in

“მინდა, მათი თვალიერებისას პირველაღმომჩენის სასიამოვნო ჟრუანტელი იგრძნოთ,” – დათო სიმონიას ნამუშევრები

ნაზი შამანაურის ისტორია პირველად ორი წლის წინ მოვისმინე და მომენტალურად აღვფრთოვანდი. ეს ქალბატონი საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ჟურნალისტი იყო, რომელიც თავისუფალი აზრების გამოხატვის გამო ჯერ ფსიქიატრიულში გამოკეტეს, მალევე კი მისი გარდაცვალების ამბავიც გავრცელდა. ნაზი შამანაურის ცხოვრება, ფაქტობრივად, ერთი ძალიან საინტერესო და ჩვენთვის საამაყო ისტორიაა, რომლის შესახებაც არც თუ ისე ბევრმა იცის.

საკმაოდ მოულოდნელი იყო, როცა რამდენიმე კვირის წინ ნაზი შამანაურის საოცარ ილუსტრაციას გადავაწყდი – თანდართულ ამბავთან ერთად. ნაზისთან ერთად აღმოვაჩინე კახოს თინა, ქამრიანი სონა, ანა ბაჯი, შემდეგ უკვე ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი და სხვა, უცნობი თუ ნაცნობი, რეალური თუ ნახევრადრეალური პერსონაჟები, რომლებიც ავტორს განსხვავებული კუთხით ჰყავდა წარმოჩენილი. მაგალითად, პერსონაჟთა ამ სერიაში სულ სხვაგვარ ნიკოლოზ ბარათაშვილსა და ტერენტი გრანელს იხილავთ.

ამ ძალიან საოცარი და საინტერესო ილუსტრაციების შესახებ მის ავტორს, დათო სიმონიას გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, საიდან გაჩნდა ინსპირაცია, პერსონაჟთა მსგავსი სერია გაგეკეთებინათ?

ისე გამოვიდა, რომ ჩემი ინტერესები ხშირად იკვეთება ისტორიასთან, მითოლოგიასთან და ფოლკლორთან. მასალებში ქექვისას ხშირად გადავყრილვარ რეალურ თუ ნახევრად რეალურ პერსონაჟებს, რომელთა შესახებ ფართო წრეებმა არც კი იციან ან უსამართლოდ ჰყავთ მივიწყებული. ჩემი ინსპირაცია ეს ფანტასმაგორიული პორტრეტები იყო.

M: როდესაც ამ საქმეს შეუდექით, თავდაპირველად რის მიხედვით არჩევდით პერსონაჟებს და ახლა უკვე, როცა დაგიგროვდათ, რის მიხედვით არჩევთ?

თავიდან ვარჩევდი მხოლოდ ძალიან უცნობ, უბრალო ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაში იყო რამე ჯადოსნური, ტრაგიკული ან ყურადსაღები. დაგეგმილი მქონდა, ჩემი აუდიტორია სერიის თანაავტორი გამხდარიყო, რისთვისაც ყოველი პოსტის შემდეგ ვკითხულობდი, ვის ხილვას ისურვებდნენ შემდეგ ილუსტრაციაში. მათ შეცვალეს სერიის კალაპოტი და უფრო ცნობილი ადამიანების შემოყვანა მოისურვეს. ასე ჩამოყალიბდა მითოლოგიური პერსონაჟებისა და პოეტების ხაზი. ახლა პერსონაჟებს ვარჩევ ხაზების მიხედვით. ვგეგმავ მეფეების, მწერლების, არტისტების ხაზებს და ა.შ.

M: როდესაც პერსონაჟის ილუსტრაციას ქმნით, რას აქცევთ ყველაზე მეტად ყურადღებას?

ყველაზე მეტ ყურადღებას და რესურსს ვახარჯავ იმ ინსტრუმენტების დამუშავებას, რომლებითაც ეფექტურად შემიძლია, გამოვხატო მათი ხასიათები. ესაა პირველ რიგში, პალიტრა, შემდეგ პორტრეტის თავისებურებები, ტანსაცმელი, პოზა და ბოლოს, რაღაც ზებუნებრივი შტრიხი, რითიც ისინი ემსგავსებიან თამაშების ან ანიმაციების პერსონაჟებს.

M: ისტორიული პიროვნებების/მითოლოგიის პერსონაჭების/პოეტების/მწერლების ილუსტრირების საკმაოდ ორიგინალური გზა აირჩიეთ – რა სირთულეებს აწყდებით მათი შექმნისას?

ამ სერიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მისი თვალიერებისას იგრძნოთ პირველაღმომჩენის სასიამოვნო ჟრუანტელი. რადგან ვაჟა, გალაკტიონი ან ბარათაშვილი ჩვენთვის ისედაც კარგად ცნობილები არიან, მომიწია მათი ხასიათის ნაკლებად ტირაჟირებული შტრიხების მოძიება. სწორედ ეს შტრიხები მოვაქციე ფოკუსში. მაგალითად, თუ ბარათაშვილი ჩვენთვის ასოცირდება პასიურ, მეოცნებე რომანტიკოსთან, ჩემს ილუსტრაციაში ის თითქოს ელვასავით დამუხტული, ენერგიული და დინამიური პერსონაჟია. პირველ რიგში, რთული იყო ამ ინფორმაციის მოძიება. შემდეგი სირთულე გამოდგა ისეთი გამომსახველობითი ფორმების შერჩევა, თან ახალი რომ ყოფილიყო ხალხისთვის და თან მარტივად ეცნოთ საყვარელი მწერალ-პოეტები.

M: გყავთ თუ არა თქვენთვის საყვარელი და გამორჩეული პერსონაჟი?

კი – მედეა. მემგონი ყველაზე მეტი დრო მას დავუთმე. ვფიქრობ, ის გამორჩეულად შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი პერსონაჟია ჩვენთვის, ქართველებისთვის.

M: რა მიზანი გაქვთ თქვენ და ამ პერსონაჟებს? რისი თქმა გსურთ? 

მიზანი გვაქვს რამდენიმე:

1.თანამედროვე ფორმების გამოყენებით ახალი სოცოცხლე მივცე ისეთ რაღაცებს, რაც მნიშვნელოვანი მგონია. ასე ვცდილობ, დავაინტერესო ბავშვები, რომლებისთვისაც ისტორიასა და ლიტერატურას მოწყენილობის და ანაქრონიზმის სუნი ასდის.
2. ჩემი მთავარი აუდიტორიიდან (9-18 წლის ბავშვები) გამომდინარე, ვცდილობ, შთავაგონო ის ინდუსტრიები, რომლის ყველაზე ხშირი მომხმარებლებიც არიან ბავშვები. ესაა თამაშებისა და ანიმაციების სამყარო. მინდა, ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს დავანახო ქართული ისტორიის, ფოლკლორისა და მითოლოგიის შესაძლებლობები.
3. ადამიანებს დავეხმარო, გადავიაზროთ ის არასწორი წარმოდგენები, რაც გვაქვს მედეაზე, ბარათაშვილზე და ა.შ.

M: რა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან შენს ნამუშევრებს?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცალსახად პოზიტიური. დაინტერესებული აუდიტორია ძალიან აცდა დაგეგმილს და მოიცვა თითქმის ყველა ასაკობრივი სეგმენტი. მადლობებს მწერენ და იდეებით მამარაგებენ როგორც პატარა ბავშვები, ისე 40-50 წლის ადამიანები. თითქოს ერთი სული ჰქონდათ, მსგავს რამეს ვინმე როდის გააკეთებდა.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? – თუ გყავს უკვე შერჩეული პერსონაჟები და როდისთვის გეგმავ სერიის დასრულებას?

კი, უკვე შერჩეული მაქვს რამდენიმე ხაზი და პერსონაჟი. სერიის განვითარება წინასწარაა დაგეგმილი. რაღაც ეტაპამდე როცა მივალ, შეიცველება არტ დაირექშენის მთავარი პრინციპები. ასე პროექტი იქნება მუდმივად საინტერესო და არა -მოსაბეზრებელი. ამ ყველაფერთან ერთად, ვიტოვებ სივრცეს იმპროვიზაციისთვის, რადგან მგონია, პროცესი ასე უფრო ცოცხალია. რადგან მოთხოვნა დიდია, ცოტა ხანში ილუსტრაციებს ვიხილავთ სხვადასხვა ნივთებსა და პოლიგრაფიულ ნაწარმზე.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

„მაკდონალდს საქართველომ“ ქომფლაიენსის პროგრამის დანერგვაში საუკეთესო შედეგი აჩვენა

დიმა დადიანის ახალი ალბომი „ზესტაფონი“