in

დაუდევარი ნუგო ავტომობილზე არ ზრუნავს, მაგრამ ჯილდოებს მაინც იმსახურებს! – აღიარება KIAF-დან

რომელი მარკეტინგული კამპანია მიიჩნევა წარმატებულად, ის, რომელიც დამკვეთის მიერ დასმულ პრობლემას ჭრის, თუ ის, რომელიც ჯილდოსა და საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს?

საუკეთესო შემთხვევაში, სწორად დაგეგმილ კამპანიას უნარი აქვს, მომხმარებლის ქცევა შეცვალოს, შედეგად, გაყიდვებიც გაზარდოს და მიზნამდე მისაღწევი კრეატიული გზა სფეროს პროფესიონალებსაც მოაწონოს.

სწორედ ამ უკანასკნელი შემთხვევის მაგალითად მინდა, სააგენტო Mozaika-სა და სტუდია Anagrama Animation-ის მიერ შესრულებული და Post Red Audio-ს გახმოვანებული კამპანია გაგახსენოთ, „დაუდევარი ნუგოს“ სახელით რომ ვიცნობთ.

სულ რამდენიმე დღის წინ, 29 მაისს, ცნობილი გახდა, რომ კამპანიამ კიევის საერთაშორისო ფესტივალზე KIAF, სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოები დაიმსახურა:

  • ვერცხლი Animation-ის კატეგორიაში;
  • 2 ბრინჯაო Film Craft (Art Direction-ის) კატეგორიაში;
  • 2 შორთლისტი Film-ის კატეგორიაში.

გახსოვთ, ხომ? – უწყინარი ანიმაციის მიღმა კომპანია „თეგეტა მოტორსი“ იდგა და რეალურ პრობლემაზე გვესაუბრებოდა: „გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს – გამართული ავტომობილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი გარშემომყოფების უსაფრთხოების ერთ-ერთი წინაპირობაა“.

პრობლემის გადასაჭრელად წამოწყებულ კამპანიას სახელი – „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“ უწოდეს და მის ფარგლებში შექმნილი 5 ანიმაციური სერიით დაუდევარი ნუგოც შეგვაყვარეს.

ნუგოს სიუჟეტს ძალიან მოკლედ გაგახსენებთ: იმის გამო, რომ წინასწარ არასდროს ზრუნავდა ავტომობილის გამართულ მუშაობაზე, მუდმივად სხვადასხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ეხვეოდა, მაგალითად, ზამთრის საბურავების არქონის გამო, ავტობანზე მოსრიალდა და ძლივს გადარჩა, მერე პაემანზე აკუმულატორი დაუჯდა, ძრავის ზეთის გამოცვლა დაავიწყდა, სამუხრუჭე ხუნდებმა უმტყუნა და საახალწლოდ, ანტიფრიზის ყიდვაც გამორჩა

სხარტად და სახალისოდ მოყოლილი თავგადასავლებით, ექსპრესიულობის საოცარი უნარით, ნუგომ მაყურებლებში საყვარელი პერსონაჟის ტიტული მალევე მოირგო და მისი შემქმნელებიც დაარწმუნა, რომ ნუგოს არსებობის სტრატეგიული გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა – მასში ინტელექტუალური, ტექნიკური, დროისა თუ ფინანსური რესურსის ჩადება ღირდა.

თუმცა, სანამ ამას მიხვდებოდნენ, მანამდე ბევრი იფიქრეს, ბრენდის სათქმელი ვიზუალურად როგორ გამოეხატათ და ამ შემთხვევაში, რატომ იქნებოდა ანიმაცია აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ საუკეთესო კრეატიული გამოსავალი. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, მიხვდნენ, რომ 3D ანიმაციებით, ისეთი პროდუქტის შექმნა სურდათ, რომელიც ამ მიმართულებით, ქართულ ბაზარზე, უპრეცედენტო იქნებოდა.

კომპანიის ღირებულებებიდან გამომდინარე, აქცენტი პოზიტიურ კომუნიკაციაზე გაკეთდა და ასე შეიქმნა ანიმაციური პერსონაჟი, დაუდევარი ნუგო, რომელსაც მძღოლების მანკიერი ქცევა გაშარჟებულად უნდა წარმოეჩინა. მას უნდა მოეტანა არა დიდაქტიკური განწყობა, არამედ იუმორის საშუალებით, ადამიანები პასუხისმგებლიან მძღოლებად ექცია.

სწორედ ასეთი მიდგომის გამო, მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის მიზანი ადამიანების ქცევის შეცვლა იყო, ნუგო არა გამაღიზიანებელ, არამედ ყველასთვის მისაღებ და სასიამოვნო პერსონაჟად იქცა. იანვარში, მთლიანი კამპანიის შეჯამებისას, გიყვებოდით, რომ კამპანიამ გაამართლა და ამას ნუგოს ვიდეოების რამდენიმემილიონიანი ნახვა, აუდიტორიისგან მიღებული უკუკავშირი, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში დამდგარი რიგები და დისკომფორტის მიუხედავად, მაინც ლოიალური მომხმარებელი მოწმობდა.

„რაც მეტ დადებით მუხტს გასცემ, მით მეტ პოზიტიურ უკუკავშირს მიიღებ“, ანუ დაუდევარი ნუგოს კამპანიის ანალიზი

სწორი საკომუნიკაციო ფორმით, კამპანიამ შეძლო და ისეთი პროდუქტებითაც კი, როგორიცაა: საბურავები, ანტიფრიზი, მანქანის ზეთი – არა მხოლოდ „თეგეტა მოტორსის“ პოტენციური აუდიტორიის დაინტერესება შეძლო, არამედ, კეთილგანწყობა, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბითაც მოიპოვა. ახლა კი, ჯილდოების სახით, უკვე საერთაშორისო აღიარებასაც ჩაწერს კამპანიის „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“ ისტორიაში.

ავტორი: თიკა გეგენავა

AVON: „ჩვენთან, დღეს, ონლაინ შოპინგი ისეთი კომფორტული და ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს“

რა ლუდი გინდა? – ქართულ ბაზარზე ლუდის ბრენდი “რავი” გამოჩნდა