17
Jan
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი დავით სიმონია

17 Jan 2018

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

დავით სიმონია, “მოზაიკა”, უფროსი გრაფიკული დიზაინერი: “რაღაც ხანი ვმუშაობდი სოც. მედიად მაღაზია “პაპრიკაში”, სადაც ძირითადად იყიდებოდა ხოლმე ნატურალური და ექსკლუზიური, საქართველოში შეგროვებული პროდუქცია. ერთ-ერთი და ძალიან პოპულარული ასეთი პროდუქტი იყო საოჯახო მარანში დამზადებული საფერავი, რომელიც მართლა უგემრიელესია და მეც სიამოვნებით მივირთმევდი ხოლმე. საოჯახო, პატარა ბიზნესი იყო. არც ეტიკეტი ჰქონდათ და არც რამე, რითაც მომხმარებლები შეძლებდნენ ამ ღვინის ცნობას. ჰოდა, რადგან გემოვანი თვისებებით განსაკუთრებული იყო, გადავწყვიტეთ შეფუთვაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა. არ იყო არც ბრიფი და არც რამენაირი მინიშნება ეტიკეტის შესახებ, მთლიანად ჩემი გადაწყვეტით გაკეთდა ყველაფერი. გაზაფხული იყო იმ დროს, ტყემლები ყვაოდა თბილისში, საამურად თბილოდა და საერთოდაც, საამური პერიოდი იდგა. რომ დავფიქრდი, ეს ღვინოც ძალიან ჰგავდა გაზაფხულს. რბილი, მყუდრო გემო ჰქონდა + მრავალფეროვანი, არომატული ბუკეტით. თან ცოტას რომ შეზარხოშდებოდი, გაზაფხულზე რომ სახალისო, მსუბუქი ეიფორია გაქვს, ეგრე მოჰქონდა ღვინოსაც. ამიტომ, ყველაზე მსუბუქი და მოქნილი საღებავებით – აკვარელით დავხატე ტოტები, ყვავილები; კონცეფციად შეირჩა განახლებული სილამაზე, ზოგადად, გაზაფხული თავისი მსუბუქი ეიფორიით და რაც მთავარია, სილამაზით.

ბოთლის ფერიც არაა შემთხვევითი. დინჯი ლურჯი გადაწყდა და შეზღუდული რაოდენობით ჩამოისხა ასეთ ბოთლებში. ა, ჰო, ეს საფერავი იყო ტკბილი და ბოთლის ფერი ამითაც კავშირში იყო ღვინოსთან, იმიტომ, რომ ეგეთი ლურჯი ადრე სიტკბოს სიმბოლიზებას აკეთებდა. თუ გახსოვს, ადრე საშაქრეები იყო ზუსტად ამ ფერში.

რეზულტატი იყო იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე დამკვეთს ან ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. რეალურად, გამოვიდა, რომ მე თვითონ ვიყავი შეყვარებული იმ პროდუქტზე, რომლის ეტიკეტიც გავაკეთე და შედეგზეც აისახა – დიდი სიყვარულით და სინაზითაა გაკეთებული.”

განხილვა