in

დავით ბაღაშვილი – #პირველისამსახური

პირველი სამსახური, შეიძლება ითქვას, რომ არ მქონია, უფრო სწორედ, პირველად იყო საკუთარი ბიზნესი. სიმართლე გითხრათ, პატარაობიდანვე არ მიფიქრია და არც მიოცნებია დირექტორობასა და საკუთარ კაბინეტზე, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რაღაც დიდი საქმის მონაწილე ვყოფილიყავი. ოცი წლის ასაკში, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა საერთო საქმე დაგვეწყო, დიდი საქმე, რომელშიც არცერთს არანაირი გამოცდილება არ გვქონდა და არც ვიცოდით როგორ გვეკეთებინა ეს, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტეთ – უნდა გვეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფრთხილი ბავშვი ვიყავი, საქმესა და ბიზნესში პირიქით, რისკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აღმომაჩნდა. ასე გადავწყვიტეთ საკუთარი დილეტანტური ძალები მოგვესინჯა შოუბიზნესში, სფეროში, სადაც დიდი და ცუდი კონკურენცია იყო.

მოვალეობები გადავინაწილეთ – მე მენეჯმენტი და პროდაქშენი ავიღე საკუთარ თავზე, ჩემს მეგობარს კი სპონსორების მოძიებაზე უნდა ეზრუნა, რაც ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან არასწორ მოლოდინებთან ერთად, არავინ გვიცნობდა, არავინ გვენდობოდა და თუ ვინმეს ფულის მოცემა უნდოდა, ისეთ პირობებს გვთავაზობდნენ რომ ვერც კი ვთანხმდებოდით. რა თქმა უნდა, სპონსორებისგან ფული ვერ ვიშოვეთ და სამწუხაროდ, ეს არ იყო მთავარი პრობლემა, ხარჯები აქა-იქა ფურცელზე გვქონდა გაკვრით მიწერილი, სამაგიეროდ, არარსებულ მოგებას სად და როგორ დავხარჯავდით ყოველდღიურად ჩამოვაწიკწიკებდით ხოლმე. საბოლოო შედეგიც დადგა, კონცერტები გავმართეთ, რომელიც ძვირად, 150,000 ლარიან ფინანსურ ვალდებულებად და კომპანიის სასწრაფო ლიკვიდაციად დაგვიჯდა.

მიუხედავად სერიოზული კრიზისისა და პრობლემებისა, ჩემი რისკის შეგრძნება ისევ მძაფრად იყო გააქტიურებული. თან, პარალელურად, არ მასვენებდნენ მუდამ პესიმისტურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან ჩამჩიჩინებდნენ, რომ უბრალო ბიჭს არავინ, არასდროს და არაფერს გამაკეთებინებდა, მაგრამ არ გავჩერდი და მას შემდეგ, კიდევ რამდენიმე საქმე ვცადე, ზოგი უშედეგოდ, ზოგიც მეტნაკლებად შედეგიანად, თუმცა, ყველა საქმე ღირდა იმ გამოცდილებად, ცოდნად და საზოგადოებად, რომელიც ამ დროის განმავლობაში შევიძინე.

საკუთარი საქმეებისა და ბევრი ლიკვიდური იდეის შემდეგ, პირველი სამსახური ინგლისურენოვანი ბიზნეს გამოცემა “Caucasus Business Week” აღმოჩნდა, რომელმაც კარგად გამარკვია ქართული მედიის მუშაობის სპეციფიკაში და შემძინა კარგი, სანდო პარტნიორი, რომელთან ერთადაც დღემდე მოვდივარ. პირველი საქმე/სამსახურიდან 8 წლის შემდეგ, ისევ მედია ბიზნესში ვარ (სატელევიზიო გადაცემა „ბიზნესპარტნიორი“ და ბიზნეს მედია სააგენტოები) და ამასთან ერთად, საკუთარი საკონსულტაციო კომპანია მაქვს, რომელიც მარკეტინგისა და გაყიდვების მხარდაჭერით სასტუმრო ბიზნესს ეხმარება სწრაფ ზრდასა და სწორ განვითარებაში.

დავით ბაღაშვილი – კომპანია „ქლოზერის“ დამფუძნებელი და დირექტორი, კომპანია „ბიზნეს მედია კორპორაცია“ მარკეტინგის დირექტორი.

თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა

როგორ ხარ?