in

მეგრული სიტყვების ილუსტრირებული სერია — დათო სიმონიას ნამუშევრები


ყველა სიტყვა სხვადასხვა ენაზე განსხვავებულად ჟღერს — ასო-ბგერათა წყობის გარდა, ემოციებიც განსხვავებულად ენაცვლება ერთმანეთს. ზოგჯერ ისე ზუსტად შეესაბამება ჟღერადობა, რომ თუნდაც არ ვიცოდეთ, რაზეა საუბარი, სიტყვის გაგონებისას ავტომატურად წარმოგვიდგება თვალწინ… ასეა მეგრული ენის შემთხვევაშიც, რომელიც შესანიშნავად აღწერს ნივთებს, ადამიანურ თვისებებს თუ მოვლენებს. სწორედ ეს იქცა დათო სიმონიასთვის შთაგონებად, რომელმაც მეგრული სიტყვების ვიზუალური სერია შექმნა.

„ქართველური ენებით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. ყველაზე მეტად რაც მხიბლავდა, იყო სიტყვების ჟღერადობა და ერთგვარი მუსიკა, რაც მათ მოჰყვებოდა. მეგრულიც ძალიან ლამაზი ენაა და თავდაპირველად მხოლოდ ის მსურდა, სხვებისთვის გამეზიარებინა მეგრული სიტყვების სილამაზე. მსურდა ბრენდებისთვის სახელმდებლების (ნეიმინგი) ყურადღებაც მიმექცია და მიმენიშნებინა, რომ შესაძლებელი იყო, მათ მეგრულში ეპოვათ შთაგონება. მაგალითად, წარმოიდგინეთ, როგორ მოუხდებოდა რომელიმე ბრენდს „რინა“ (არსებობა, ყოფნა) ან „თოლიგე“ (თვალის ჩინო)“,განმარტავს ილუსტრატორი დათო სიმონია.

თავდაპირველად დათო ისეთ სიტყვებზე ქმნიდა ვიზუალებს, რომელთა ჟღერადობაც მოსწონდა. მაგალითად: „ირიათო“ (ყოველთვის), „რაგადი“ (საუბარი) და ა. შ. შემდეგ კი მიხვდა, რომ ადამიანებს ბევრად მოსწონდათ ცხოველების, ფრინველების ან მწერების პოსტერები, რადგან გარდა სიტყვისა, გაპიროვნებული, ანუ ადამიანური თვისებების, ხასიათის, აქსესუარების მქონე პერსონაჟებიც ახალისებდათ.

ვისურვებდი, მეგრულისთვის ყველას ახლებურად შეეხედა. თუ ქართველური ენები ბევრისთვის ცოტათი მიუღებელი და სტიგმატიზებულია, ვფიქრობ, დროა, მეტი მიმღებლობა და ინტერესი გამოვამჟღავნოთ მათ მიმართ“.

ამას მოჰყვა ზედსართავ სახელებზე გადასვლაც — ისეთ სიტყვებზე, რომლებიც ადამიანებს აღწერს.

„რადგან ჩემი მთავარი მიზანი ადამიანების ყურადღების მეგრულისკენ მიპყრობაა, ვცდილობ, ისეთი გამოსახულებები გამოვიყენო, რაც მათ ყურადღებას დააყოვნებს და პოზიტიურად გააღიზიანებს. ანიმაციურ-ბავშვური სტილი სწორედ ისაა, რაც ამას კარგად ახერხებს. ზოგი პერსონაჟი იმდენად საყვარელი და სახალისოა, მეგრული ენა სულ რომ არ აინტერესებდეთ, შეიძლება იმ პერსონაჟის ხათრით წაიკითხონ და დაიმახსოვრონ სიტყვა. გარდა ამისა, რატომღაც სულ ვცდილობ, ამ და სხვა სერიებშიც ჩემი აუდიტორია ბავშვები იყვნენ. ამიტომაც ავარჩიე ეს სტილი და ვფიქრობ, გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, ამ გამოსახულებების ხათრით ჩემი ორი წლის შვილი დიდი ხალისით სწავლობს მეგრულს და უკვე 20-მდე სიტყვაც იცის“,აღნიშნავს დათო სიმონია.


სუხიშვილების განახლებული საზაფხულო პროგრამა თაკარას ღია სცენაზე – პროექტის მხარდამჭერია SOLO

რატომაა მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის, რომ სოციალურ საკითხებს გამოეხმაურონ