შეუძლებელია, ყოველთვის ყველას ახსოვდეს ცხოვრების ის გარდამტეხი მომენტი, როცა რაღაც მნიშვნელოვანს ჩაეყარა საფუძველი. ალბათ, იმიტომაც, რომ მოცემულ მომენტში ვერც კი ვაცნობიერებთ ხოლმე, რა ცვლილებების წინაშე ვიმყოფებით.
ფოტოგრაფ დათო ქორიძის შემთხვევაც ასეთია. ვფიქრობდი, საუბარი სტანდარტულად იმის გახსენებით უნდა დაგვეწყო, როდის და როგორ შეაბიჯა ამ საოცრად მრავალფეროვან სამყაროში, სადაც ყველაფერს კამერის ლინზებით უყურებს, თუმცა…: „არ მახსოვს, როდის დაიწყო ჩემი ფოტოგრაფიით დაინტერესება და როდის „მოვიწამლე“ კამერით. ერთადერთი, რაც ცხადად შემომრჩა მოგონებებში ის არის, რომ ბავშვობიდან მოყოლებული ფოტომეხსიერება მაქვს… ყოველთვის ყველაფერს ერთგვარ კადრებად წარმოვიდგენდი“.
ერთია გარემოს ფოტოკადრებად აღქმა და მეორე მათი დაფიქსირების შესაძლებლობა. უბრალოდ, მიუხედავად ნიჭისა და უნარისა, როგორც დათო იხსენებს, მის ბავშვობაში არა თუ კამერის შოვნაზე, არამედ იმაზე ფიქრობდნენ, რა ეჭამათ. ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ისე პროფესიული შესაძლებლობების განვითარების კუთხით. თითქოს, ყველანი რაღაც ჩარჩოებში იყვნენ მოქცეულნი და გასაქანს ვერ აძლევდნენ წარმოდგენებს. ამიტომაც, 13 წლისას, როცა მეგობარს მამამ გერმანიიდან ჩამოუტანა ციფრული კამერა, დათომ ითხოვა და ყვითელ ყვავილს გადაუღო ფოტო. „კულტურული შოკი მქონდა იმის გაცნობიერებით, რომ ის, რასაც საკუთარი თვალებით ვხედავდი, ციფრულ ასლად იქცა და სხვებისთვისაც შემეძლო მისი გაზიარება“, — იხსენებს დათო.
ასე დაიწყო კამერების თხოვნის პროცესი, როცა ხან ერთ მეგობარს გამოართმევდა, ხანაც — მეორეს. თითო საათში ჩატეული ფოტოები კი დათოს, როგორც ფოტოგრაფის, ზრდის განუყოფელი ნაწილი აღმოჩნდა. თავადაც იხსენებს, სწორედ კამერის უქონლობამ განუვითარა შთაგონება, რადგან თვალით ცდილობდა ყველაფრის დამახსოვრებას და წარმოდგენას, „კამერა რომ ჰქონოდა, როგორ გადაიღებდა“ ახლა ამ სცენას.
ამიტომაც, სრულიად ლეგიტიმურად უწოდებდა საკუთარ თავს ფოტოგრაფს. მართალია, სწავლის კუთხით სხვა სფერო აირჩია, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. თანაც, სასულიერო სემინარიაში სწავლის პარალელურად, მაინც ყოველთვის იღებდა ფოტოებს და ამ სფეროსთან წყვეტა არ ჰქონია. „ყოველთვის მინდოდა, სამყაროზე მეფიქრა, როგორც ყველაზე მშვიდ და ჰარმონიულ ადგილზე, სადაც არავინ არავის ერჩის, არავინ არავის ეკონკურენტება. უბრალოდ, ყველა ბედნიერია. ვფიქრობდი, ასეთი რეალობის შექმნაში სასულიერო სემინარიაში სწავლა დამეხმარებოდა და ასე მოვხვდი აქ. მაგრამ მერე მივხვდი, რომ სხვა ადამიანებზე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას“, — იხსენებს დათო.
ნებისმიერ პროფესიაში ან ბოლომდე ეშვები საქმეში, ან სხვა გზები უნდა ეძებო
M: როდიდან დაიწყო შენს ცხოვრებაში ის ეტაპი, როცა „მხოლოდ“ ფოტოგრაფად იქეცი?
სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან მეუხერხულებოდა ამ წოდების მორგება. მხოლოდ ლამაზი ფოტო ხომ არ არის ხელოვნება? თუმცა 2015 წელს ერთი თვით წავედი ინდოეთში და იქ მივხვდი, რა მინდოდა: დავიწყე ფიქრი, როგორ მომეყოლა უცხო ხალხის ამბავი ავთენტური ემოციების შენარჩუნებით. არსად გავდიოდი კამერის გარეშე, გონებაც და კამერაც ამ კადრებით მქონდა გადავსებული — მაღაზიაში გასვლაც კი არ შემეძლო ისე, რომ თუნდაც ერთი ფოტო არ გადამეღო.
სწორედ აქ შეიკრა ჩემი პირველი ფოტოსერია. ყველაზე მეტად კი იმან გამახარა, რომ მხოლოდ ჩემთვის კი არა, სხვებისთვისაც ემოციური აღმოჩნდა ეს ფოტოები. არ ვიცი, შეგიმჩნევია თუ არა, მაგრამ ყველა ფოტო უხილავი აურის მატარებელია, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად იგებს… შესაძლოა, ისეთ რაღაცებზე დაგაფიქროს და ისეთი შეგრძნებები აღგიძრას, ვიზუალურად აღქმადი სულაც რომ არ არის მოცემულ კადრში.
M: და შენი ფოტოები როგორი აურის მატარებელია?
წლების წინ ჩემმა მეგობარმა მითხრა, შენს ფოტოებში ყველა რაღაცნაირად სევდიანიაო, უხილავი სევდის მატარებლები არიანო. რომ დავფიქრდი, მართლა ასეა — გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, სევდითაა გაჟღენთილი. ჩემი მიზანი კი ამ რეალობის მთელი არსით ჩვენებაა. მაგალითად, ყოველდღიურად ვხედავთ ადამიანებს, ვისაც ჩვენი დახმარება ესაჭიროება, მაგრამ მინდა, ჩემმა გადაღებულმა ფოტომ ხალხი დააფიქროს: „რა სიგიჟეს ვაკეთებ, რატომ არ ვეხმარები, როცა ასეთი ტრაგიზმის მატარებელია?“
მინდა, მიძინებული და მივიწყებული პრობლემები ზედაპირზე ამოვიტანო, შევახსენო როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. ამავდროულად, მაგალითად, მზის ჩასვლისას უშუალოდ მზის ჩასვლის გადაღება კი არ მიყვარს, არამედ იმის, რა ხდება ამ დროს ირგვლივ — რას აკეთებენ ადამიანები, როგორ ეცემა შუქი სახლებს და ა. შ. ზოგადად, მხოლოდ ბუნების გადაღება არ მიყვარს, ყოველთვის ვამჯობინებ, ხალხი აღვბეჭდო, მათ დავუახლოვდე ემოციურად და მათი შეგრძნებები, რეალობა გადმოვიტანო.
M: მგონი, შენი შთაგონების მთავარი წყაროც ადამიანები არიან…
ასეა, როცა ადამიანებს უღებ, მათთან ერთად იწყებ ცხოვრებას. ყველგან ხალხს ვეძებ. ამბავს ხალხი ჰყვება. რა აცვია, როგორ მოძრაობს, როგორი განწყობა აქვს… თუ აფიქსირებ, რომ ფეხსაცმელი დასვრილია, ასკვნი, რომ ქუჩაში სადღაც მტვრიანი ადგილი გამოიარა. თუ მოწყენილია, ავტომატურად იწყებ ფიქრს, ნეტავ რა დაემართა, ვინ არის და რას განიცდის, რა ადარდებს ასე ძალიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ფოტოგრაფია ფიქრს გაწყებინებს — ზედაპირზე არსებულს უღრმავდები და მთლიანად ამით ხარ მოცული.
თან, მეც ხომ ამ გარემოს ნაწილი ვარ. აქ ვცხოვრობ და ვერ ავისხლიტავ იმ განცდებს თუ ემოციებს, რომლებიც ირგვლივმყოფებს აქვთ.
M: როგორც ფოტოგრაფს, რომელიც მთელ სამყაროს ფოტოკადრებად აღიქვამს, მოდუნება არ გიჭირს ხოლმე? თუნდაც იმისთვის, რომ მომენტით დატკბე…
გულწრფელად გეტყვი, არასდროს ვარ მოდუნებული. კამერა რომც დავტოვო, ხელში სულ ტელეფონი მიჭირავს. თან, მთელი ჩემი უბედურება იცი, რა არის? თუ რაღაც მომენტი ვერ გადავიღე, უკვდავ კადრად არ ვაქციე, მგონია, რომ „აი, ზუსტად ეს იქნებოდა ჩემი საუკეთესო ფოტო“.
შარშან, ამერიკაში მოგზაურობისას, მანქანით მივდიოდით ქალაქგარეთ. წარმოიდგინე, მინდორზე გაშენებული პატარა სახლები, თეთრი ეკლესია, მცხუნვარე მზე და მჭახე ფერები. ეკლესიასთან, ქვემოთ, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი სამი ბიჭი იდგა, ზემოდან კი თეთრკაბიანი გოგონები ჩამორბოდნენ. დღემდე მგონია, რომ ეს იქნებოდა ჩემი საუკეთესო ფოტო. ამდენი ხანია, ამ დანაკლისის განცდა მჭამს.
ამიტომაც, გამორიცხულია, სახლიდან გასვლისას ან კამერა არ მიმქონდეს, ან მობილური. ფოტოგრაფიაზე ვერ იტყვი, რომ დღეს თუ ვერ გადაიღე, ხვალ დაიჭერ იმავე კომპოზიციას. ირგვლივ ყველაფერი ცვალებადია და მოცემული მომენტის აღბეჭდვა სწრაფად უნდა შეძლო.
M: რადგანაც მოგზაურობის მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვს, საინტერესოა, გადაღების კუთხით რამდენად განსხვავდება ქვეყნების ხასიათი და, შესაბამისად, მიღებული შედეგები?
რაც უნდა იყოს, როცა სრულიად უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, სხვანაირად იწყებ ემოციის მიღებას/გაცემას, ფიქრს და შემოქმედებას. როგორც ადამიანებს, ქვეყნებსაც ინდივიდუალური ხასიათი და აურა აქვს, რაც იმისკენ მიბიძგებს, რომ ყოველ ჯერზე განსხვავებული ხედვა შევიმუშაო. მაგალითად, თუ საქართველოში ხილულ ან უხილავ სევდას ავსახავ, ამერიკაში სხვანაირი რეალობაა. უდიდესი მრავალფეროვნება, მაგრამ იქაც თავისებური სევდა — დისნეის გმირების კოსტიუმში გადაცმული მექსიკელები, რომლებთანაც ყველა ფოტოს იღებს. ძალიან სიმბოლურია, ამერიკის საკულტო პერსონაჟებად ქცეული ლტოლვილი ადამიანების ხილვა, რამაც კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რომ ჩემი ფოტოგრაფიის მთავარი მიზანი ხილულის სიღრმეებში ჩასვლაა.
ოცნების ქვეყნად კი ინდოეთს დავასახელებ, რადგან ჩემს ფოტოგრაფად ჩამოყალიბებაზე სწორედ აქ მოგზაურობამ იქონია უდიდესი გავლენა. თანაც, ჩამოსვლისას თითქმის ყველა ფოტო წამეშალა, მხოლოდ 20-მდე კადრი გადავარჩიე და ეს ჩემთვის ერთგვარი ნიშანია, რათა კვლავ დავბრუნდე, ჩემებური, ჩამოყალიბებული ხედვით. პირველადი აღფრთოვანებისგან თავისუფალი.
რაც შეეხება ფერთა პალიტრას, დათო პასტელურ ფერებს ამჯობინებს, რასაც, პირადად ჩემთვის, თბილი განწყობა შემოაქვს. მისთვის დამახასიათებელ სევდას კი უფრო მეტად „მშვიდ სევდად“ აღვიქვამ, ნაცვლად შემაძრწუნებელი ტრაგიზმისა. ალბათ, მისი სურვილი, სამყარო სიკეთით და დადებითი ემოციებით სავსე ყოფილიყო, შემოქმედების ნაწილად ექცა — ამიტომაც იქცა ამბების იმ ვიზუალურ მთხრობლად, რომელიც ყველაფერს მშვენიერებით ავსებს.
ავტორი: ქეთია ბელქანია