4
Nov
2019

დავით ჩეჩელაშვილი – #პირველისამსახური

4 Nov 2019

ეს იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველო ბოროტი იმპერიის ნაწილს შეადგენდა. მე-4 კურსზე ვიყავი, ვსწავლობდი თსუ-ს კიბერნეტიკის და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, როცა გამოთვლითი მათემატიკის კათედრის გამგემ, ჰამლეტ მელაძემ (რომელიც იმ ადამიანების ტიპს ეკუთვნის, რაც უფრო იზრდები, ვითარდები, უკან იყურები და გახსენდება, მით უფრო აფასებ) გამოგვიძახა 6 სტუდენტი და გამოგვიცხადა, დროა თავი დავანებოთ ყალთაბანდობას და საქმის კეთება დავიწყოთო. ასე მოვხვდი მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში. არ მახსოვს, რა პოზიციაზე ვიყავი და რა მევალებოდა. ეს იყო 1989 წელი, პროგრამირება იყო სიახლე მაშინ. კომპიუტერები იყო ამერიკული IBM System/360 და DEC PDP-11 საბჭოთა ქოფი-ქეთები: EC და CM-4. არც ერთი მუშაობდა კარგად, მახსოვს, გვიწევდა ღამეების თენება, რომ გვემუშავა (დღის განმავლობაში 4-5 user-ის რომ იყო, ვერ იტანდა, ღამე კიდე 1-2 ვიყავით). პერსონალური კომპიუტერები ახალი შემოსული იყო. უნგრული წარმოების ვიდეოტრონები – IBM PC-ს ქოპი-ქეთი. საქართველოში იყო მხოლოდ ორი-სამი ორიგინალი IBM PC XT. ერთ-ერთი იყო ჩემი უფროსის კაბინეტში (ვიყოფდით კაბინეტს). გამიმართლა, ბევრი ღამე მაქვს ნათევი, სამაგიეროდ პროგრამირება ვისწავლე. არც წიგნები იყო, არც დოკუმენტაცია (ცოტა იყო რუსულად, არალეგალურად ნათარგმნი), და მიწევდა ყველაფრის სწავლა trial and error-ის მეთოდით.

ძალიან ცოტა გამოცდილი სპეციალისტი იყო საქართველოში, მხოლოდ ორი გამოირჩეოდა: არკადი ზასლავსკი და ოლეგ კულიკოვი. გამიმართლა და ორივესთან მომიწია მუშაობა. კარგად მახსოვს, ჩემი პირველი საკურსო პროექტი, რომელიც იყო სისტემა „პრიმუსის“ ჰაკინგი, იმისათვის, რომ დაგვემტკიცებინა ამ სისტემის კიბერ უსაფრთხოების ხარვეზები. ალბათ ამ პროექტის მერე გამყვა მთელი ცხოვრება „ჰაკინგისკენ“ მისწრაფება.

კომპიუტერულ ვირუსებს სტუდენტობის მერე აღარ ვწერდი, სამაგიეროდ „ჰაკინგი“ გამოვიყენე ყველა ჩემს სტარტაპში. ეს იყო, ძირითადად, ბიზნეს ფუნქციების ჰაკინგი: მარკეტინგის, მომხმარებლის მოზიდვის, ლოჯისტიკის, და ა.შ. იმ დროს YC-ც არ არსებობდა, და სტარტაპ ფაუნდერების მოდელი იყო ინტელი. ერთი გაკვეთილი რომელიც ძალიან სწრაფად ავითვისეთ – სტარტაპს გადარჩენის არავითარი შანსი არა აქვს, თუ ვერ მოახერხა რაიმეს „ჰაკინგი“.

 

დავით ჩეჩელაშვილი – ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი, საერთაშორისო სტარტაპ XpanD-ის დამფუძნებელი.

განხილვა