29
ოქტ
2018

მუშტაიდის ბაღიდან ჰოლივუდამდე – ინოვატორი დავით ჩეჩელაშვილი

29 ოქტ 2018

ყველაფერი იმ დღიდან დაიწყო, როდესაც მამამ მუშტაიდის ბაღში წაიყვანა და იქ პირველად დაინახა 3D სათვალე. ეს დღე ნათლად ახსოვს – სათვალე, რომელიც წითლად და ლურჯად პრიალებდა… სხვისთვის, ეს მხოლოდ საოცარი სამყაროს აღმოჩენა იყო, მისთვის კი,  ინტერესის საგანი და კითხვა: ეს როგორ მუშაობს?

 

ასე დაიწყო დავით ჩეჩელაშვილის გზა სამგანზომილებიან სამყაროში. დღეს, მას  ინოვაციურ ტექნოლოგიებთან მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს.  „სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით, ინოვაციების რუკაზე საქართველო საერთოდ არ არის, წერტილის სახითაც კი...“ ამბობს იგი ამ 20 წლის გადასახედიდან.  

დავით ჩეჩელაშვილი

მანამდე კი… მუშტაიდის ბაღში დაწყებულმა ამბავმა დავით ჩეჩელაშვილი ჰოლივუდამდე მიიყვანა.  უნივერსიტეტი თბილისში დაამთავრა,  შემდეგ სწავლა მინესოტას შტატში განაგრძო (აშშ). ამერიკაშივე გაგრძელდა მისი საქმიანობა და გუნდთან ერთად, „დისნეისთან“  თანამშრომლებით, 3D ტექნოლოგიები დანერგა კინოინდუსტრიაში.  სამგანზომილებიან ტექნოლოგიებზე მუშაობდა ასევე კომპანიაში iZ3D, სადაც მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. მისი საქმიანობა უკავშირდება ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მომუშავე ისეთ სტარტაპებს, როგორებიცაა NEUR Optics, NeurOK და DBA XPAND. 2014 წლიდან, დავითი ილიას უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია და მეწარმეობაზე კითხულობს ლექციებს.  ასევე, ამერიკის საელჩოსა და ილიას უნივერსიტეტთან ერთად, მუშაობს პროექტზე, რომელიც ინოვაციებით დაინტერესებულ ადამიანებს თვითრეალიზების შესაძლებლობას  მისცემს.

რა სჭირდება ინოვაციური პროდუქტის შექმნას? რა მნიშვნელობა აქვს მარკეტინგს ინოვაციაში? რა შედეგებამდე მიგვიყვანს ჯერ პროდუქტის შექმნა და შემდეგ გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტების ძიება? როგორ კეთდება ინოვაციური პროდუქტების დიზაინი და სხვა…

დავით ჩეჩელაშვილი POPXSpotlightის ერთერთი სპიკერია და ამ პრობლემებზე აპირებს საუბარს. მანამდე კი, იგი „მარკეტერის“ კითხვებს პასუხობს:  

M: ვინ არის დავით ჩეჩელაშვილი?

დავით ჩეჩელაშვილი არის Product-Guy, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრებაა ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნის.

M: ინოვაციების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მოდის?

დიახ, ბავშვობიდანვე. დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობით. შემდეგ, 90-იან წლებში, ამერიკაში წავედი და კარლსონის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, ბიზნესის მიმართულებით.

M: თუ შეიძლება, თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე გვიამბეთ უფრო დაწვრილებით…

ჩემი კარიერის მანძილზე, 5 სტარტაპის თანადამფუძნებელი ვარ. ყველა ეს სტარტაპი ტექნოლოგიური მიმართულებებით იყო. პირველი სტარტაპი ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდებოდა.  მას მერე, სამგანზომილებიან სფეროში, სტერეოსკოპიაში ვმუშაობ. ესაა ჩემი ბავშვობისდროინდელი ჰობი.

ამერიკაში რომ წავედი, ლოსანჟელესში, სან დიეგოში, LA Stereo Club-ის წევრი ვიყავი. იქ უკვე იცოდნენ ეს ტექნოლოგია. „დისნეიმგადაწყვიტა, რომ 3D ტექნოლოგია ხალხს კინოთეატრებში მოიყვანდა. იცოდნენ ჩემზე, რომ გუნდთან ერთად, ამ საქმით ვიყავი დაკავებული. დაგვიკავშირდნენ და გვკითხეს, შეგვეძლო თუ არა საჩვენებელი სისტემების გაკეთება. არ ვიყავით ჯერ მზად, მაგრამ დავთანხმდით. ასე აღმოვჩნდი ჰოლივუდში, სამგანზომილებიანი ტექნოლოგიის დანერგვის საწყისებთან.

ახლა უკვე საქართველოში დავბრუნდი, რადგან ისეთი დრო დადგა, შემიძლია ნებისმიერ ადგილას ვიცხოვრო და ვაკეთო საქმე, რასაც ვაკეთებ. ბიზნესიც უკვე სტარტაპი აღარ არის. უამრავი კლიენტიც გვყავს და სამგანზომილებიანი ბაზრის ლიდერებიც ვართ. კინოთეატრების გარდა, ეს ტექნოლოგია დაინერგა თემატურ პარკებში, მუზეუმებში, სკოლებში და .. აქვე უნდა ვთქვა, რომ კინოთეატრების მხრივ, ბაზრის ლიდერია კომპანია RealD.

M: დღეს თითქმის ყველაფერს ინოვაციად მოიხსენიებენ. თქვენთვის რა არის ინოვაცია?

ინოვაცია ჩემთვის არის რაღაც სიახლე რომლის კომერციალიზაცია განხორციელდა და რომელიც გლობალურია. ამასთან, ინოვაციასა და გამოგონებას ხშირად ურევენ ერთმანეთში. გამომგონებლის მიზანია, რაღაც ახალი გამოიგონოს, ინოვატორის მიზანია, უკვე გამოგონებული ხელსაწყოებიდან შექმნას რაღაც ახალი. მაგალითად, თუკი საუბარი გვაქვს კუბზეინოვატორი კუბებისგან შექმნის ახალ რაღაცას, გამომგონებელი კიახალ კუბს გამოიგონებს.

M: და ინოვაციური მარკეტინგი რა არის?

ბევრი ფიქრობს, რომ ჯერ პროდუქტი ან სერვისი იქმნება, და შემდეგ უნდა დაიწყონ მარკეტინგზე ზრუნვა. ინოვაციებში ეს მიდგომა არ მუშაობს. სწორედ ამიტომ, სტარტაპების 42% კვდებაეს ოფიციალური სტატისტიკაა. აკეთებენ რაღაცას, შემდეგ იწყებენ მარკეტინგს და ბოლოს ხვდებიან, რომ ეს არ იმუშავებს ან, უარეს შემთხვევაში, ამას მაშინ ხვდებიან, როდესაც უკვე გაკოტრდნენ. ამიტომ მარკეტინგი უნდა იწყებოდეს ან იმ მომენტიდანვე, როდესაც იქმნება პროდუქტი ან მნიშვნელოვნად ადრე. მარკეტინგის დანიშნულებაავიპოვოთ კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების საჭიროება. „ვიპოვოთდა არაშევქმნათ“ – ეს კიდევ ერთი შეცდომაა. მარკეტინგი არაფერს ქმნისმარკეტინგი პოულობს კარგად დამალულ საჭიროებებს.

ინოვაციური მარკეტინგის სპეციფიკა ისაა, რომ ინოვაციური სამყარო ახლოსაა მეცნიერებასთან. მეცნიერების მსგავსად, ჩვენ ვიღებთ ჰიპოთეზას და ვამოწმებთ: ეს მიდგომა სწორია? თუ პასუხი დადებითია, ვაგრძელებთ, თუ არასხვა საკითხზე გადავდივართ. მეტიც, პროტოტიპის გაკეთებაც კი არ არის აუცილებელი ამ ეტაპზე.

Kickstarter-ზეც ამას აკეთებშედიხარ, ათავსებ ვიდეოს და აკვირდები გამოხმაურებას. თავის დროზე, Kickstarter-ზე სამგანზომილებიანი კალმის პროექტი შევიტანეთ. მივუთითეთ, რომ $30,000 გვჭირდებოდა, თუმცა, შევაგროვეთ 2,3 მლნ დოლარი. ამით დავამტკიცეთ, რომ ძალიან მოთხოვნადია, ვიპოვეთ ნიშა და ამავდროულად, მივიღეთ დაფინანსება.

M: საკუთარი ბიზნესის გარდა, განათლების სფეროშიც მუშაობთ. განათლებაში რა ინოვაციებია საჭირო?

განათლება მთელ მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა. შესაბამისად, ინოვაციური მეთოდები საკმაოდ ეფექტურია ამ მიმართულებით, რადგან რადიკალურად ცვლი მიდგომას. Texas Instruments studyის კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც 3D ტექნოლოგიების დახმარებით სწავლობენ, 30%-ით აუმჯობესებენ თავიანთ შეფასებებს. ესაა თამაშის პრინციპი, რითაც უფრო ადვილად სწავლობს ადამიანი. ხედავ ვიზუალურად და ასე უკეთ გამახსოვრდება, მაგალითად, როგორ ურთიერთქმედებენ მოლეკულები ერთმანეთთან, ვიდრე წიგნში წაკითხულიდან. თანაც, აქ ეკრანზე კი არ უყურებ, არამედ უშუალოდ პროცესის ნაწილი ხარ.

M: საქართველოში რა მიმართულებით მუშაობთ ინოვაციის სფეროს განვითარებაზე?

ილიას უნივერსიტეტში, ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, გვინდა, რომ მეწარმეობაზე გავაკეთოთ კურსი, რომელიც აქსელერატორსაც მოიცავს. აქსელერატორი უნდა იყოს პრაქტიკული. სამწუხაროდ, ხშირად, მეწარმეობას თეორეტიკოსები ასწავლიან. დოქტორის ხარისხიც არსებობს მეწარმეობაში. თუკი პრაქტიკოსი არ გასწავლის და კეთებისას არ ითვისებ, როგორ უნდა ისწავლო?

არის ასეთი საერთაშორისო პლატფორმა https://www.ycombinator.com/. ესაა აქსელერატორი, რომელმაც თავის დროზე ფული ჩადო დიდ პროექტებში, რომლებმაც გაამართლა: Pinterest, Airbnb, Dropbox და .. აქსელერატორმა, სტენფორდთან თანამშრომლობით, გააკეთა უფასო კურსი და ეს ვიდეოები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი. ძიებაში რომ აკრიფოთ “Ycombinator Stanford Classes”, ძალიან მაგარი ვიდეოების ყურება შეგიძლიათ. ამითაა Ycombinator უნიკალური, რომ ადამიანები იდეიდან მიდიან რაღაც დონემდე და შემდეგ აკეთებენ. რაც მთავარია, შენნაირი ხალხია შენს გარშემო. შეიძლება სხვა იდეებზე მუშაობდნენ, მაგრამ ერთად იზრდებით და შეიძლება გაერთიანდეთ კიდეც. ხშირად, აქსელერატორების მთავარი შეცდომაა, როცა იდეაზე მუშაობის ნაცვლად, თავიდანვე ფინანსური მოდელის ან ბიზნესგეგმის წერას ასწავლიან. ამას ისიც ემატება, რომ არეულია სტარტაპის გაგება.  სტარტაპს ხშირად ურევენ მცირე ბიზნესში. სტარტაპი არის მეცნიერება ბიზნესშიშენ ამოწმებ შენს ჰიპოთეზებს, სანამ არ იპოვი ახალს. სწორედ ეს არის ინოვაცია, რადგან ახალ ბიზნესმოდელს ეძებ.

M: როგორ ჩანს ქართული ინოვაციური პროგრესი საერთაშორისო ასპარეზზე?

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით, ინოვაციების რუკაზე საერთოდ არ ვართ, წერტილის სახითაც კი. ინოვაციების რუკაზე არის ამერიკა, ჩინეთი, ევროპა, ისრაელი, ესტონეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, თუმცა, ჩვენ არ შეგვიქმნია რაიმე ისეთი, რისი გამოყენებაც გლობალურად იქნებოდა შესაძლებელი. მაგალითად, ესტონეთმა შექმნა Skype, მის შემდეგ კიდევ 12 პროექტი შეიქმნა, რომელიცსკაიპისგზას გაიმეორებს. ჩვენთვის ყველაზე დიდი სირთულე სწორედ პირველისკაიპისშექმნა იქნება.

საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობაშემოქმედებითი ხალხი ვართ. განსაკუთრებით, ახალგაზრდები არიან კრეატიულები. ინოვაციებში კრეატივს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა შესრულება, რომელიც მთლიანი საქმის 80%-ია, ჯერ კიდევ გვიჭირს. ეს იმიტომ, რომ არ გვაქვს გამოცდილება და ეს, უბრალოდ, დროის ამბავია.

შეგახსენებთ, POPXSpotlight 18 ნოემბერს, „რადისონში“ გაიამართება. ეს არის პირველი „სპოტლაითი“, რომელიც ეძღვნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს.

სრული პროგრამის
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ბილეთებისთვის ეწვიეთ:
TKT – https://bit.ly/2SLrUQV
Biletebi.ge – https://bit.ly/2PBqcmD

განხილვა