ყველაფერი დაიწყო გასულ წელს, როდესაც ლონდონში ბაზირებულმა ქართველმა დიზაინერმა David Koma-მ ბრენდ „ბორჯომისთვის“ შექმნა საახალწლო დიზაინი შექმნა. კოლაბორაციის ფარგლებში, ქილის ფოტოებზე ფოტოგრაფმა თორნიკე აივაზიშვილმა იმუშავა. წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის, დევიდ კომამ ქართულ შემოქმედებით ჯგუფთან გადაწყვიტა მუშაობა. საქართველოში ჩამოსუმა დიზაინერმა, რამდენიმე არტისტთან შეხვედრის შემდეგ, კვლავ თორნიკე აივაზიშვილთან გადაწყვიტა თანამშრომლობა. ფოტოგრაფმა პროექტზე საკონსულტაციო სააგენტო Noizy-სთან ერთად იმუშავა. როგორც შემოქმედებითმა ჯგუფმა აღნიშნა, ეს პირველი ფოტოპროექტია, რომელიც მხოლოდ ფეხსაცმელსა და ჩანთებს დაეთმო. ფოტოების ინსპირაციად მარლენ დიტრიხი და მისი სტილი იქცა. ნამუშევრების ნაწილი დიზაინერის ბრენდის სოციალურ მედიაში უკვე გამოჩნდა.
„როგორც აღმოჩნდა, გასული წლის თანამშრომლობის შემდეგ, David Koma-სა და თორნიკეს ხედვა კვლავაც დაემთხვა ერთმანეთს. თორნიკეს დახმარებით, კომა დაუკავშირდა აქაურ სტილისტებს, makeup/hair არტისტებს, პროდიუსერებს, მოდელებს და მათგანაც მისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატებზე შეაჩერა არჩევანი,“ – გვიამბო Noizy-მ.
M: როგორი იყო შემოქმედებითი ჯგუფის ბრიფი?
შემოქმედებითი გუნდის დავალება საკმაოდ რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ კომა ფიზიკურად ჩვენ გვერდით არ იმყოფებოდა და ეს ორმაგად ზრდიდა ჩვენს პასუხისმგებლობას. David Koma-ს ეს პროექტი გამორჩეულია იმით, რომ ბრენდის ისტორიაში პირველად კამპანია მხოლოდ ფეხსაცმელს და ჩანთებს მიეძღვნა. ამ დრომდე ბრენდს აქსესუარებისთვის ცალკე გადაღება არ ჰქონია. შესაბამისად, გადაღება უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად პროდუქტზე ორიენტირებული და ამავდროულად საინტერესო, კრეატიული.
M: როგორ შეარჩიეთ სტილი ფოტოსერიისთვის?
გადაღების კონცეფცია პროექტის არტ-დირექტორმა ჩამოაყალიბა, ფოტოგრაფთან შეთანხმებით. კონცეფცია გამომდინარეობდა თავად ბრენდის ესთეტიკიდან და მიმდინარე კოლექციის ინსპირაციიდან. ეს იყო მარლენ დიტრიხი და მისი სტილის განვითარება 1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე. პროექტს ბევრი გამოწვევა ჰქონდა, როგორც მისი მასშტაბი, ასევე დიზაინერის ფიზიკურად აქ არყოფნა, ისიც, რომ ბრენდის არსებობის ისტორიაში პირველად კეთდებოდა აქსესუარებზე ორიენტირებული გადაღება.
M: გვიამბეთ სამუშაო პროცესსა და შედეგზე…
სამუშაო პროცესი იყო საკმაოდ რთული და საინტერესო. მას შემდეგ, რაც გუნდი შეიკრიბა და მის მიერ დანახული კონცეფცია დამტკიცდა, უკვე გადავედით ტექნიკურ ნაწილზე და დაიწყო გადაღებისთვის საჭირო სივრცის, რეკვიზიტების და ყველა დეტალის მოგვარების პროცესი. რამდენჯერმე გვქონდა ვიდეოჩართვა კომასთან და მის გუნდთან, რომ ისინი მაქსიმალურად ინფორმირებული ყოფილიყვნენ ჩვენი ყველა გადაწყვეტილების შესახებ. გვიხარია, რომ საბოლოო შედეგით, ბრენდი ძალიან კმაყოფილია და განიხილავს სამომავლო თანამშრომლობასაც.
კრედიტები:
ფოტოგრაფი – თორნიკე აივაზიშვილი (tornikeaivazishvili)
სტილისტი/არტ დირექტორი – სალომე ცაბუტაშვილი (spookyfrau)
მაკიაჟი – ანა თოდუა (atodua)
თმა – ვიქტორია გიგიაშვილი (viktoria gigiashvili)
მოდელი – თიკო ჯეჯელავა
ფროდაქშენი- @the.noizy (თორნიკე აფრიდონიძე @tornikeapridonidze, მარიამ იანვარაშვილი) @mariam.ianvarashvili, სალომე მიქაშავიძე @salomemikashavidze)
ავტორი: თამარ მეფარიშვილი