19
Nov
2018

დავით ბირმანი აზერბაიჯანში ბანკის მრჩეველი გახდა

19 Nov 2018

დავით ბირმანი აზერბაიჯანში Nikoil Bank-ის მრჩეველი გახდა, რაც ელექტრონულ/ციფრულ საბანკო მომსახურებას, მომხმარებლის გამოცდილებასა და მარკეტინგს მოიცავს. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აზერბაიჯანის ბაზარზე გადის ქართული ციფრული საბანკო მომსახურებისა და მარკეტინგის გამოცდილება. დავით ბირმანის გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ბანკს უკავშირდება. აქ ის რვაწლიანი მუშაობის პერიოდიდან, 5 წელი მარკეტინგის მიმართულებით საქმიანობდა, შემდეგი 3 წლის განმავლობაში კი Chief Digital Officer-ის პოზიციას იკავებდა.

 

ამ პერიოდში ჩვენ შევქმენით გუნდი, რომელმაც მთლიანად საკუთარი ძალებით შექმნა არაერთი ქართული ციფრული საბანკო პროდუქტი, მათ შორის მობილბანკი, რომელმაც მაღალი საერთაშორისო სარეიტინგო შეფასება მიიღო მომხმარებელზე ორიენტირებული UX-ისათვის“, – გვიყვება დავით ბირმანი.

M: რატომ Nikoil Bank?
ბოლო პერიოდში, ქართულმა ბანკებმა მნიშვნელოვან წინსვლას და აღიარებას მიაღწიეს საბანკო ტექნოლოგიების მხრივ. ვგულისხმობ, როგორც ელექტრონულ/ციფრულ მომსახურებას, ისე ფილიალებს, მომხმარებლის გამოცდილებას, მარკეტინგულ კომუნიკაციებს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის – ჩვენ ხშირად ვმასპინძლობდით სტუმრებს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენგან გამოცდილების გაზიარებას ითხოვდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ჩემი მარკეტინგული თუ ტექნოლოგიური კარიერა საქართველოში გავატარე, ჩავთვალე, რომ სწორი მომენტია ქართული საბანკო გამოცდილების უცხოეთში გამოსაყენებლად. აზერბაიჯანი კი ამ მხრივ ერთერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბაზარზე 30-მდე ბანკია, დიდია განვითარების სურვილი და დღითიდღე იზრდება ინტერესი ელექტრონული/ციფრული საბანკო მომსახურებისადმი.

M: როგორი ბანკია Nikoil?
Nikoil საშუალო ზომის, უნივერსალური ბანკია. მას ბაზარზე ყოფნის 25-წლიანი ისტორია აქვს და ძირითადად, ბიზნეს სექტორის მომსახურებაზეა ორიენტირებული. ბანკში მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებით, Nikoil იწყებს საცალო და ელექტრონული საბანკო მომსახურებების განვითარებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა მობილურ საბანკო მომსახურებას.

M: რა მოლოდინებს გიქმნით მსგავს ბანკში მრჩევლის პოზიციის დაკავება?
ეს, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანის ბაზარზე გადის ქართული დიჯიტალის, საბანკო მომსახურებისა და მარკეტინგის გამოცდილება. ასე რომ, როგორც მოლოდინი, ისე პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების შემთხვევაში ამ ბაზარს ექნება საინტერესო შეთავაზებები ქართველი პროფესიონალებისთვის, რაც ქართული კომპანიებისთვისაც შექმნის კონკურენციასა და გამოწვევას სპეციალისტების დაინტერესებისა და შენარჩუნების მხრივ.

განხილვა