ციფრულმა სამყარომ ბევრი ტრადიციული ბარიერი დაანგრია, თუმცა მაღალი მოდის ინდუსტრია კვლავ ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ეკოსისტემად რჩება. ამ სამყაროში შესვლა, მით უმეტეს ყოველგვარი წინასწარი პროფესიული კავშირების გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია. მიუხედავად ამისა, 2018 წელს, 18 წლის ქეთიმ ეს ერთი შეხედვით უბრალო ჰობით შეძლო. როდესაც 2018 წელს, 18 წლის ქეთიმ ინსტაგრამზე Versace-ს საარქივო ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო, სფეროსთან არანაირი პროფესიული კავშირი არ ჰქონდა. თუმცა, სწორად შერჩეულმა ნიშამ, დაუღალავმა ძიების პროცესმა და საქმისადმი მიდგომამ ისეთი შედეგი გამოიღო, რასაც ბევრი წლობით შენებული კავშირებითაც ვერ აღწევს.
ერთ დღესაც, ინსტაგრამზე Versace-ს საარქივო ფოტოების გვერდი შექმნა, ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ “Date with Versace” მხოლოდ ათასობით გამომწერს კი არ შეკრებდა, არამედ პირდაპირ მილანის მოდის კვირეულზე და თავად დონატელა ვერსაჩეს შეხვდებოდა პირისპირ. ამ ამბიდან წლების შემდეგ, გატაცება უკვე საერთაშორისო კარიერად არის ქცეული. როგორ იქცა ფან-გვერდი მაღალ მოდაში შესასვლელ „ოქროს ბილეთად“? Marketer.ge-სთან ინტერვიუში ქეთი გაგოშიძე პროფესიად ქცეული ჰობის შესახებ გვიყვება.
M: ქეთი, სანამ ვერსაჩესთან შეხვედრასა და ევროპული მოდის კვირეულებზე ვისაუბრებთ, მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი მოდის სფეროში და როგორ იქცა ეს ინდუსტრია შენს პროფესიად?
მოდის დიდ ინდუსტრიაში ზუსტად ამ ბლოგის, ე.წ. ფან-გვერდის დახმარებით მოვხვდი. 2018 წელს “Date With Versace” რომ არ შემექმნა, ალბათ დღეს სრულიად სხვა სფეროში ვიმუშავებდი. ამ ინდუსტრიით პირველად დაახლოებით 11 წლის ასაკში დავინტერესდი, წლებთან ერთად საკმაოდ დიდი ფოტოარქივი დამიგროვდა და მუდმივად ვეძებდი გზას ამ სფეროში მოსახვედრად. საქართველოში ხშირად გჭირდება ვინმე, ვინც ამ ინდუსტრიასთან დაგაკავშირებს. რადგან მსგავსი ნაცნობები არ მყავდა, მივხვდი, რომ გზა დამოუკიდებლად უნდა გამეკვალა.
ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ციფრული არქივისთვის კონკრეტული ნიშა მომეძებნა და არჩევანი Versace-ზე შევაჩერე – ბრენდზე, რომელიც ჩემთვის მოდის სინონიმს წარმოადგენდა. სახელიც ისეთი შევარჩიე, რომ მარტივად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. დაახლოებით ერთ წელიწადში აუდიტორია ძალიან სწრაფად გაიზარდა და გამომწერებს შორის უშუალოდ Versace-ს თანამშრომლებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ხშირად გამოდიოდნენ კონტაქტზე.

M: როგორი იყო მილანის მოდის კვირეულზე დონატელა ვერსაჩესთან შენი პირველად მოხვედრა?
მაშინ კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის მიმართულების პირველ კურსზე ვიყავი, მოდაში მუშაობის დაწყება კი ცოტა არარეალურად მეჩვენებოდა. თუმცა, 2019 წელს შოუზე დასწრების სურვილი გამოვთქვი და ჩემთვისაც კი მოულოდნელად, დადებითი პასუხი მივიღე. ასე აღმოვჩნდი 2020 წლის თებერვალში მილანში, Versace-ს ჩვენებაზე. პარალელურად აღმოვაჩინე, რომ სხვა იტალიელი დიზაინერებიც იყვნენ ჩემს გამომწერებს შორის. ყველას დავუკავშირდი და კიდევ ერთ შოუზე მიმიწვიეს. ეს იყო ჩემი პირველი მილანის მოდის კვირეული, თანაც ზუსტად მაშინ, როცა ლომბარდიაში კოვიდის პირველი ეპიცენტრი გაჩნდა და უკან, ფაქტობრივად, ბოლო რეისით დავბრუნდი.

M: როგორი იყო უშუალოდ Versace-ს გუნდთან და თავად დონატელასთან შეხვედრა? რამ განაპირობა მათი მხრიდან ასეთი კეთილგანწყობა?
ვერსაჩეს გუნდს ჩემი პირველი შოუს წინა დღეს შევხვდი. სათავო ოფისში მიმიწვიეს, გამაცნეს შექმომედებითი გუნდი და შოუსთვის ტანსაცმლის შერჩევაში დამეხმარნენ. საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ბევრ მათგანთან დღემდე ვმეგობრობ.

რაც შეეხება დონატელა ვერსაჩეს, მას პირველად 2022 წელს შევხვდი. მამაკაცების ხაზის ჩვენებაზე ვიყავი მიწვეული, რომელიც ჯანი ვერსაჩეს სახლში იმართებოდა. ჩვენების შემდეგ დონატელა სტუმრებთან გამოვიდა, მისმა ასისტენტმა კი პირადად წარმადგინა. იმდენად დაძაბული და ემოციური ვიყავი, დეტალები ბუნდოვნად მახსოვს. ვფიქრობ, მათთვის ბევრს ნიშნავდა ის ფაქტი, რომ სრულიად უცხო ქვეყნიდან ვიღაც ასეთი ვნებით აშუქებდა მათ არქივებს. ზოგჯერ ისეთ მასალებს ვაქვეყნებდი, რაც თავადაც კი აღარ ახსოვდათ.
მოდის ინდუსტრიაში ყველაფერი კომუნიკაციებსა და ურთიერთობებზე დგას – რაც უფრო კეთილგანწყობილი ხარ და პროფესიულად უდგები საქმეს, მით უფრო მეტი კარი იხსნება შენთვის.

M: როგორ განვითარდა შენი კარიერა ამის შემდეგ და რა გზა გაიარე Style Not Com-ის სარედაქციო დირექტორობამდე?
მთავარი, რაც ამ ბლოგმა მომიტანა, სწორედ ჩემი პროფესიაა. 2021 წელს ბექა გვიშიანის პოსტი ვნახე სოციალურ ქსელში, რომელიც ANOUKI-სთვის სოციალური მედიის მიმართულებით გუნდის წევრს ეძებდა. მივწერე, რომ მართალია, სამუშაო გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ვმართავდი “Date with Versace”-ს და მათ შოუზეც ვიყავი მიწვეული. მეორე დღესვე დამიბარა გასაუბრებაზე და მითხრა: „თუ თბილისიდან მოახერხე ვერსაჩეს ჩვენებაზე მიწვევის მიღება, მგონია, რომ ყველაფერი გამოგივა.“
ასე დავიწყე მუშაობა და სამი წელი PR-ისა და კომუნიკაციების მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი და ბექასთან გზები კვლავ გადაიყარა და მის პერსონალურ პროექტში, STYLE NOT COM-ში, დავიწყე მუშაობა, სადაც უკვე ორი წელია ედითორიალ დირექტორი ვარ. ამასთან, წლების განმავლობაში შეძენილი კონტაქტების წყალობით, იტალიურ და არაბულ Vogue-თან თანამშრომლობის შესაძლებლობაც მომეცა.

M: არაბულ Vogue-ში ყოფნა ალბათ სრულიად განსხვავებულ სპეციფიკას მოითხოვდა. რა სირთულეებს უკავშირდება ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე მუშაობა?
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საპასუხისმგებლო და შეიძლება ითქვას, ყველაზე „გიჟური“ გამოცდილება. ახლო აღმოსავლეთის ბაზარი მართლაც უაღრესად სპეციფიკური და სენსიტიურია. სამი თვის განმავლობაში უშუალოდ რედაქტორის დაქვემდებარებაში ვმუშაობდი, ვმართავდი სოციალურ მედიას, ვაკეთებდი ქოფირაითინგს და ფოტო-ვიდეო მასალების მონტაჟს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნების ასრულება.
M: რა არის ის მთავარი უნარი, რაც მოდის ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად არის საჭირო? რას ურჩევდი მათ, ვისაც ამ სფეროში სურს განვითარება?
საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარის გარდა, ყველაზე მთავარი მოთმინებაა. დღეს ბევრი ახალგაზრდა მწერს რჩევისთვის და ვხედავ, რომ ყველას ყველაფერი „დღესვე“ ან „გუშინ“ უნდა. მე 8 წლის წინ დავიწყე ჩემი გვერდით და დღემდე ვვითარდები. ეს პროცესი 3 თვეში არ სრულდება.
ჩემი მთავარი რჩევაა: მოდის ინდუსტრიაში მუშაობა თუ გსურთ, საწყის ეტაპზე სცადეთ ყველაფერი. მე ვყოფილვარ ქასთინგ დირექტორი, მიმუშავია გადაღებებზე, ელექტრონულ კომერციაში და ახლა მედიაში ვარ. სწორედ ამ გზის გავლის მერე მივხვდი, თუ რომელი მიმართულებით მსურდა ჩემი კარიერის გაგრძელება.
მედიაში მუშაობა ძალიან სტრესულია, მაგალითად, Met Gala-ს რეალურ დროში გაშუქება, მაგრამ სწორედ აქ ვიპოვე საკუთარი თავი. მხოლოდ სხვადასხვა როლის მორგებით მიხვდებით, რეალურად რა განიჭებთ სიამოვნებას.
M: სად ხედავ შენს თავს მომავალში?
მოდის ინდუსტრიაში ყველაფერი იმდენად სწრაფად იცვლება, ზუსტი პროგნოზის გაკეთება მიჭირს. ოდესღაც ვოცნებობდი, რომელიმე შოუს კულისებში სამუშაოდ მაინც მოვხვედრილიყავი, ახლა კი, დროის უქონლობის გამო, ყველა ჩვენებაზე დასწრებას ფიზიკურად ვეღარ ვასწრებ.
ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად ამ სფეროსთან გადაკვეთაში ვიქნები. ძალიან მიზიდავს სპორტი და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი რომელიმე კლუბში Fashion Partnership-ების მიმართულებით. სადაც არ უნდა ვიყო, ჩემთვის მთავარია, იმ სამყაროსთან კავშირი შევინარჩუნო, რომელში მოხვედრაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი












