27
Dec
2019

„უარყოფითი რიცხვების“ დადებითი მხარე – #ჩელენჯერი დავით ისაკაძე 

27 Dec 2019

„სცენარი პირველად რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ალბათ, ესაა პროექტი, რომელსაც ამდენხანს ველოდი და სულ მინდოდა, გამეკეთებინა-მეთქი“, – ამბობს პროდიუსერი დავით ისაკაძე ფილმზე „უარყოფითი რიცხვები“, რომლის სიუჟეტიც ასე ვითარდება: „არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას მოუწევს, არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის“.

სცენარი UNICEF-ის მხარდაჭერითა და რაგბის კავშირის ინიციატივით განხორციელებული რეალური ისტორიის მიხედვითაა დაწერილი. ერთი მხრივ, თუ ფილმში ხაზგასმულია სპორტის შესაძლებლობა დამნაშავე ახალგაზრდების ცხოვრებისკენ შემობრუნების კუთხით, მეორე მხრივ, თავად დავით ისაკაძეს აქვს საკუთარი, ნამდვილი ამბავი სპორტზე, როგორც 90-იანების სტაგნაციასთან გამკლავების საშუალებაზე.

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას „ჩელენჯერი“, რომლის სპონსორიც შოტლანდიური ერთალაოიანი ვისკი – Glenfiddich-ია. რუბრიკის სტუმარი კი, ჩელენჯერი დავით ისაკაძეა  – პროდიუსერი. 

გავიზარდე აქ, თბილისში, როგორც ყველა. ჩემი ბავშვობის პერიოდი – 90-იანი წლები ყველასთვის მძიმე იყო. არაფერი არ ხდებოდა. სკოლაში მართალი რომ გითხრა, დიდად აქტიურად არ დავდიოდი. 8 წლის რომ ვიყავი, სათხილამურო სპორტ სკოლაში მიმიყვანეს დ მას შემდეგ, მთელი ზამთარი გუდაურში ვიყავით ხოლმე. ეს იყო ერთ-ერთი ის პატარა ნათელი წერტილი, რისი გაკეთებაც მაშინ შეგვეძლო. გვიხაროდა იქ წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი პირობები იყო: შუქი არ იყო, გათბობაც არ გვქონდა და ხშირად, დიდთოვლობის გამო, საჭმლის გარეშეც გვიწევდა ხოლმე იქ დარჩენა, დღეს მაინც ძალიან კარგად მახსენდება ეგ პერიოდი ჩემი ბავშვობიდან. აქ ვისწავლეთ მეგობრობა, ნდობა, ერთმანეთის გატანა და ერთმანეთის იმედის ქონა. 

უარყოფითი რიცხვები მაშინაც იყო. „11 წლისები ვიყავით, ჩვენი მეგობარი გუდაურში რომ დაიღუპა… დღემდე, 29 წლის შემდეგაც, მის დაბადების დღეზე ვიკრიბებით და მგონია, ეგაა ნამდვილი მეგობრობა, სპორტმა რომ გვასწავლა“.

ხოდა ასე, მეგობრობა ისწავლა, მაგრამ ვერ ისწავლა არქიტექტურაზე. რატომღაც, თავი ვერ მოაბა და ბაბუის გავლენით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოტექნოლოგია და ღვინის ტექნოლოგია დაამთავრა. თუმცა კი, მეგობრების დახმარებით, თავი „სარკეში“ იპოვა და სწორედ აქედან დაიწყო სარეკლამო სააგენტოში მისი, როგორც პროდიუსერის ნელი ცურვაც.

რამდენიმე პროექტში, სადაც პროდიუსერის ასისტენტი სჭირდებოდათ, სრულიად გამოუცდელმა, მაინც გამოთქვა ჩართვის სურვილი. მერე ერთ-ერთი პროექტის – „საშლელი“ ხელმძღვანელიც გახდა და ეს იქცა მისი ფილმთან შეხების პირველ გამოცდილებად. აქედან რეკლამების კეთებაზე, შემდეგ კი, WINDFOR’S-ში გადავიდა. მოგვიანებით კი, საკუთარი კომპანია Magnet Films ჩამოაყალიბა, საქართველოში, ძირითადად, უცხოურ კომპანიებს გადაღებების სერვისს რომ უწევდა.

სულ მქონდა იმის სურვილი, რომ ფილმი გადამეღო, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და ბრიტანულ-ქართული დაბალბიუჯეტიანი პროექტის თანამწარმოებელი გავხდი. რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი იყო და დიდი წარმატება მაინცდამაინც არ ჰქონია, თუმცა გამოცდილების კუთხით, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ეს ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, ჩემს პროექტს რომ ვიწყებდი, „უარყოფით რიცხვებს“.

„უარყოფითი რიცხვების“ ამბავი კი ასეთი იყო: არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში, მოზარდებს, 1 წლის განმავლობაში, პროფესიონალი მორაგბეები: ლექსო გუგავა და ნონო ანდღულაძე ავარჯიშებდნენ. რაგბის ვარჯიშების პერიოდში, ამ ბავშვების მენტალობასთან ერთად, თვითონ კოლონიაში სიტუაცია იმდენად შეიცვალა, დავითის ერთ-ერთ მეგობარს, აღფრთოვანებულ გიორგი დუჩიძეს იდეა მოუვიდა, რომ ამ ამბავზე სცენარი დაწერილიყო. სწორედ ამიტომ, მიმართეს უტა ბერიას, რომლის სცენარმაც რეჟისორი კოტე თაყაიშვილი და პროდიუსერი დავით ისაკაძეც აანთო, რომ „უარყოფითი რიცხვები“ ყოფილიყო ფილმი.

M: დავით, შეიძლება იქვას, რომ კონკრეტულად, ამ პროექტზე მუშაობის დაწყება გამოხატავდა თქვენს ჩელენჯერულ ბუნებას?
ზოგადად, საქართველოში ნებისმიერი პროექტის დაწყება გამოწვევაა. აქ რომ ფილმის კეთებას იწყებ, ასევე იწყებ დაუსრულებელ პრობლემებთან გამკლავებას. პროდიუსერის პასუხისმგებლობაც ყოველდღე არის რაიმე გამოწვევის გადალახვა, ამოცანის გადაჭრა. და კი, ამ პროექტზე მუშაობაც იყო საკუთარი თავის ძალიან დიდ გამოწვევაში ჩაბმა.

რთული იყო ნამდვილად ამაზე მუშაობა – რადგან ფილმი მაღალბიუჯეტიანია, გვჭირდებოდა ბევრი მსახიობი, დიდი დეკორაციები. გვქონდა კრიზისული პერიოდი, აუცილებელი იყო დაფინანსების მოპოვება, თვე-ნახევარი ციხეში ვცხოვრობდით, უამინდობამ ბევრჯერ ჩაგვიშალა გადაღებები, აგვირია გრაფიკი და გაგვიზარდა ხარჯი. მოკლედ, ბევრ რისკზე ვიარეთ და იმ დღიდან დაწყებული, როცა კინოცენტრში დაფინანსებაზე შევიტანეთ განაცხადი, 2 წელი დაგვჭირდა საბოლოო პროდუქტის მისაღებად.

M: ფილმს ჰყავს საერთაშორისო დამფინანსებლებიც ხომ?
დიახ, ეს ფილმი საქართველო-იტალია-საფრანგეთის თანაწარმოებაა. ზუსტად ამ საერთაშორისო ინტერესმა იქაურ კინოფონდებთან გზა გაგვიხსნა და ევროკავშირის კინოფონდის დაფინანსებაც მოვიპოვეთ.

M: და როგორ ფიქრობთ, რა არის უნიკალური თქვენს ფილმში? რატომ გადაწყვიტა ამდენმა ქვეყანამ მასში რესურსის ჩადება?
პრობლემა იყო გლობალური. მათთვის დაფინანსების მოტივაცია გახდა ზუსტად ის, რომ ფრანგებისთვისაც და იტალიელებისთვისაც ეს პრობლემა ნაცნობი აღმოჩნდა და სხვადასხვა კულტურის მქონე აუდიტორიასთან ჩვენი სათქმელი იყო ერთი და იგივე. 

M: ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზის მფლობელი გახდა: ევროკავშირის პრიზი – „ადამიანის უფლებები კინოში 2019“ და ჟიურის განსაკუთრებული პრიზი… როგორი იყო მთავარი ჟიურის – მაყურებლის უკუკავშირი?
ჩვენ მიზანს მივაღწიეთ იმიტომ, რომ თბილისის კინოფესტივალზე პრემიერის დროს, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, სადაც მთავარი გმირის მეტამორფოზა ხდება, დარბაზმა ტაში ზუსტად მაგ მომენტზე დაუკრა და ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება – აუდიტორიამ ჩვენი გზავნილი სწორად მიიღო.

M: რას გვეტყვით კინოინდუსტრიაზე… რატომ არის თქვენთვის ასეთი მიმზიდველი აქ ყოფნა?
დღევანდელ სამყაროში მგონია, რომ სათქმელის გამოსახატად, ფილმი ყველაზე ძლიერი მედიასაშუალებაა. ფილმებით ვსაუბრობთ კულტურაზე, საზოგადოებას პრობლემას ვაცნობთ და შეგვიძლია, ემოცია იმდენად მძაფრად მივიტანოთ, რომ ადამიანებს ფიქრი დავაწყებინოთ იმაზე, რაც აქამდე მათთვის უცხო იყო. „უარყოფითი რიცხვებით“ ჩვენ დავსვით საკითხი და აუდიტორიას პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალებაც ვაჩვენეთ. 

M: დავით, რა იქნება შემდეგ, ამჯერად, საკოორდინატო სიბრტყის რომელ მხარეს გაგიწევიათ?
ამ ფილმზე მუშაობა სპონტანურად გადავწყვიტე და დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა, მართალია, ძალიან რთული პროექტი იყო და რთულად მოხდა რეალიზება, მაგრამ ძალიან მეამაყება. ფილმის გადაღება სულ მინდოდა და ახლა ამ ყველაფერმა იმდენად გამიტაცა, რომ გაჩერებას არ ვაპირებ. ფილმების კეთებას ვიდეო ფროდაქშენ სერვისის კუთხით გავაგრძელებ. მინდა, ჩვენი ფილმებით, ჩვენი ხმა გავაგონოთ მსოფლიოს და საქართველო პოპულარულ გადასაღებ მოედნად ვაქციოთ.

M: და ბოლოს, ვინ არის დავით ისაკაძე დღეს?
დავით ისაკაძე დღეს არის ანტერპრენუარი და პროდიუსერი, როელსაც სადებიუტო ნამუშევარი ჰქონდა და რომელსაც შემოქმედებითი ენერგიით იდეები და ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა ავსებს.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა