7
Jun
2019

“მეგონა მარკეტინგში აღარ დავბრუნდებოდი…” – დათო გორგილაძე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მარკეტინგს უხელმძღვანელებს

7 Jun 2019

დათო გორგილაძეს ბევრი ინტელექტუალური თამაშიდან “რა?სად?როდის?” იცნობთ. ბევრსაც ტაქსიში მოსმენილი მისი ისტორიები გსმენიათ, ან მისი ბლოგები წაგიკითხავთ. ის ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა” ერთ-ერთი პირველი გამარჯვებულია. პირველი პროფესიით ჟურნალისტია, შემდეგ PR-ისა და მარკეტინგის მიმართულებით გადაინაცვლა და დიდი კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელობაც გამოცადა. შემდეგ ტელევიზიაში გადაინაცვლა. 2018 წელს გამოიცა მისი წიგნი “ღმერთი სამსახურშია”, რომელიც გამომცემლობის წლის ბესტსელერი გახდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დათო გორგილაძე მარკეტინგის ინდუსტრიას დაუბრუნდა და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ითავა.

M: როგორც ვიცით, მარკეტინგის მიმართულებით, აღარ აპირებდი მუშაობას. რა გახდა დაბრუნების მიზეზი?

არ ვაპირებდი მობრუნებას. ვიფიქრე, უკან დასაბრუნებელი ყველა ხიდი დავწვი, ყველა გზა მოვჭერი-მეთქი. კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სფეროდან იმიტომ ავიკრიფე გუდა-ნაბადი, რომ ჩიხის მოახლოვებას ვგრძნობდი, იქიდან განოსასვლელს კი ვერ ვხედავდი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მარკეტინგი თეატრის სცენის მტვერივითაა – ერთხელ ჩაისუნთქავ და… თან, ისე მოხდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რასთან შეხებაც მსიამოვნებს, გნებავთ როგორც ავტორს და გნებავთ როგორც მკითხველს – წიგნია. ახლა კიდევ ერთი საკომუნიკაციო არხი გამიჩნდა ლიტერატურასთან – მარკეტინგი. ეს ცოტა მაშინებს, მაგრამ მახარებს კიდეც.

M: რით არის საინტერესო ახალი პოზიცია შენთვის?

პოზიციაზე მეტად ჩემთვის ის ორგანიზაციაა საინფერესო, რომელშიც ეს პოზიცია დავიკავე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” ახერხებს ერთდროულად იყოს #1 გამომცემელი ქვეყანაში და ამავდროულად არ იქცეს კონვეირად, რომელიც ლიტერატურას მექანიკურად, რობოტის პრინციპით ბეჭდავს და ყიდის. აქაურობის კულისებში ხანმოკლე მუშაობითაც ჩანს, რომ “სულაკაურის გამომცემლობაში” აინტერესებთ და უყვართ საქმე, რომელსაც ემსახურებიან და თითოეულ წიგნს უყურებენ როგორც ცალკე სხეულს, რომელიც ქართულ ენაზე უნდა გააცოცხლონ. ასეთი გარემო ფუფუნებაა მარკეტინგის სპეციალისტისთვის.

M: რა გამოწვევებს ხედავ “სულაკაურის გამომცემლობაში”? ასევე, რა ცვლილებებია მოსალოდნელი გამომცემლობის მარკეტინგულ პოლიტიკაში?

მთავარი გამოწვევა, რომელიც საკუთარ თავს დავუსახე ისაა, რომ ლიტერატურა მკითხველს დავანახო არა მხოლოდ როგორც განათლების წყარო, არამედ როგორც ვიტამინი, რომელიც ყოველდღიურად უნდა მიიღო იმუნიტეტის ასამაღლებლად. ან, გნებავთ, როგორც ვაქცინა, რომელსაც ვიკეთებთ გართულებების თავიდან ასაცილებლად, რათა მზად ვიყოთ მათთან შესახვედრად. გამოწვევა ისიცაა, რომ ქვეყანაში წიგნის მკითხველების რიცხვი გაუთანაბრდეს წიგნის მყიდველების რიცხვს, რადგანან ყველა მყიდველი მკითხველი არ არის – ამ ორს შორის ბარიერია და მისი დამსხვრევა მინდა. ცოტა ამბიციურად ჟღერს, ხომ? და, კიდევ ერთი: გვინდა, რომ წიგნი გამოჩნდეს ყველგან, სადაც, ერთი შეხედვით მისი ადგილი აქამდე არ იყო. მთავარი ისაა, რომ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მარკეტინგის გუნდი, ძალიან ნათელი გონების მქონე, ახალგაზრდა ადამიანებითაა დამომექტებული, რომლებსაც შეუძლიათ ამ გამოწვევების ადგილიდან დაძვრა. დაძვრა კი არა, მთების გადადგმა შეუძლიათ და ეს ფაქტორი საშუალებას მოგვცემს დიდი საქმეები სხვების დაუხმარებლად, უკაცრავად არაქართული სიტყვების გამოყენებისთვის, “ინ ჰაუს” ვაკეთოთ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა