დათოს რომ ჰკითხო, უკრაინელ დევნილებთან ურთიერთობისას ყველაზე მკაფიოდ რომელი კადრი დაგამახსოვრდაო, ასე გიპასუხებს: „მარტია, ჯერ კიდევ ძალიან ცივა. ერთ-ერთ ჰუმანიტარულ პუნქტში ელექტრო-რადიატორი მივიტანე. დედა-შვილი ზის. ბავშვი თამაშობს. ქალი იყურება შორს, თითქოს არსაით. თითქოს ვერაფერს ხედავს. მას მერე ამ ქალის გამჭვირვალე მზერა ხშირად მახსენებს თავს. მაშინ, ალბათ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რამდენად დიდი იყო ამ ხალხის დარდი“.
გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთი რომ უკრაინაში შეიჭრა, დათო მახათაძე, სხვა ბევრი რიგითი მოქალაქის მსგავსად, სპონტანურად ჩაერთო უკრაინელი ხალხის დახმარების პროცესში.
როგორ შეუყვარდა დათოს უკრაინა
დათო 41 წლისაა. 13 წელია, სადაზღვევო სფეროში, დაზღვევის ბროკერად მუშაობს. ამბობს, რომ ხშირია დღეები, როცა დატვირთული სამუშაო დღის გრაფიკის გამო, თავის აწევასაც ვერ ახერხებს, მაგრამ სწორედ სამსახურს უმადლის, რომ წლების წინ, ფრენებს შორის რვასაათიან შუალედში, კიევში აღმოჩნდა და ეს ქვეყანა სულ სხვა თვალით დაინახა:
„აეროპორტში ჯდომას და ლოდინს, ვამჯობინე, ქალაქში გავსულიყავი. უცნაურად შთამბეჭდავი გამოდგა ჩემთვის იქაურობა. ერთი მხრივ, ფართო და ლამაზი ქუჩები, მეორე მხრივ, ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები. მაშინ უკრაინაში მაიდნის ამბები ახალ ჩავლილი იყო. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა, როდესაც, მაგალითად, მანქანების სალონებში, გვერდიგვერდ დამაგრებულს ვხედავდი უკრაინისა და ევროკავშირის დროშებს. სავსე იყო კიევი ასეთი მანქანებით. მას მერე რამდენჯერმე ვიყავი უკრაინაში ტურისტად და სულ უფრო მეტად ვგრძნობდი ამ ქვეყანასთან სიახლოვეს“.
ომი რომ დაიწყო, დათოს კიდევ უფრო მეტად განუახლდა უკრაინასთან სიახლოვის შეგრძნება და საჭიროდ ჩათვალა, რომ როგორც შეეძლო, ისე დასდგომოდა გვერდში ამ ქვეყანას:
მაშინ ძებნაც არ იყო საჭირო, სოციალური ქსელები სავსე იყო განცხადებებით, სპეციალურად შექმნილი ჯგუფებით, სადაც ვრცელდებოდა ინფორმაცია უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების თაობაზე. ქვეყნდებოდა მისამართები, სადაც მოქალაქეებს საკვების, ტანსაცმლის, პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეეძლოთ, რომელიც შემდეგ უკრაინაში იგზავნებოდა.
პირველი რაც გააკეთა, უკრაინაში გასაგზავნი ნივთები იყიდა — ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები და თბილისში გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთ ცენტრში მიიტანა.
დათოს უკრაინელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ გამორჩენია მის უმცროს შვილსაც. დათო სიცილით ჰყვება:
„ლაპარაკში, რაღაცების დასასაბუთებლად, მაგალითად მოჰყავდა უკრაინელები. აი, ვთქვათ მიყვება, რომ ძალიან კარგი სათამაშო იყიდება ეზოს მაღაზიაში და დააყოლებს, რომ ამის შესახებ უკრაინელებმა უთხრეს. ან ბოსტნეულის ჭამა რომ კარგია, ესეც უკრაინელებმა უთხრეს. 3 წლის ასაკში კარგად გაიაზრა ამ ხალხის მნიშვნელობა“.
ბინა, რომელიც დათომ უკრაინიდან დევნილებს დაუთმო
ნელ-ნელა საქართველოში უკრაინიდან დევნილებმა დაიწყეს ჩამოსვლა. მათ დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამაც ამოქმედდა, უკრაინელები დროებით სხვადასხვა სასტუმროში შეასახლეს, თუმცა რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება ამოიწურა და დევნილები ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, დათოს ახლა სხვა მხრივ მოუწია საქმეში ჩართვა:
„ისევ სოციალურ ქსელში წავიკითხე განცხადება, რომ უკრაინელი დევნილებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამა დასასრულს უახლოვდებოდა და აუცილებელი იყო მათი სხვა სივრცეებში დაბინავება. მანქანიან მოხალისეებს ეძებდნენ, რომლებიც დევნილებს ბარგის გადატანაში და სხვა სასტუმროებში შესახლებაში დაეხმარებოდნენ. მაშინვე მივიწერე, რომ დახმარება შემეძლო და მივედი დანიშნულების ადგილას. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მეგონა, თუ ამ რაოდენობის დევნილს ვნახავდი იქ. იყვნენ დაბნეულები, იდგნენ ბარგით, მხოლოდ ჩვენი დახმარების იმედად. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოჯახი დავაბინავეთ ისევ და ისევ რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნესის შემოწირულობით შეგროვილი თანხით დაქირავებულ სასტუმროებში, აღმოჩნდა, რომ იყვნენ ოჯახები, რომელთა დაბინავება ვეღარ ხერხდებოდა“.
დათომ მაშინვე გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბინა, რომელიც დროებით დაკეტილი ჰქონდა, უკრაინიდან დევნილი ოჯახისთვის დაეთმო. ოჯახი მარიუპოლიდან იყო:
„ახალგაზრდა წყვილი იყო ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. თავიდან მეგონა, ბავშვები მათი შვილები იყვნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი გოგოს უმცროსი და-ძმები იყვნენ. ბიჭის დედას, რომელიც პროფესიით ჟურნალისტი იყო, ვერსად აგნებდნენ. იცოდნენ, რომ ბოლოს მარიუპოლში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, თუმცა მასთან კავშირის დამყარებას ვეღარ ახერხებდნენ. საბოლოოდ, ქალი ვერც ცოცხალი ნახეს, ვერც მკვდარი“.
მათ შემდეგ დათოს სახლში კიდევ დაბინავდნენ უკრაინელი დევნილები — ხუთსულიანი ოჯახი. დათოს სახლში მათ რამდენიმე თვე გაატარეს:
„საკმაოდ რთულ ვითარებაში იყვნენ. ბავშვებს აუტისტური სპექტრი ჰქონდათ და ისინი სპეციალურ თერაპიას საჭიროებდნენ. ბავშვების მამა ონლაინ ახერხებდა ლექციების ჩატარებას, თუმცა დედას ბავშვებთან უწევდა ყოფნა და ამიტომ მისი დასაქმება ვერ მოხერხდებოდა. შესაბამისად, არ ჰქონდათ ისეთი შემოსავალი, რომ ბინის ქირა თავად გადაეხადათ. ცხადია, მათ დახმარებაზე უარს ვერ და არ ვიტყოდი და კვლავ ჩემი ბინა დავუთმე“.
დათოს განსაკუთრებით მძიმედ ახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც ზაპოროჟიედან დევნილ ოჯახს კვლავ უკრაინაში დაბრუნება მოუწია მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გაძვირებული ქირის გადახდა ვეღარ მოახერხეს. დათომ ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ოჯახი კვლავ ზაპოროჟიეში დაბრუნდა:
„შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, საქართველოს მოაწყდა რუსეთის მოქალაქეების ტალღა და ბინების ქირის ფასი გაორმაგდა და გასამმაგდა. ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც დავეხმარეთ, ვუპოვეთ ბინა ხელმისაწვდომი ქირით და თავად იხდიდნენ თანხას, აღმოჩნდა, რომ ორ თვეში მოუწიათ ბინის დატოვება. სახლის პატრონმა უთხრა, რომ რუსეთიდან ჩამოსული ოჯახი ორმაგ თანხას სთავაზობდა და ან გაზრდილი ქირის გადახდა ან ბინის დატოვება მოსთხოვა. დედა-შვილი იყო. ბავშვს ჰქონდა უმძიმესი ტრავმა, 11 წლის ბიჭი ფაქტობრივად არ ლაპარაკობდა. სამწუხაროდ, მე ეს ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გავიგე, რაც თავად დავუკავშირდი, მოსაკითხად და აღმოჩნდა, რომ ისინი უკრაინაში დაბრუნდნენ. ვერაფრით ვივიწყებ ამ ამბავს“.
თუმცა ამ იმედგაცრუების მიღმა დათოს სხვა ამბებიც აქვს, რომლის გამოც დღესაც მადლიერია — უკრაინიდან დევნილი ოჯახების დასაბინავებლად, მოხალისეებმა სოციალურ ქსელებში კითხვარი გაავრცელეს: ვისაც ჰქონდა თავისუფალი ბინა და სურვილი, რომ ის დროებით უკრაინიდან დევნილი ოჯახებისთვის დაეთმოთ, გამოხმაურებოდნენ მათ:
„მაშინვე გამოგვეხმაურა ინგლისელი წყვილი, რომლებსაც თბილისში სახლი ჰქონდათ და ის ხერსონიდან დევნილ ოჯახს დაუთმეს, რომლებსაც საკმაოდ ტრაგიკული ამბავი შეემთხვათ უკვე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ და ჩვენს გვერდში დგომას განსაკუთრებულად საჭიროებდნენ. ოჯახი დღემდე იქ ცხოვრობს. ერთი თვის წინ დაპატიჟეს ინგლისელი წყვილი სახლში, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. თუკი შეიძლება, რომ ამ სიტუაციაში ბედნიერი იყო, ოჯახი ბედნიერია იმით, რომ აქვთ ჭერი“.
რატომ გადაწყვიტა დათომ უკრაინული ენის სწავლა?
ომის დაწყებიდან წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ, დათოსთვის და მისი მეგობრებისთვის, რომლებიც მოხალისეობრივ საქმეში არიან ჩართულები, არაფერი განელებულა. დათოს დღესაც ყოველდღიური შეხება აქვს უკრაინელ დევნილებთან:
„რამდენიმე ოჯახია, რომლებსაც ყოველ დღე ვეკონტაქტები. გარდა ამისა, ჩემს სამსახურთან ახლოს არის ჰოსტელი, სადაც უკრაინელები ცხოვრობენ და ყოველ მეორე დღეს მივდივარ და ვარკვევ, რაიმე ხომ არ სჭირდებათ. ძირითადად ფინანსური პრობლემები აქვთ. ბევრმა შეძლო, რომ მეტ-ნაკლებად მორგებოდა სიტუაციას, გაიარეს სხვადასხვა კურსი, მაგალითად, შეისწავლეს კოსმეტოლოგია, სხვა ხელობაც, რადგან ხვდებიან, რომ ჯერჯერობით უკან ვერ ბრუნდებიან და აქაც უნდა მოერგონ სიტუაციას. თუმცა ამას ყველა ვერ ახერხებს. ძალიან ძნელია, იმ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში, რა სიტუაციაშიც ისინი იმყოფებიან და უყურებენ რა ხდება მათ ქვეყანაში, საკუთარ თავში იპოვო ძალა და ცხოვრებას კვლავ აუწყო ფეხი“.
ამ წელიწადნახევარში დათომ უკრაინულიც ისწავლა. ესეც უკრაინელების დახმარების ერთგვარი აქტი იყო, რაშიც ის სიამოვნებით ჩაერთო. დათოს უკრაინული ენის მასწავლებელი ხარკოვიდანაა. სამწუხაროდ, მასაც, როგორც სხვა ასობით ათას უკრაინელს, მოუწია საკუთარი სახლის დატოვება და უცხოეთში წასვლა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის კვლავ აგრძელებს მოსწავლეებთან მუშაობას და მათ შორის არის დათოც:
„ომი რომ დაიწყო, ჩემმა მეგობარმა, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში, წამოიწყო საინტერესო ინიციატივა — უკრაინელი მასწავლებლების მხარდასაჭერად შექმნეს ჯგუფი და უკრაინული ენის შესწავლის მსურველებს ონლაინ უტარდებათ გაკვეთილები. ამ ინიციატივის მთავარი მიზანი იყო მათი როგორც მორალური, ისე ფინანსური მხარდაჭერა. ამ ჯგუფის ერთ-ერთი მოსწავლე ვარ მეც. მომწონს, რომ მესმის უკრაინული, მომწონს, რომ რაღაც დონეზე უკვე ვლაპარაკობ, ვკითხულობ. როდესაც ჩვენს მასწავლებელს უკრაინიდან წასვლა მოუწია, ჰქონდა დანაშაულის განცდა, ჩემი ქვეყანა მივატოვე და ვერაფრით ვეხმარებიო. არადა, რეალურად, ეს ადამიანი მართლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს თავისი ქვეყნისთვის. ჰყავს უამრავი მოსწავლე, მათ შორის, აბიტურიენტები, რომლებსაც შეიძლება ითქვას, რომ ემსახურება თითქმის უსასყიდლოდ. ახლა სწორედ გამოცდების პერიოდია და როგორც შარშან, ისე წელს, მის მოსწავლეებს აქვთ ძალიან კარგი შედეგები. მე სწორედ ამას ვუხსნი ჩემს მასწავლებელს, რომ ის უკრაინის მომავლისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და ის მისი ქვეყნის სამსახურში დგას, როგორც რიგითი ჯარისკაცი. მომავალი თაობების განათლებას ახმარს თავის უნარებს და ცოდნას. ვიღაცას ავტომატის ჭერა შეუძლია, ვიღაცას დრონის მართვა, ვიღაცას უკრაინული ენის სწავლება და მომავალი თაობის გზაზე დაყენება“.
ომი არ დასრულებულა. დათოს სჯერა, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომით, ამ ომს უკრაინასთან ერთად საქართველოც მოიგებს:
„ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს მონსტრი ჩვენი მტერია და ყოველდღიურად მოიწევს თავისი საცეცებით. ყველამ ვიცით, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი ვალიცაა, უკრაინელ ხალხს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სიძლიერეში, სიმტკიცეში, რომ ეს ომი მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, უკრაინის გამარჯვებამდე“.
[პარტნიორის კონტენტი]