გამარჯობა! პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ბევრი ვიფიქრე იმაზე, საერთოდ ღირდა თუ არა ჩემი აზრის გაზიარება თქვენთვის – მე და პრაქტიკულად, მთელი ჩემი თაობა სარეკლამო ინდუსტრიაში (განსაკუთრებით შემოქმედებით ნაწილში), თვითნასწავლები ვართ. ამიტომ რთულია გადაწყვეტილების მიღება და ვინმესთვის რჩევის მიცემა, როდესაც შენ თვითონ არ მიგიღია შესაბამისი განათლება. ბოლოს მაინც ჩავთვალე, რომ გამეზიარებინა ის, რასაც უკვე 20 წელია ვემსახურები და საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა.
როგორი არ უნდა იყოს რეკლამა? ამის ფორმულა, ცხადია, არ არსებობს. როგორიც არ უნდა იყოს პროექტი, მარტივი იქნება, რთული, სასაცილო, სატირალი, დაბალბიუჯეტიანი თუ სხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სანამ გადაღებაზე წახვალ, აუცილებლად ყველაფერი უნდა გქონდეს წინასწარ მოფიქრებული და ფურცელზე გადატანილი. არც ერთი წამი არ იყო იმის იმედად, რომ მიხვალ და იქ რამეს იზამ. ყოველი დახარჯული წუთი, ყოველი ნაფიქრი წამი, ძალიან ეტყობა საბოლოო პროდუქტს.
I am SOLO – რეჟისორი დათო ბორჩხაძე
სინამდვილეში, ყველაფერი წყდება ფურცელზე. უამრავი კითხვა უნდა დაუსვა შენს თავს: რატომ მიიღე ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, როდესაც შეიძლებოდა კიდევ 1000 რაკურსიდან გადაგეღო ეს კადრი? რატომ უნდა ყოფილიყო განათება დილის რეჟიმი და არა საღამოს რეჟიმი, სილუეტი, რბილი, კონტრასტული? რას ემსახურება ყოველი კადრი? როგორი იქნება გადასვლა კადრიდან კადრზე, სცენიდან სცენაზე? კიდევ უამრავი ესეთი ძირითადი კომპონენტია, რომელიც ძალიან ბევრნაირი შეიძლება ყოფილიყო და შენ აირჩიე რაღაც კონკრეტული, რატომ? ყველაფერი ეს თუ ძალიან კარგად არ განსაზღვრე და შენ თავს არ ეკამათე ბევრი, მაშინ გამოვა ისეთი რეკლამა, როგორიც არ უნდა იყოს!
რეკლამა არის გუნდური მუშაობის ნაყოფი, როგორც ფილმი. უბრალოდ, ფილმისგან განსხვავებით, ასჯერ ცოტა დრო გაქვს იმისთვის, რომ შენი სათქმელი გადმოსცე. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი კადრი არ უნდა გქონდეს ზედმეტი და ძალიან ზუსტად უნდა განსაზღვრო ყველაფერი, რომ როგორმე 60 წამში გაუღვიძო ადამიანს ის ემოციები, რაც ფილმის ყურების დროს შეიძლება დაეუფლოს. თუ ძალიან კარგი გუნდი არ შეკარი, ყველას ყურადღებით არ მოუსმინე და გაითვალისწინე მათი აზრი, მარტოს არაფერი გამოგივა. ყოფილა შემთხვევა, რომ იმდენად კარგი რჩევები მომისმენია შემოქმედებითი გუნდის სხვადასხვა წევრისგან, რომ მე უბრალოდ მენეჯერის ფუნქცია დამრჩენია – ამ რჩევების გაერთიანება და თავმოყრა.
Socar Nano – რეჟისორი დათო ბორჩხაძე
კონკრეტულ სცენარს რომ მოგცემენ გადასაღებად, ყოველთვის ძნელია სრულად წარმოიდგინო ყველაფერი (აუცილებლად რაღაც გაგეპარება). ამიტომ, ჩემი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ ააგოთ კადრირების ჩონჩხი, ძალიან მარტივი ჩანახატის დონეზე. ეს უკვე მოგცემთ საშუალებას, რაღაცაზე დაყრდნობით იფიქროთ და გააუმჯობესოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. იმასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გიხატავს კადრირებას. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ კადრირების მხატვარს შემოუთავაზებია უკეთესი ვერსია, ვიდრე მოფიქრებული მქონდა რაღაც კონკრეტული კადრისთვის.
არაერთხელ მომისმენია აზრი, რომ რეკლამა ხელოვნებაა. კი ბატონო, არის ისეთი რეკლამებიც, რომლებიც ბევრ ფილმს ჯობია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რო შენ რაც არ უნდა გააკეთო ხელოვნების ნიმუშია და სხვა თუ ვერ მიხვდა მის ფასს, მისი პრობლემაა და არა შენი! ეს არის ყველზე დიდი შეცდომა. თუ ჯერ არ გახდი ძალიან მაგარი ხელოსანი, მანამდე ვერ გახდები ხელოვანი. არაფრად ფასობს დილეტანტის მიერ გაკეთებული პროდუქტი.
Secret Santa 2017 – Book – რეჟისორი დათო ბორჩხაძე
არ იფიქროთ, რომ სადღაც ჯადოქრები სხედან და ერთი ხელის მოსმით აკეთებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც ასე ძალიან მოგვწონს (მაგალითად, „ადიდასის“ რეკლამები). ეს არის თავდაუზოგავი, გუნდური უმძიმესი შრომის შედეგი, რომელიც ათწლეულების მანძილზე დაუგროვდათ და კიდე ხვეწენ ბევრი ფიქრის ხარჯზე (როგორც ალბათ ყველა სფეროში). დამწყებ რეჟისორებს ვურჩევ, უყურონ უამრავ რეკლამას (გულის რევამდე), უყურონ ყველა ჟანრის ფილმს, უსმინონ ყველანაირ მუსიკას, ათვალიერონ ქუჩები, შენობები, ადამიანები, დააკვირდნენ განათებას.. რაც მთავარია, არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და აუცილებლად ატარეთ ხშირად – თუ სიახლე არ ცადე, ისე ვერ განვითარდები (შეცდომა არ არის საშიში – ყველას მოსდის, ვინც მუშაობს). როგორც ყველაფერში, თუ აქაც მიაგენი შენს თავს და შენს სტილს, მერე ყველა დაგაფასებს და ყველასთვის საინტერესო პროდუქტს შექმნი.
ბოლოს, მინდა დამწყებ რეჟისორებს ერთი ძალიან სასარგებლო სავარჯიშო გავუზიარო: აიღეთ თქვენი საყვარელი რეკლამა, თუნდაც 100 ჯერ გქონდეთ ნანანხი და ისე, რომ არ უყუროთ, დახატეთ თქვენი ვერსიით კადრირება, იმ შინაარსით, რაც გახსოვთ. მერე შეადარეთ ორიგინალს და მიხვდებით ბევრ რამეს. მადლობა ყურადღებისთვის!