in

დავით ბირმანი – #პირველისამსახური

ჩემს პირველ სამსახურზე საუბრისას აუცილებლად მომიწევს ცალკე გამოვყო პირველი მარკეტინგული სამსახური და პირველი სამსახური ბანკში. როდესაც მუშაობას ვიწყებდი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ეს ორი გადაიკვეთებოდა ან მითუმეტეს – ამხელა ადგილს დაიკავებდა ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი პირველი მარკეტინგული სამსახური: ESM-თბილისში სწავლისას იყო დაუწერელი წესი, რომ მე-3 კურსიდან უნდა დაგეწყო სამსახურის ძიება და “სადმე” აუცილებლად დასაქმებულიყავი, რისთვისაც ბიზნეს სკოლა “თვალს ხუჭავდა” ზომიერ გაცდენებზე. ამ ტალღაზე, სულ რამდენიმე კვირით აღმოვჩნდი სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიაში “სამგორი-ალკო” რომელიც ჩემს სეხნია არაყ “დავითსა” და კონიაკისებრ სასმელ “თბილისურს” უშვებდა. ამ დროს, ალკოჰოლური სასმელების რეკლამა ჯერ კიდევ ნებადართული იყო და მარკეტინგული კომუნიკაცია მასობრივი არხებით ხდებოდა. საინტერესო გამოცდილება იყო ბოთლების 3D-მოდელებისგან აწყობილი პრიმიტიული კლიპების დამზადება. ასევე, გავიხსენებდი თვითონ ქარხნის ატმოსფეროს, როდესაც ოფისში ასასვლელად ჩამოსასხმელ საამქროს უნდა ჩაუარო. ამ დროს, ბევრად უფრო ხელშესახებია, თუ რის მარკეტინგს აკეთებ და რაა შენზე დამოკიდებული. ქარხანა ლილოში მდებარეობდა და იქ სამუშაოდ ბიზნეს სკოლის “შეღავათის” გათვალისწინებითაც კი სწავლის მნიშვნელოვნად გაცდენა მიწევდა. ამიტომ, სწავლისა და მუშაობის ასეთი შეთავსება ორივესთვის საზიანო აღმოჩნდა და შედეგად…

ჩემი პირველი სამსახური ბანკში: საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკი, გერმანელი კონსულტანტების მიერ იმართებოდა და მასში ყველაფერი განსხვავდებოდა დანარჩენი საბანკო სექტორისგან. დავიწყოთ იმით, რომ საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე მოსახვედრად, გავიარეთ 700-კაციანი და 3-ეტაპიანი კონკურსი. სამსახურში მიღების შემდეგ, გერმანელი კონსულტანტები თვენახევრის განმავლობაში გვასწავლიდნენ საბანკო პროდუქტებს, მომსახურების პრინციპებს, საკრედიტო ანალიზის საწყისებს. ქვეყნის მთავარი ბიზნეს სკოლის სტუდენტისთვის ცოტა გასაკვირიც კი იყო ტრენინგის ხარისხი, რასაც მაშინ გავდიოდით. შემდეგ იყო პრაქტიკის პირველი თვეები, როდესაც გამანაწილეს ვარკეთილის ახლადგახსნილ ფილიალში და მომხმარებლების მოზიდვის არეალად მე და ჩემს კოლეგებს განგვისაზღვრეს ტერიტორია ავლაბრიდან ორხევამდე. ეს ნიშნავდა, რომ 3 თანამშრომელი, თბილისის რუკით ხელში, დავდიოდით ქუჩებში და ვესაუბრებოდით ყოველ მინიმარკეტს თუ სხვა მცირე ობიექტს “ჭეშმარიტ მიკროსესხზე”. საუბრის დროს კი, მაღაზიაში არსებული მარაგების სწრაფ ანალიზს ვაკეთებდით, რათა პირველადი გადაწყვეტილება მიგვეღო – “მიიცემა თუ არა სესხი”. ეს ჯერ ის დროა, როცა ხალხი ბანკებისადმი ნეგატიურად არ არის განწყობილი და თვით ის ფაქტი, რომ ბანკი სესხს გთავაზობს, პოზიტიურად აღიქმება. იყო კურიოზული გასაუბრებებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მინიმარკეტის პატრონი უკვე ჩამოყალიბებული “ლიდი” მეგონა, როდესაც სესხის მიზნობრიობა ვკითხე და პასუხად მივიღე, რომ “სპარტაკს უნდა გაეკიდოს ფრეზე”…

რატომ ვერ ვაცალკევებ ჩემს ორ პირველ სამსახურს და რატომ მგონია, რომ ორივე პირველია: პირველმა სამსახურმა მარკეტინგში მაჩვენა, როგორ მუშაობს პატარა გუნდი, როგორ კეთდება ფიზიკური პროდუქტი, რა გამოწვევები დგას მუდმივად ცვალებადი სამუშაო პროცესის დროს. ამავე დროს, პირველმა სამსახურმა ბანკში მომცა საშუალება დამენახა, რომ საქართველოში შეიძლება არსებობდეს სრულიად სხვანაირად აწყობილი პროცესი, რომ შეიძლება თანამშრომელი აიყვანო დღეს, ჩადო მასში 6 თვის ინვესტიცია და მხოლოდ ამის შემდეგ ელოდო მისგან პირველ შედეგს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ პირველი სამსახურის გახსენებისა თუ შეფასებისას ძალიან სასარგებლო იქნება ვუყუროთ სტივ ჯობსის ცნობილ გამოსვლას, სადაც ის საუბრობს “Connecting The Dots”-ზე და ამ კუთხით შევხედოთ ჩვენს პირველ და ყოველ შემდეგ სამსახურს.

დავით ბირმანი – აზერბაიჯანში Yelo Bank-ის ყოფილი უფროსი დირექტორი, domenebi.ge-ს თანადამფუძნებელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი.

“გვინდა, ქართული ჟღერადობის ეპიცენტრად ვიქცეთ” – ელექტრონული მუსიკის სკოლა 303Hz

ჭკვიანი სათვალე, რომელიც სმარტფონის შეტყობინებებს თქვენს ბადურაზე ასახავს