in

„გაგვიმართლა, ბორჩხა რომ გვყავს ინდუსტრიას“ – ქართველი რეჟისორი, რომელიც ოსკაროსანი გახდება!

„ამას თან ვწერ, თან პავილიონში ვარ, ბორჩხაა რეჟისორი. დგას სეტზე და წყლიან აკვარიუმს უჩხიკინებს, რაღაცა ისე არ გამოდის, როგორც გვინდა. პრინციპში, ძალიან გასაკვირი იქნებოდა, რომ გამოსულიყო. ასეთ რაღაცას პირველად ვიღებთ იმიტომ, რომ ბორჩხასთვის მარტივი პროექტები არ გვემეტება. თუკი რამე ისეთი გვინდა, გავაკეთოთ, რაც აქამდე არ გვიქნია და ჯერჯერობით, წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ უნდა გაკეთდეს – ბორჩხას იმედი გვაქვს, რომ გვიშველის“, – ჩემი თხოვნითვე, სააგენტო JWT Metro-ს კრეატივ დირექტორი, ეკა ყიფიანი საკუთარ აზრს მიზიარებს რეჟისორ დათო ბორჩხაძეზე.

იმავე ბორჩხაზე, შემოქმედებით ინდუსტრიაში ამ ზედმეტსახელით უფრო რომ არის ცნობილი და მისი ყოველდღიური საქმიანობა, უფრო ხშირად, 60 წამში ადამიანებისთვის იმ ემოციების გაღვიძებას ემსახურება, ფილმის ყურების დროს რომ შეიძლება, დაგვეუფლოს.

რეკლამა გუნდური მუშაობის ნაყოფია, როგორც ფილმი. უბრალოდ, ფილმისგან განსხვავებით, ასჯერ ცოტა დრო გაქვს იმისთვის, რომ შენი სათქმელი გადმოსცე. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთი კადრი არ უნდა გქონდეს ზედმეტი! ძალიან ზუსტად უნდა განსაზღვრო ყველაფერი, – ამბობს დათო ბორჩხაძე.

რაც შეეხება ეკა ყიფიანის ნათქვამს, „თუკი რამე ისეთი გვინდა, გავაკეთოთ, რაც აქამდე არ გვიქნია“ და ასეთ პროექტებს დათო ბორჩხაძეს ვანდობთო, შემთხვევითი არაა. თვითონ ბორჩხას აქვს ასეთი მიდგომა: „სცენარს რომ წაიკითხავ და შეგეშინდება, არ იცი, როგორ გააკეთო, ეგ უკვე საინტერესოა“.

ზოგადად, ისეთ პროექტებზე მუშაობა ხიბლავს, სადაც ექსპერიმენტების კეთება და რისკზე წასვლა უწევს. შედეგად, მის ანგარიშზე ისეთი რეკლამებია, როგორიცაა: „სეკრეტ სანტა“, მთელი წელი მოუთმენლად რომ ველით ხოლმე, ამჯერად, რას შემოგვთავაზებს JWT Metro, „მე ვარ სოლო“, Socar და სხვა.

სარეკლამო ინდუსტრიაში დათო ბორჩხაძის აღიარებასთან დაკავშირებულ სხვა მიზეზებს კი, კვლავ ეკა ყიფიანი გვიმხელს: „თან ძალიან ნიჭიერია, თან სულ რაღაც ახალს სწავლობს, თან ხომ კეთილია, თან მოუსვენრად ცელქია, თან მოსმენა იცის, თან საერთოდ არ იცის დანებება. ამიტომაცაა, რომ ერთნაირად კარგად გამოსდის დინამიკური ამბის თხრობაცა და გულისამაჩუყებლად ტკბილი ხასიათის გადმოცემაც. გულით მგონია, გაგვიმართლა, ბორჩხა რომ გვყავს ინდუსტრიას. მეტი რა უნდა ვთქვა, მისი ნამუშევრები ბევრად მეტს ამბობენ“, – ეკა ყიფიანი.

თავად ბორჩხა ინდუსტრიისთვის მისი არებობის გამართლებაზე ფიქრობს, რომ კი, აქ თავი დაიმკვიდრა, თუმცა ჯერ კიდევ, კარგ ხელოსნად ჩამოყალიბების გზაზეა და როცა კადრებით ამბების მოყოლას ისე ისწავლის, რომ შეძლებს, საკუთარი თვალით დანახული სამყარო დაგვანახოს, აქედან დაიწყება მისი კარიერული ცხოვრების საუკეთესო პერიოდიც. ეს იქნება უკვე ხელოვნება – რასაც ტრიერის, ნოლანის, ტარანტინოს, რიდლი სკოტის, ფელინის, ალმოდოვარის… ნამუშევრებს ვეძახით. მოკრძალებულად ამბობს, რომ შეიძლება, მათ დონემდე ვერ მივიდეს, თუმცა კი, მგონია, გრძნობს, ბორჩხას ხელწერა და სტილიც ადვილად საცნობი იქნება, ერთ დღეს, არა მხოლოდ რეკლამის, არამედ კინოინდუსტრიაშიც. 

დათო ბორჩხაძე: „უცოდინარი ხელოვანის პროდუქტს ფასი არ აქვს. განსხვავებულს რომ ქმნი, ეგ უკვე ნიშნავს, რომ დიდხნიანი ტანჯვა-წამება გაქვს გამოვლილი. ერთი ხელის მოსმით აკეთებენო, რომ ამბობენ, სისულელეა! თუნდაც, გალაკტიონის ჩანაწერები რომ ნახო, ან პიკასოს გამოფენილი ნახატები, რამდენი გადაჯღაპნილია, ტექსტისა თუ ნახატის რამდენი სხვა ვერსიაა შესრულებული და რამდენი უკმაყოფილებისა და გათენებული ღამის ფასადაა შედევრები შექმნილი?!არ იფიქროთ, რომ სადღაც ჯადოქრები სხედან და ერთი ხელის მოსმით აკეთებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც ასე ძალიან მოგვწონს. ეს არის თავდაუზოგავი, უმძიმესი გუნდური შრომის შედეგი, რომელიც ათწლეულების მანძილზე დაუგროვდათ და კიდევ ხვეწენ ბევრი ფიქრის ხარჯზე“.

საკუთარი ხელწერის აუდიტორიამდე სწორად მიტანის ჯილდოდ კი „აკადემიის პრიზს“ მიიჩნევს, „ოსკარების“ სახელით რომ ვიცნობთ.

ჩემი პროფესიული მიზანია „ოსკარის“ აღება. ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობ. უმაღლესი ჯილდო ხომ ეგ არის და კარიერაში ყველაზე მაღალი წერტილი წარმოდგენილი თუ არ გაქვს, მაშინ რა აზრი აქვს?! მე ოსკარი უნდა ავიღო“, – გვიმხელს დათო ბორჩხაძე

ოსკარებზე გამახსენდა. რეჟისორმა, მეთიუ ჩერიმ – ყოფილმა ფეხბურთელმა, რამდენიმე მუსიკალური ვიდეოსა და დაბალბიუჯეტიანი ინდი ფილმების ავტორმა – 2012 წელს, მსოფლიოს უთხრა, რომ ერთ დღესაც, აკადემიის პრიზზე იქნებოდა ნომინირებული. 2016-ში, მან ტვიტერზე ფოტო დადო აღწერით: „რომელიმე 3D არტისტი გამომყვება? Oscar-ის დონის მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეა მაქვს. შემეხმიანეთ“.

2020 წლის ოსკარების დაჯილდოებიდან, ჩერი ტვიტერზე ორი სიტყვით დაბრუნდა:  რაც იმას ნიშნავდა, რომ მან პროგნოზი შესანიშნავად გაამართლა. მისი წინასწარმეტყველებიდან 8 წლის შემდეგ, ჩერიმ ანიმაციური ფილმისთვის “Hair Love“ ოსკარი დაიმსახურა.

ჩერის ეს თავდაჯერებულობა, სითამამე და საჯაროობა არაერთმა საერთაშორისო ჟურნალმა მის მიერ, მიზნამდე მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნია. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბორჩხასთვის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გაზიარებაა უზენაესი და ამასთან, ტანჯვამდე მისულ შრომისმოყვარეობასაც არ ერიდება, საფუძვლიანი იმედი გვრჩება, რომ დათო ბორჩხაძე, ერთ დღესაც, დოლბის თეატრიდან, ოჯახთან, მეგობრებსა და კოლეგებთან ერთად, მადლობით მოგვმართავს, რომ „ოსკარებზე“ პირველად, ასე საჯაროდ, „მარკეტერის“ საშუალებით ამცნო აუდიტორიას…

თუმცა მანამდე… ბორჩხა თბილისში დაიბადა. პროფესიით, ფიზიკოსების ოჯახში, სადაც მამამ, ირაკლი ბორჩხაძემ, ფილმების უსაზღვრო სიყვარულის გამო, რეჟისორის როლიც თავისუფლად მოირგო და ამ საქმისადმი სიყვარული შვილსაც გადმოსდო. დათოს თქმით, მამა, დღემდე, მისი ნამუშევრების ყველაზე კრიტიკულ და ობიექტურ შემფასებლად რჩება.

მაშინ „იბერვიზია“ ახალი, დამოუკიდებელი ტელევიზია იყო და მანდ დაიწყო მამამ მუშაობა. ისე დაემთხვა, ტექნიკა რომ ჩამოჰქონდათ, სახლში მოჰქონდა, რომ შეესწავალა, აეწყო… ამ პროცესში სულ ვაკვირდებოდი და ვფიქრობ, აქედანვე გამიჩნდა ინტერესი. სულ პატარაობიდანვე, ტექნიკას ალღოს მარტივად ვუღებდი. კამერით ვერთობოდი, ჯექსონი მიყვარდა ძალიან და მაგის კლიპებს ვამონტაჟებდი ხოლმე…

მიუხედავად ამისა, ინფორმატიკაზე ჩააბარა, თავადვე ვერ ხვდება, რატომ. მაგრამ 15 წლიდან, ხან მემონტაჟედ, ხან გადამღებად მუშაობამ, საბოლოოდ, იქამდე მიიყვანა, რომ თსუ-ს სარეჟისორო-საოპერატორო ფაკულტეტი დაემთავრებინა. როგორც ამბობს, მაინც თვითნასწავლია: „youtube-ის თაობიდანაა, რეკლამებსა და კინოებს რომ აკვირდებოდნენ და აქედან, რაღაც ცოდნას აგროვებდნენ“.  რაც უნდა იყოს, ნამდვილი ცნობისმოყვარეობითა და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდით, ისე გამოვიდა, რომ პირველი რეკლამის გადაღებაც ანდეს. 

„ჯეოსელის ბენდენები“.
პირველი რეკლამა „ჯეოსელისთვის“ გადაიღო. მანამდე, მეორე არხისთვის ტიხრები ჰქონდა გაკეთებული და სხვა სამონტაჟო საქმეც შესრულებული. მაგრამ ამ შემთხვევაში, პროდიუსერი ზურა ძიძიგური ენდო და დათო ბორჩხაძემ პირველი რეკლამაც გადაიღო. ეს იყო ნამუშევარი 
სტუდენტურ გათამაშებაზე, სადაც თეთრ ბენდენიანს (ანუ გოგოს) უნდა ეპოვა იმავენომრიანი შავი ბენდენა (ანუ ბიჭი)… ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, წყვილები დაჯილდოვდებოდნენ. 

მერე უკვე იმ დროისთვის კარგი კამერა და განათება რომ ჰქონდა, მწვანე ფონზე მის სახლში იღებდნენ „ჯეოსელის“ სხვა რეკლამებსაც, ჯერ კიდევ იმ დროს, ბრენდის სახე დუტა სხირტლაძე რომ იყო.

სხვათა შორის, სწორედ „ჯეოსელის“ პირველი რეკლამის შემდეგ დაუკავშირდნენ JWT Metro-დან ფილმ „სეზონის“ გადასაღებად. სწორედ აქედან იწყება დათო ბორჩხაძისა და „მეტროს“ მრავალწლიანი, საინტერესო გამოცდილებითა და თავგადასავლით სავსე ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ბორჩხა ოფიციალურად, JWT Metro-ს თანამშრომელი არასდროს ყოფილა, ესაა ადგილი, სადაც თავს, როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობს და ყველაზე მეტი პროექტიც, სწორედ ამ სააგენტოსთან თანამშრომლობით აქვს შესრულებული.

„თბილისური ლავსთორი“, „სეზონი“, არენა
12 რეჟისორის თვალით დანახული 12 ისტორიიდან, „თბილისურ ლავ სთორიში“ ერთ-ერთი დათო ბორჩხაძეს ეკუთვნოდა. შემდეგ იყო ცარიელ ბათუმში გადაღებული მისტიკური ჟანრის „სეზონი“, რომელიც მის კარიერაში საკმაოდ დიდი ნახტომი აღმოჩნდა. სულ ბოლო კი, სრულად ქართული პროდუქტი – ინტერაქტიული კინო-თამაში „არენაა“, რომელზეც გვიმხელს:

Black Mirror-ის ინტერაქტიული ფილმის, Bandersnatch-ის რეჟისორთან ინტერვიუ ვნახე, სადაც ამბობს, ვინც ინტერაქტიული ფილმის გადაღებას შემოგთავაზებთ, მისგან გაიქეცით, რაც შეიძლება, შორს და მაგ ადამიანებს აღარასდროს გაეკაროთო. 3 თვის განმავლობაში, სახლში ღამის 3 საათზე ადრე ვერ მივდიოდი. უმძიმესი გადაღებები იყო. მონტაჟიც საკუთარ თავზე ავიღე. ეს პროექტი თავიდან ბოლომდე იყო ექსპერიმენტი. პატარა შეცდომა და მთელი ჯაჭვი ირეოდა. კინოც უნდა ყოფილიყო, ვირტუალური სამყაროს ელემენტებიც უნდა ჰქონოდა… თუმცა ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც მიმიღია. 

M: დათო, მეც იმ ადამიანებს შორის ვარ, ვინც ფიქრობდნენ, რომ რეჟისორობა, მეტწილად, შემოქმედებითი პროცესი იყო… რეალურად, როგორაა და რა უნარების ერთობლიობა გაყალიბებს ამ სფეროში პროფესიონალად?
რეჟისორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყო კარგი მენეჯერი. ძალიან მაგარი გუნდი უნდა შექმნა და მერე, რაც მთავარია, ამ ადამიანებთან მუშაობა უნდა შეგეძლოს ისე, რომ ვინმეს აზრი არ დაიკარგოს, დაძაბულობა არ შეიქმნას გადასაღებ მოედანზე… ბალანსის დაცვა შენ, როგორც რეჟისორს გიწევს… ყველამ ყველას მოუსმინოს და ბოლომდე დაიხარჯოს.

გარდა ამისა, გჭირდება, იცოდე მხატვრობის ისტორია, გქონდეს კომპოზიციის აღქმის, ფერების შეხამების უნარი… მუსიკაშიც მაგარი უნდა იყო და მე მომწონს პროფესიულ უნარებს ტექნიკური ცოდნაც რომ გიმყარებს – კამერის ანა-ბანა და განათება რომ გესმის.

საბოლოოდ, მთავარი, ალბათ, მაინც ისაა, რომ დამკვირვებელი ტიპი იყო. ცოტა უფრო მეტი განსხვავებული რამის დანახვა შეგეძლოს, ვიდრე სხვებს.

ფოტოგრაფი ხომ მონადირეა, კადრი უნდა დაიჭიროს, ოპერატორმა კიდევ – უნდა შექმნას. იგივეა რეჟისორიც, რაღაცას ქმნი, რაღაცის იმიტაციას აკეთებ. M: როდის დგება თქვენს სფეროში საკუთარი თავის გამოხატვის დრო? და ამ კუთხით, რა შეცდომები შეიძლება დაუშვან დამწყებებმა?
ხელოვნებაში ვინც არის, განსაკუთრებით მაგათ, ძალიან ხშირად ემართებათ ხოლმე, პირდაპირ ექსპერიმენტებით იწყებენ და რაღაცას ძალიან უცნაური ფორმით გადაიღებენ ხოლმე… გენიოსის როლს ირგებენ და მერე აუდიტორიას ადანაშაულებენ, რომ მათ ვერ გაუგეს.

ჯერ კადრებით ამბის მოყოლა თუ არ ისწავლე და მაგაში არ მოძლიერდი, არ გამოვა ისე… ეგაა რეჟისურა. ჯერ ხელოსანი უნდა გახდე. შემოქმედება უკვე შემდეგი ეტაპია, სადაც უკვე საკუთარი თავის გამოხატვის, შენი თვალით დანახული სამყაროს გადმოცემის ლეგიტიმური უფლება გაქვს. 

M: შენს ცხოვრებაში იმდენად ადრე შემოიჭრა კადრირებასთან, გადაღებასთან დაკავშირებული პროცესები, რომ ეს „უცნაური ფორმები“ ბავშვობაშივე მოიყირჭე, ხომ?
კი, ზუსტად. ბავშვობაში გაიარა ამ „ექსპერიმენტებმა“. თუმცა მერე ძალიან დიდი დოზით ვაკეთე მონტაჟი, გადაღება, კადრირება… და ვფიქრობ, ეს რომ არა, ვერ განვვითარდებოდი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ წინ მაქვს გზა იქამდე, რასაც შემოქმედებას, ხელოვნებას ვეძახით. 

M: პროფესიულად რა გავსებს, საიდან იღებ ხოლმე ინსპირაციას?
ის, რისი გაკეთებაც ცოტათი მაშინებს ხოლმე… სულ ვცდილობ, რომ რაღაც ახალი ვცადო, ისეთს შევეხო, რისი გამოცდილებაც მანამდე არ მქონია. ისე, ძალიან მიყვარს კარგი ფილმის ნახვა, მით უფრო, თუ პროფესიული მხარე გავთიშე და ჩვეულებრივი მაყურებელივით დავიწყე ყურება, შემოქმედებითად ძალიან ვივსები ხოლმე. განსაკუთრებით, თუ კინოთეატრში ვარ, მაშინ. ასევეა, კარგი რეკლამის, მუსიკის, სასიამოვნო დიალოგის შემთხვევაშიც… 

M: რა შემთხვევაში ამბობ/გითქვამს თანამშრომლობაზე უარი?
რამდენიმე რუსულ პროექტზე მითქვამს უარი და ასევე, არ ვთანამშრომლობ ხოლმე მაშინ, როცა მოლოდინი და ბიუჯეტი ერთმანეთთან აცდენილია.

M: შეგიძლია, ბოლოდროინდელი, შენთვის ყველაზე წარმატებული პროექტი გაიხსენო?
საქართველოს ბანკის „შინაგან ბავშვზე“ სასწაული მოხდა. ინტერნეტი აფეთქდა. ხალხი საოცარ კომენტარებს აკეთებდა. ძალიან პოზიტიურად იმოქმედა ჩვენზეც ამ უკუკავშირმა, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით.

M: საუბრისას ახსენე, რომ ყველა რეჟისორს, საბოლოოდ, მაინც კინოსკენ მიუწევს გული… როგორ ფიქრობ, შენს შემთხვევაში, რა არის ამის მიზეზი?
კინოსგან გასნხვავებით, აქ ძალიან ცოტა დრო, 30-60 წამი გაქვს რაღაც ამბის მოსაყოლად, უფრო ზუსტად, 
კრეატიული დირექტორისა და კლიენტის ჩანაფიქრის გადმოსაცემად. 

რეკლამა საპნის ბუშტივით არის. რამდენადაც დიდ შრომას დებ, იმდენადვე ცოტა აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა. მილიონი რეკლამა რომ გადაიღო და ერთი ფილმი, ხალხს მაინც იმ ერთი ფილმით ემახსოვრები.

M: როგორია რეჟისორისთვის კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად შესრულებული საქმე?
საბოლოო ჯამში, პროდუქტი სრულყოფილი გამოდის მაშინ, როცა ყველაფერს უკირკიტებ. რაც უფრო ბევრ დეტალს ამუშავებ, შედეგიც უფრო საინტერესო გამოდის.

საკიდი როგორი უნდა იყოს, სკამი, კარი, განათება როგორ უნდა შემოვიდეს, მსახიობმა როგორ უნდა გაიაროს და მის ასეთნაირ გავლას, რა ცხოვრებისეული გამოცდილება უსწრებს წინ. ყველაფერი თუ გაწერილი და წარმოდგენილი გაქვს, მერე პროექტიც უფრო სრულყოფილი ხდება. ყველაფერს აკონტროლებ და იცი, რომ კადრში შემთხვევით არაფერი გაგეპარება.

M: დრომ რა პროფესიული თავისებურება დაგატყო?
რაც უფრო მეტს სწავლობ და იხარჯები, მით უფრო მკაცრი და მომთხოვნი ხდები. ახლა პატარა წახალტურებაზეც ძალიან ვბრაზდები. მსგავს შემთხვევაში, ასეთი ადამიანი შემდეგ პროექტზე ჩემთან ვეღარ იმუშავებს. რომ იცი, რამდენი გაქვს ჩადებული და ხედავ, რომ ვიღაცას აქედან მარტივად უნდა გაძრომა, ბრაზდები. გინდა, ყველა ისე დაიხარჯოს, როგორც შენ. 

M: რამეს თუ ნანობ?
სწავლის კუთხით, ქვეყანა არასდროს დამიტოვებია და ეგ ადგილი დღემდე შეუვსებელი მაქვს, სადმე რომ არ წავედი. 

M: არსებობს, თუ არა შენს ცხოვრებაში რაიმე გამოცდილება, მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას რომ განიჭებს?
2007 წელს, მიუხენში ვიყავი და ფილმზე მუშაობას ვიწყებდი, ფლეიბექზე უნდა მემუშავა, საკმაოდ დიდი და სერიოზული პროექტი იყო. პრეპროდაქშენზე ვიმუშავე და მოულოდნელად თბილისში მომიწია წამოსვლა. სულ მაინტერესებს, რა მოხდებოდა და როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება, იქ რომ დავრჩენილიყავი. მანდ ვიცი, რომ გზების გაყოფა მოხდა. იმ დღეს რომ არ წამოვსულიყავი, რა მოხდებოდა, გერმანული მაინც მეცოდინებოდა. ძალიან მაინტერესებს, რა იქნებოდა, მაგრამ ვერასდროს გავიგებ. 

M: რისთვის არ გყოფნის დრო?
პრიორიტეტი ოჯახია, მაგრამ ყველაზე ნაკლებ დროს მას ვუთმობ… ბავშვებთან თამაშს. ასე მგონია, ჩემს თაობას დროის მენეჯმენტი ძალიან არეული გვაქვს. ყოველდღე ვგეგმავ რაღაცებს, მაგრამ ჯერ ვერ გამოდის ისე, როგორც მინდა. 
კორონას მიუხედავად, არაფრისთვის დრო არ მრჩება.

M: და იქნებ, სწორედ ახლაა რაღაცების გადაფასების დრო?
კი, ახლა ეგ ეტაპი მაქვს. 
ღირს, თუ არა, ახლა რასაც ვაკეთებ – ამდენი წვალება თუ წამება იმად, რომ მაგალითად, ოჯახისთვის დრო არ მრჩებოდეს?! მოვიდა უკვე ცვლილების დრო, თუ ჯერ ადრეა… მოკლედ, ჯერჯერობით, ფიქრის პროცესში ვარ. 

მაგრამ მოგზაურობას ვახერხებ. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ წამალივით მაქვს გამოწერილი… ეგეც რომ არ შემეძლოს, საგიჟეთში ვიქნებოდი, ალბათ. მოგზაურობაზე სასარგებლო წამალი ჯერ არ მოუგონიათ. 

M: კინოსკენ მხოლოდ გულით მიიწევ, თუ გაქვს უკვე ამასთან დაკავშირებით რეალური გეგმები?
მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარი დამიფინანსეს და სექტემბრისთვის გადაღებებს ვგეგმავთ. ჯერჯერობით, არც სახელს გავამხელ და ვერც შინაარსზე გეტყვი რაიმეს…

ერთი ისაა, რომ ამ პერიოდში რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა, იმაზეა სცენარიც…

როგორც დათო ბორჩხაძესთან ინტერვიუთი ვარკვევ, შემოქმედებითი ინდუსტრია მისთვის მატარებლის სადგურია, ერთ-ერთი გაჩერება, რომელმაც საბოლოოდ, დიდ კინომდე უნდა მიიყვანოს. რეკლამა დროებითია… უყვარს, მაგრამ თითქოს აუდიტორიასთან კომუნიკაციის ეს მეთოდი მისთვის, უბრალოდ, ძალიან კარგი სავარჯიშოა…

„საკუთარ თავზე ოსკარი უფრო წარმომიდგენია ხოლმე, ვიდრე კანის ლომი“.

თუმცა მანამ, სანამ მატარებელი სარეკლამო ინდუსტრიაშია შემოგუგუნებული, დათო ბორჩხაძე ჩვენია და ამიტომ, სტატიასაც ეკა ყიფიანის დაწყებული ამბით დავასრულებ: „ბორჩხა ამბობს, რომ მიხვდა, რა უნდა ვქნათ. გადაღებას ვაგრძელებთ!“

ავტორი: თიკა გეგენავა

როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ საუკეთესო გუნდი გაყიდვებში? – დავით ჩიკვაიძე

10 რამ, რასაც თიბისი კონცეპტი მომხმარებელს სთავაზობს