in

როგორ ნერგავს მონაცემთა საცავებს ორგანიზაციებში 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპი „დატამაინდი“

უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი 500 Global საქართველოში  500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.

წელს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეავსეს სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან. ახალი პროგრამის ფარგლებში, დამატებით 12 სტარტაპის გადამზადება დაიწყო, რომელთა შორისაა „დატამაინდი“ – მონაცემთა საცავის დანერგვის ჭკვიანი მექანიზმი, რომელიც დამკვეთის მხრიდან, მინიმალურ ტექნიკურ ჩართულობას საჭიროებს. სტარტაპის ჩამოყალიბებასა და 500 Georgia-ში მონაწილეობის შესაძლებლობებზე „დატამაინდის“ დამფუძნებლები ვახო ბურჭულაძე-კალანდაძე და რატი კუნჭულია გვესაუბრნენ.

M: რა სერვისებს უზრუნველყოფს „დატამაინდი“ და ვინ არის თქვენი მომხმარებელი?

კვლევების მიხედვით, ბანკი საშუალოდ თავისი IT ბიუჯეტის 35%-ს მონაცემების მენეჯმენტზე ხარჯავს. „დატამაინდი“ პროდუქტს ქმნის იმ კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც აუცილებელია დიდი მონაცემების შენახვა, გაერთიანება და ანალიზი. 

ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, მათთვის იქმნება მონაცემთა ერთიანი საცავი, რაც გულისხმობს კლიენტის სხვადასხვა მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის მიგრირებას ერთიან საცავში. ამ პროცესის გამართული მუშაობა ბანკებს აძლევს კომპლექსური ანალიტიკის შესაძლებლობას.

ამასთან, მონაცემთა საცავის გარდა, მომხმარებლებს ვთავაზობთ კორპორატიული სამუშაო პროცესის მართვის ისეთ აუცილებელ ხელსაწყოებს, როგორებიცაა –  რისკების მენეჯმენტი, მომგებიანობის ანალიზი, მარეგულირებელთან შესაბამისობის რეპოტინგი და საბონუსე სისტემის ავტომატიზაცია.

M: როგორ ჩამოყალიბდა სტარტაპის იდეა? რა პრობლემის გადაჭრა გსურდათ მომხმარებლებისთვის?

„დატამაინდის“ იდეა ჯერ კიდევ 2019 წელს გაჩნდა, როცა მისი დამფუძნებლები საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში მუშაობდნენ მონაცემთა საცავის დანერგვაზე. ამ პროექტზე მუშაობისას გამოჩნდა, რომ ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური იყო – შემსრულებელი კომპანიის მხრიდან საჭიროებდა მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს, ხოლო დამკვეთის მხრიდან ბიზნეს მითითებებს. 

გაჩნდა იდეა, შექმნილიყო კომპანია, რომელიც ბანკებს მონაცემთა საცავს დაუნერგავდა, ეს პროცესი მათ ინტერესებსა და სპეციფიკას მოერგებოდა და კლიენტის მხრიდან, მინიმალური ტექნიკური ჩართულობა იქნებოდა საჭირო. 

იდეის განხორციელებას, დაახლოებით, 2 წელი დასჭირდა, რის შემდეგაც – 2021 წლის 27 აპრილს, „დატამაინდმა“ საქმიანობა დაიწყო.

M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?

ვახომ კარიერა დაიწყო სადაზღვევო სფეროში, სადაც ის იყო რეპორტინგისა და კონტროლის მენეჯერი, ხოლო შემდგომ, ხელმძღვანელობდა მონაცემთა ადმინისტრირების დეპარტამენტს. კარიერა ჯანდაცვის სფეროში განაგრძო, სადაც მონაცემთა ანალიტიკისა და ფინანსური ანალიზის მიმართულებით მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 

2016 წლიდან, ვახოს კარიერა საბანკო ინდუსტრიაში გაგრძელდა. საქართველოს უმსხვილეს ბანკებში ის იკავებდა ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ფინანსური რეპორტინგის უფროსისა და ანალიტიკისა და ორგანიზაციული რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციებს.

რატი კუნჭულიას სამუშაო გამოცდილება აქვს საქართველოში ცნობილ და უმსხვილეს ბანკებში, სადაც მუშაობდა მონაცემთა არქიტექტორის პოზიციებზე. რატი ასევე მუშაობადა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა Toptal, FAO, Wandio, Singular და Yara International. რატი ასევე მიწვეული იყო და  კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში მონაცემთა ბაზების მიმართულებით.

ყველაზე მთავარი ამ ორი ადამიანის გამოცდილების გაერთიანებაა, რაც სამუშაო პროცესს მეტად ეფექტიანს ხდის.

M: როგორ განვითარდა სტარტაპი დაარსებიდან დღემდე?

საწყის ეტაპზე ჩვენთვის მთავარი გამოწვევა სანდო რეპუტაციის შექმნა და ბაზარზე თავის დამკვიდრება იყო. ვიაზრებდით, რომ ამ ყველაფერს მაღალკვალიფიციური გუნდის გარეშე ვერ შევძლებდით და პირველი ნაბიჯი სწორედ საუკეთესო ტალანტების მოძიება იყო. შემდეგ კი მათთვის და მათთან ერთად ისეთი კულტურა უნდა შეგვექმნა, სადაც ერთნაირი ხედვები, ღირებულებები და მიზნები გაგვაერთიანებდა. 

დღესდღეობით, „დატამაინდი“ წარმოადგენს სუპერპროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც 50 თანამშრომელს აერთიანებს. გუნდის ყოველდღიური სამუშაო პროცესი მუდმივ განვითარებაზე, გამოცდილების გაზიარებაზე, ღიაობაზე, მარცხის აღიარებასა და წარმატების  მიღწევაზეა ორიენტირებული.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დატამაინდის“ უპირველესი ფასეულობა იმის ცოდნაა, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ საერთო ენაზე ისე, რომ შევინარჩუნოთ საკუთარი უნიკალურობა. 

ჩვენ ვცდილობთ დავაბალანსოთ ერთმანეთი და ერთად ვაკეთოთ საქმე, რომლის წარმატება თითოეული ჩვენგანის კომპეტენციაზე, უნარებზე, პასუხისმგებლობასა და გუნდურ მუშაობაზეა დამოკიდებული.

ამასთან, პროექტების შედეგებმა, რომლებზეც ვმუშაობდით საწყის ეტაპზე, არსებულ მოლოდინს გადააჭარბა, რამაც ჩვენს მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაზარდა, რაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ის ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ზემოთ ავღნიშნეთ.

საგულისხმოა, რომ ჩვენი სამუშაო სპეციფიკა გულისხმობს სენსიტიურ ინფორმაციაზე – პერსონალურ მონაცემებზე წვდომას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი კლიენტებისთვის მონაცემთა უსაფრთხოების გარანტიების მიცემა შეგვძლებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიასთან ერთად შევიმუშავეთ შიდა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები, GDPR პოლიტიკა და უსაფრთხოების სისტემები და კონტროლები. სწორედ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ გავცდით საქართველოს საზღვრებს და ჩვენს პორტფოლიოს ევროპული კომპანიები შემოუერთდნენ.

ამ ეტაპზე, აქტიურად ვმუშაობთ პოტენციურ საერთაშორისო კლიენტებთან. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, როგორც ჩვენს რეგიონში (სომხურ და აზერბაიჯანულ ბანკებთან), ისე აღმოსავლეთ ევროპულ კომპანიებთან. 

ასევე, აშშ-ში შევხვდით საბანკო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრების შედეგად გამოვლინდა, რომ შტატებში არსებობს საკმაოდ დიდი მოთხოვნა ჩვენს პროდუქტსა და სერვისებზე, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვგეგმავთ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შესვლას.

M: განვითარების რა შესაძლებლობას გაძლევთ 500 Georgia?

ვფიქრობთ, 500 Georgia უნიკალური შესაძლებლობაა. მსგავსი შანსის გამოყენება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი პერსონალური ზრდისთვის, ასევე ჩვენი კომპანიის სწრაფი აქსელერაციისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მიგვეღო უკუკავშირი ჩვენს პროდუქტზე იმ ადამიანებისგან, რომლებმაც არაერთი წარმატებული სტარტაპი შექმნეს. ამასთან, გვჯერა, რომ 500 Georgia გიხსნის ძალიან ბევრ კარს და გაძლევს უმნიშვნელოვანეს კონტაქტებს. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალ საინვესტიციო რაუნდზე ინვესტორებთან დაკავშირების კუთხით.

M: რა პერსპექტივას ხედავთ სამომავლოდ და როგორია თქვენი გეგმები?

ჩვენი სამომავლო გეგმები, ძირითადად, ჩვენი სერვისებისა და პროდუქტის დახვეწასა და კომპანიის საზღვარგარეთ განვითარებას უკავშირდება. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ჩვენი სერვისის პროდუქტად გარდაქმნაზე, რაც გულისხმობს SaaS მონაცემთა საცავის პლატფორმის შექმნას.

ამასთან, დავაფუძნეთ კომპანია აშშ-ში, რომლითაც ამერიკის ბაზარზე შესვლას ვგეგმავთ. გარდა ამისა, ვაპირებთ სრულად მოვიცვათ ჩვენი რეგიონი და აღმოსავლეთ ევროპა. კონტაქტი გვაქვს არაერთ ბანკთან ამ რეგიონებიდან, რომლებიც გამოხატავენ დაინტერესებას ჩვენი პროდუქტის მიმართ. შესაბამისად, ვგეგმავთ გაფართოებას და ჩვენი პროდუქტის ევროპული და ამერიკული ბანკებისთვის შეთავაზებას.

Burger King-ის რეკლამაში ცნობისმოყვარე ბავშვები დამაბნეველ კითხვებს სვამენ

Tesla Bot, როგორც ჰუმანოიდი თანამშრომელი — ვიდეო