14
May
2019

დავით კაკაბაძის სრულყოფილებამდე განცდილი შემოქმედება

14 May 2019

მისი ნახატების ყურებისას გებადება განცდა, რომ ამ ფერებს ვერსად გაექცევი – უბრალოდ უნდა იდგე და უსასრულოდ უყურო.. ეს უბრალო აბსტრაქციები არ არის, არც უბრალო გეომეტრიული ფიგურებით შექმნილი ნახატები, არც უბრალო მთები და სივრცეები.. დავით კაკაბაძის შემოქმედება ისაა, რაც ქართულ ხელოვნებას საამაყო ფენომენად ამჩნევია, თავად დავით კაკაბაძე კი – უპირობო გენიად. იგი არც მხოლოდ მხატვარია, არც მხოლოდ კინორეჟისორი, ან გამომგონებელი, ფოტოგრაფი.. იგი ყველაფერ ამის კომბინაციაა და ალბათ ამიტომაა, რომ მისი სახელი დღესაც ძალიან აქტუალურია, შეიძლება ითქვას, იმაზე მეტადაც, ვიდრე მისი სიცოცხლის პერიოდში. ესეც ხომ ერთგვარი კანონზომიერებაა – სამყაროსეული..

ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი 1889 წელს საქართველოში, სოფელ კუხში დაიბადა. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა – ფიზიკა-მათემატიკის განხრით. კირილ ზდანევიჩი დავით კაკაბაძის შემოქმედებაზე ამბობდა: “ზუსტმა მეცნიერებებმა – მათემატიკამ, ფიზიკამ, ქიმიამ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, იქონიეს უდიდესი გავლენა მის შემოქმედებაზე.” და ალბათ, სწორედ ამიტომ იყო მისი შემოქმედება ასე მრავალწახნაგოვანი..

1916 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლება დაიწყო. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე. სწორედ ამ დროს დაიწყო კაკაბაძემ იმერული პეიზაჟების ციკლზე მუშაობა. 1918 წლისთვის მას უკვე შესრულებული აქვს “იმერეთის ნატურმორტი” და “იმერეთი-დედაჩემი”. მის ამ ნამუშევრებში იმერეთი განზოგადებული სახითაა გადმოცემული. მის ცნობილ ნახატში კი “იმერეთი-დედაჩემი” არა მისი დედის კონკრეტული სახე, არამედ აქ დედად განსხეულებული სამშობლოა გამოსახული. როგორც გრიგოლ რობაქიძე დავით კაკაბაძეზე ამბობდა, “იმერეთი მხატვრის ესთეტიკურ გულის-ნადებათ უნდა ჩაითვალოს.”

1919 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ დავით კაკაბაძე პარიზში გააგზავნა. სადაც 1927 წლამდე დაჰყო. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ყველა მისი ცნობილი სერია: “ბრეტანი” (1921 წ.), ფერწერული და გრაფიკული კუბისტური სერიები “პარიზი”(1920 წ.), “იალქნიანი ნავები” (1921 წ.), “აყვავებული ბაღის აბსტრაქტული ფორმები” (1921 წ.), ობიექტები ლინზებით (1924 წ.), და სხვა.

ავტოპორტრეტი

1921 წლიდან სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად, პარიზში ‘”დამოუკიდებელთა სალონის’” (Salon des indépendants) ყოველწლიურ გამოფენებში იღებდა მონაწილეობას, კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს (ქართულ და ფრანგულ ენებზე). ამავე პერიოდში მხატვარი გამუდმებით ფიქრობდა სამგანზომილებიანი კინოს შექმნაზე. 1922 წელს კი შექმნა უსათვალო სტერეო-აპარატი, რისთვისაც პატენტები აიღებს ამერიკიდან და ევროპის მრავალი ქვეყნიდან. ცნობილია, რომ გამოგონების სრულყოფისათვის სააქციო საზოგადოებაც შეიქმნა, რომელსაც კაკაბაძისთვის ტექნიკური აპარატის შექმნისა და პირველი გამოსახულებების მიღების საშუალება უნდა მიეცა, თუმცა, არასაკმარისი დაფინანსების გამო საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

ძიებებისა და აღმოჩენების საფუძველზე, კაკაბაძემ შექმნა კოლაჟები, რომლებიც სახვით ხელოვნებაში მისი განსაკუთრებული მიღწევაა. იგი კოლაჟებისთვის ლითონის ნაწილებს, ლინზებს, სარკესა და ხეს იყენებდა. ამ ტიპის მხატვრული გამოსახულებები ორგანულ, ემბრიონულ ფორმებს უახლოვდება. მან ამ კოლაჟების შექმნისას ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა პულვიზატორი ფონის დასაფერად. ზოგიერთ ნამუშევარს უკანა მხრიდან ელექტრონათურა აქვს მიმაგრებული, ჩარჩოები – ხის ან ლითონისაა..

დავით კაკაბაძე საკუთარი ნიჭის წყალობით ბრუკლინის საერთაშორისო გამოფენაზეც მოხვდა: 1926 წელს ამერიკელმა კოლექციონერმა და მხატვარმა ქეთრინ დრაიერმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტის შემდეგ “ანონიმური საზოგადოება” შექმნა, რომლის მიზანი ავანგარდული ხელოვნების ჩვენება, შეგროვება და შესწავლა იყო. იგი ამ ნამუშევრებს ამერიკაში წარსადგენად აგროვებდა. ზემოთ აღნიშნულ “დამოუკიდებელთა სალონში” დრაიერმა კაკაბაძის ნამუშევრები დაათვალიერა, შემდეგ კი სახელოსნოში ეწვია მხატვარს და მისგან ნახატები იყიდა. სწორედ ასე მოხვდა იგი ბრუკლინის საერთაშორისო მუზეუმში. შემდეგ კი, ნამუშევრები იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეის კოლექციაში გადავიდა.

ავტოპორტრეტი

აღსანიშნავია, რომ მისი ქადაკება ‘Z’ “ Société Anonyme-ის სახე გახდა და იგი მთელი რიგი პუბლიკაციების გარეკანზე ჩნდებოდა..

ბრუკლინის მუზეუმის გამოფენა 1926 წლის ნოემბერში გაიხსნა და 1927 წლის იანვარში დაიხურა. რის მერეც კაკაბაძე გასაბჭოებულ სამშობლოში დაბრუნდა. ალბათ, მან იცოდა, რა ელოდა მის შემოქმედებას აქ, თუმცა, ეს ის პიროვნება გახლდათ, რომელსაც საკუთარი შემოქმედებისთვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის სჭირდებოდა სამშობლოში ყოფნა. მისი ნამუშევრებიც ხომ ასეთია: სრულიად თანამედროვე, უცხო და ორიგინალური, თუმცა მაინც ტრადიციებზე აგებული, საიდანაც მშობლიური, ეროვნული დეტალები გამოსჭვივის.. თუკი ზოგიერთი სამომავლოდ ცნობილი მხატვრისთვის ბრუკლინის გამოფენა მათი შემოქმედების აღმასვლის დასაწყისი იყო, 37 წლის კაკაბაძისთვის გამოფენა ტრაგიკულად უკანასკნელი აღმოჩნდა. 1927 წლიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით კაკაბაძე სრულიად მოწყვეტილი აღმოჩნდა დასავლურ სახელოვნებო სამყაროს. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ დღესდღეობით მრავალ მის თანამედროვე მხატვარს დეტალურ დონეზე ვიცნობთ, დავით კაკაბაძეს კი მსოფლიოში ნაკლებად იცნობენ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კ. მარჯანიშვილის მოწვევით კაკაბაძემ მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში. გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი (ე. ტოლერის “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”, 1928; პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”, 1929; შ. დადიანის “ნინოშვილის გურია”, 1932; დ. კლდიაშვილის”სამანიშვილის დედინაცვალი”, 1937; პ. კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”, 1946 – ყველა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი; ი. მოსაშვილის “სადგურის უფროსი”, 1947, რუსთაველის სახელობის თეატრი; პ. ჩაიკოვსკის “პოკის ქალი”, 1947 – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა), აგრეთვე კინოფილმები (“მარილი სვანეთს”, რეჟისორი მ. კალატოზიშვილი, 1930; “დაკარგული სამოთხე”, რეჟისორი დ. რონდელი, 1936 და სხვა).

საბჭოთა კავშირი ის ფენომენი იყო, რომელიც ყოველგვარ თანამედროვეობას კრძალავდა. მისთვის კაკაბაძისეული ინოვაციები არაფერს წარმოადგენდა, პირიქით, იგი სოციალისტური იდეის შელახვად თვლიდა კაკაბაძის შემოქმედებას. საქართველოში დაბრუნებისას 1928 წელს სასტუმრო ‘ორიენტში’ მოწყობილი პერსონალური გამოფენიდან მიღებული გამოცდილების შემდეგ მას 1933 წლამდე არ შეუქმნია არც ერთი ნამუშევარი. თვით მხატვარმა ამ წლებს “დუმილის პერიოდი” უწოდა. მისი პარიზული პერიოდის ნამუშევრები საბჭოურ სივრცეში ფორმალიზმად მიიჩნეოდა. საბოლოოდ, კაკაბაძე იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და 1933 წელს შეექმნა გრაფიკული სერია “რიონჰესი”, 1940-50-იან წლებში კი სურათები ინდუსტრიალ თემაზე.

1943 წლიდან კაკაბაძე სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახდა, ხოლო 1933-1942 წლებში სამხატვრო აკადემიის სასწავლო ნაწილი იყო. თუმცა, ეს ძალიან მოკლე ხანს გაგრძელდა, რადგანაც 1948 წლის 12 ივნისის თბილისის სამხატვრო აკადემიისადმი გაიცა ბრძანება, რომ 1948/49 სასწავლო წლიდან გათავისუფლებულიყო თავისი თანამდებობიდან, რადგანაც მან ვერ უზრუნველყო სტუდენტების სოციალისტური მეთოდის საფუძველზე აღზრდა.

ავტოპორტრეტი

ცნობილია, რომ ამ ფაქტის გამო სერგო ქობულაძემ და აპოლონ ქუთათელაძემ კომისიას თავიანთი საათების ნახევრის კაკაბაძისთვის გადაცემა სთხოვეს აკადემიაში დარჩენის მიზნით, თუმცა, უშედეგოდ.

დავით კაკაბაძე 1952 წლის 10 მაისს გარდაიცვალა, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, 1962 წელს კი გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. წელს ქართველი ერი მის 130 წლის იუბილეს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ საფუძვლიანად იხსენებს დავით კაკაბაძის შემოქმედებას.

მხატვრის ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ იგი მრავალი ცხოვრებით ცხოვრობდა: დავით კაკაბაძე თანაბრად იყო ბუნებისმეტყველიც და მხატვარიც, ხელოვანიც და ფიზიკოს-მათემატიკოსიც, ტრადიციულიც და თანამედროვეც, რაც მთავარია, იგი იყო ნამდვილი პატრიოტი და მისი სულის ეს თვისება ნათლადაა ასახული მის შემოქმედებაში. იგი მაინც დაბრუნდა იქ, სადაც მის შემოქმედებას, მის სურვილებსა და ოცნებებს რეალური გასაქანი არ ელოდა. მაგრამ დღეს, მისი ეს ოცნებები, ქართულ შემოქმედებას ისევ ამოსძახის წარსულიდან. და თუ წლების წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, დღეს მისი შემოქმედება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა