in

„გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც გავუგე გემო ინოვაციების შექმნას, არასოდეს შევცვლიდი“ – დავით ჩეჩელაშვილი

ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად, 2000 წელს, პირველი სტარტაპის დაფუძნება მიმაჩნია. მანამდე, მხოლოდ დიდ კომპანიებში (Deloitte&Touch, Renaissance Capital, MicroAge) ვმუშაობდი. სტარტაპი ჩემი ინტერესების სფეროში იყო. სტუდენტობიდან მაინტერესებდა ხელოვნური ინტელექტი და დისერტაციაზე ამ კუთხით ვმუშაობდი, სანამ ამერიკაში წავიდოდი. სინამდვილეში, ველოდი შანსს, რამე გამეკეთებინა ამ სფეროში და სწორედ 2000-ში დადგა ეს მომენტი. ამასთან, მივხვდი, არ მომწონდა დიდ კომპანიებში მუშაობა. განსაკუთრებით კონსალტინგის სფერო, რასაც ისეთი ნეგატიური მხარე ახლდა, რომ საკუთარი შრომის შედეგებს, ფაქტობრივად, ვერ ხედავდი.

მის მერე 5 სტარტაპი მაქვს დაფუძნებული, პარტნიორებთან ერთად და ამ პერიოდში მივხვდი რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს:

1) არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად პროდუქტიულები არიან დიდ კომპანიებში, პოტენციალის გამოვლინებისთვის მათ სჭირდებათ სტრუქტურა/წესები. იმ გარემოში სადაც წესები არ არსებობს ან ბუნდოვანია, ვერ ავლენენ თავიანთ სრულ პოტენციალს.

2) მეორე კატეგორია ადამიანების პირიქითაა – ფიზიკურად ცუდად ხდება ასეთ გარემოში სადაც წესები მკაცრად არის დადგენილი და ძალიან ძნელია ამ წესების შეცვლა/მოდიფიკაცია.

3) მესამე კატეგორია არის ყველაზე იშვიათი – ორივე გარემოში შეუძლია სრული პოტენციალის გამოვლენა.

წლების მერე, მივხვდი, რომ სადღაც მე-2 და მე-3 კატეგორიებს შორის ვარ. უფრო ახლოს მე-2 კატეგორიისკენ. ადამიანები, რომლებიც მეორე კატეგორიას ეკუთვნიან, როგორ წესი, სტარტაპებში ავლენენ ყველაზე კარგად თავის პოტენციალს, მაგრამ როცა სტარტაპი იწყებს მასშტაბირებას და ხდება ბიზნესი, ხშირად ტოვებენ (თავისი ნებით, ან ძალით) სტარტაპს. ხოლო მე-3 კატეგორიის ადამიანები თავიანთ სტარტაპში დიდხანს რჩებიან.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ 5 სტარტაპში, უამრავ რამეს გავაკეთებდი სხვანაირად, მაგრამ იმ გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც გავუგე გემო ინოვაციების შექმნას, არასოდეს შევცვლიდი. ინოვაციური პროდუქტის შექმნის პროცესთან ყველაზე ახლოს, ემოციურად, ბავშვების აღზრდა დგას. ის პროდუქტი, რასაც ქმნი იდეიდან ქაღალდზე და მიგყავს პროდუქტამდე, შემდეგ კი – მაღაზიაში, ფაქტობრივად, არის შენი ბავშვი.

დავით ჩეჩელაშვილი, GITA

ნახეთ: Catbus-ის ჯადოსნური ზოეტროპი, ანიმედან “ჩემი მეზობელი ტოტორო”

CROSTY პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას დამოუკიდებლობის დღეს გახსნის