელურ დიკსუსიებზე იმსჯელებენ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენება სტარტაპებში, ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენება და სხვა. ამასთანავე, მოეწყობა არაერთი ვორქშოფი“ – ნინო მაჭარაშვილი, DataFest Tbilisi-ს ორგანიზატორი, ForSet-ის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ DataFest Tbilisi-ს ბილეთები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.datafest.ge/events. ამასთანავე, შესაძლებელია მეორე და მესამე დღის ბილეთების შეძენაც.
DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet – არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, ZINC NETWORK, UN WOMEN
პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy, Open Government Partnership, თბილისის მერია, IMPEL, EPAM, DATAMIND, TERMINAL
მხარდამჭერები არიან: Making Science Sweeft, ოპტიო, WEBIZ, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge და ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა, CONSORTIUM, Operational Research Institute, Social Lab.
მედიაპარტნიორები: Marketer.ge, next.on.ge, Business Media, dev.ge, entrepreneur.ge
[პარტნიორის კონტენტი]