23
Jul
2018

“დატოვე შენი კვალი GIPA-ში” – სტუდენტების მიერ შექმნილი ტრადიცია

23 Jul 2018

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტების ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა პროექტს “დატოვე შენი კვალი GIPA-ში”. იდეა სასწავლებლის გარემოს მოწყობაში სტუდენტების ჩართულობის ზრდას ითვალისწინებს. პროექტის ინიციატორები საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები არიან, რომლებმაც ამ თემასთან დაკავშირებით, 17 ივლისს გამართული ღონისძიების ორგანიზებაც საკუთარ თავზე აიღეს. ამგვარად, საფუძველი ჩაუყარეს ტრადიციას, რომლის მიხედვითაც GIPA-ს კურსდამთავრებულებმა ყოველწლიურად უნდა შემატონ რაიმე საჭირო ინვენტარი ან ნივთი უნივერსიტეტის კედლებს და ამით დატოვებენ საკუთარ კვალს GIPA-ში. დეტალებზე “ჯიპას” PR-ის მაგისტრანტებს, თიკო ჯაფარიძესა და ლიკა ასლანიშვილს ვესაუბრეთ.

M: გვიამბეთ GIPA-ში გამართულ ღონისძიებაზე…

ეს იყო ივენთ მენეჯმენტის კურსის ფარგლებში მომზადებული ღონისძიება, ასე ვთქვათ, ამ საგნის გამოცდა. გვევალებოდა, განგვეხორციელებინა იდეა და ნასწავლი თეორია გადაგვეტანა პრაქტიკაში. ვიფიქრეთ, ვყოფილიყავით პირველები და “ჯიპაში” მოგვეწყო ადგილი შეკრებებისთვის.

გადავწყვიტეთ, მოგვეწვია ლექტორები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებსაც დღეს წარმატებული სტარტაპები აქვთ და მიგვეცა მათთვის საშუალება, გაეზიარებინათ თავიანთი ისტორიები. მხატვარმა გიორგი ყორანაშვილმა მოგვიხატა კედელი. ხატვირ პროცესი ივენთის მსვლელობისასაც გრძელდებოდა და ამან თავისებური ხიბლი შესძინა საღამოს.

უმეტესობა ჩვენგანისთვის პირველი გამოცდილება იყო. ჩვენით მოვიძიეთ პარტნიორებიც, სპონსორებიც, გაფორმებაც, ფურშეტიც… მოკლედ, ყველაფერი. თუ ეს ტრადიცია გაგრძელდება, მაშინ უფრო ვიგრძნობთ ჩვენს წვლილს, რომ რაღაც გავაკეთეთ სასწავლებლისთვის.

M: რას ნიშნავს “დატოვე შენი კვალი GIPA-ში”?

ეს ერთგვარი სამოტივაციო წამოწყებაა ჩვენი მხრიდან. ჩვენი ჯგუფი წელს ამთავრებს სამაგისტრო პროგრამას. გვინდოდა, გაგვეკეთებინა რაღაც, რაც ჩვენი სახელით დარჩებოდა სასწავლებელს: მოვახატინეთ კედელი, განვათავსეთ წიგნების თარო, მაგიდა, სკამები, ჭიქები… როგორც ჩვენ ვეცადეთ აქტივობებით დაგვეტოვებინა კვალი, ისე გვინდა მივცეთ ასპარეზი სხვა სტუდენტებსაც, რომლებიც ახლა სწავლობენ ან მომავალში ისწავლიან, მათაც შეეძლებათ თავიანთი კვალი დატოვონ აქ. 

M: როგორი იყო გამოხმაურება სტუდენტების მხრიდან და როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება ტრადიცია?

მოსული სტუდენტებისთვის თვალსაჩინო იყო ყველაფერი. მიხვდნენ, რას ემსახურებოდა ეს ღონისძიება. ზოგმა მათგანმა სტიკერებიც მოიტანა სამახსოვროდ, ესეც ივენთის შემადგენელი ნაწილი იყო. სივრცე, რომლის მოწყობაც დავიწყეთ, დასასრულებელია. განსაახლებელია ინვენტარი, დასასრულებელია დიზაინი, არის ადგილი გამწვანებისთვისაც და ა.შ. ვფიქრობთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, რაც ცალკე შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის.

M: როგორი იყო ხელშეწყობა უნივერსიტეტის მხრიდან?

უნივერსიტეტმა გამოყო ფინანსები, დაგვეხმარა საჭირო კონტაქტების მოძიებაში. განსაკუთრებით მხარში გვედგა ჩვენი ლექტორი მაკა ყუბუსიძე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვა ლექტორების განწყობაც, რომლებიც მოვიდნენ ღონისძიებაზე და გვაგრძნობინეს თავიანთი დადებითი დამოკიდებულება.

M: რა არის საჭირო, რომ თქვენ შემდეგ ეს ტრადიცია გაგრძელდეს?

ვფიქრობთ, word of mouth-ის საშუალებით შეგვიძლია მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს ამაზე ინფორმაცია და ჩვენი გვერდის დახმარებითაც. ბუნებრივია, GIPA-მაც უნდა შეუწყოს ხელი ტრადიციის გაგრძელებას. ეს ტრადიცია მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვისაც, რადგან უფრო მეტ ადამიანს მოანდომებს, გახდეს GIPA-ს სტუდენტი. როცა შენ თვითონ იღებ რაღაცის კეთებაში მონაწილეობას, უფრო მეტი ლოიალობისა და მზრუნველობის განცდა გიჩნდება. ყველა ამბობს, რომ GIPA არის ერთი დიდი ოჯახი, ჩვენც ამ დიდი ოჯახისთვის შევქმენით პატარა კომფორტული გარემო, სადაც სასიამოვნოდ შეგიძლიათ იგრძნოთ თავი.

[R]

განხილვა