ბიზნესში რამდენიმეწლიანი გამოცდილების შემდეგ, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, დავით ნინიკელაშვილი, აგვისტოდან სწავლას აშშ-ში გააგრძელებს. საბანკო დავითს მოწვევა აშშ-ის სამი წამყვანი ბიზნეს სკოლიდან: Chicago Booth, Kellogg School of Management და Wharton School-იდან ჰქონდა. საბოლოოდ, მან არჩევანი Ivy League-ის წევრ University of Pennsylvania-ის Wharton ბიზნესის სკოლაზე შეაჩერა, სადაც ის მომავალი ორი წლის განმავლობაში full-time MBA პროგრამაზე ისწავლის. როგორც დავითმა გვიამბო, ამ ბიზნეს სკოლებში სწავლის გასაგრძელებლად საუკეთესო აპლიკანტები იბრძვიან. როგორ მოხვდა ფოტომოყვარული ბიზნესში და რა გზა გაიარა ESM-დან Wharton-ამდე, თავად გვიამბო.
M: პირველ რიგში, გაეცანი მკითხველს, ვინ ხარ და როგორ გადაწყვიტე სწავლა აშშ-ში გაგეგრძელებინა?
გახლავართ დავით ნინიკელაშვილი. 2014 წელს დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნესის სკოლა. იქამდე, აზრადაც კი არ მომსვლია ბიზნესის სკოლაში მესწავლა. მეტიც, ფოტოგრაფობა მინდოდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე მივხვდი, რომ ბიზნესის სამყარო იძლეოდა უნიკალურ შანსს, გრძელ ვადაში მაქსიმალური პოზიტიური გავლენა მქონოდა ხალხსა და ორგანიზაციებზე. ამ საკითზე ბევრი აღარც მიფიქრია. ფოტოგრაფია უმალ ჰობად გადაიქცა და ჩემი მიზანი უკვე ბიზნესის სამყაროში შესვლა იყო. გადავწყვიტე, საქართველოში საუკეთესო, თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნესის სკოლაში ჩაბარება. უნივერსიტეტში მოხვედრიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა 2011 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტში მიშა ლომთაძე გვესტუმრა. იქამდე, მის შესახებ არაფერი მსმენოდა და ისე შევაბიჯე საკონფერენციო დარბაზში, რომ არც ვიცოდი, რა მელოდა. შემდეგი ორი საათის განმავლობაში მოვისმინე ისტორია, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მომისმენია. მივხვდი, რომ ეს ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლე იყო იმისთვის, რომ ვიღაცის ‘ლანჩი’ ვყოფილიყავი და გადავწყვიტე ჩვენი სტუმრის მსგავსად, აშშ-ს ტოპ უნივერსიტეტში წასვლა მეცადა. გამიმართლა და თავისუფალ უნივერსიტეტში იყო ხალხი, ვინც მიყვებოდა ბიზნესის სწორ მართვაზე და ამ მხრივ, გამორჩეულად დიდი წვლილი ჰქონდა მენეჯმენტის ლექტორს.
M: როგორია შენი გამოცდილება ბიზნესის სფეროში?
მესამე კურსზე, როცა მუშაობის დაწყების დრო მოვიდა, არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. ერთ მხარეს იყვნენ პრესტიჟული ‘დიდი ოთხეულის’ კომპანიები, რომელთაც სტუდენტების დიდი ნაწილი ირჩევდა ხოლმე. მეორე მხარეს იყო ერთი პატარა კომპანია, რომელშიც ჩემი ლექტორის რეკომენდაციით მოვხვდი. ერთი შეხედვით, მარტივი არჩევანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეორე, რისკიანი გზა ვარჩიე. შემდეგი ორი წლის განმავლობაში, უამრავი როლი მოვირგე ბიზნესის განვითარებაში და ვნახე, როგორ იმართება ბიზნესი შიგნიდან. ორი წლის თავზე, გადავწყვიტე უფრო ფართო ხედვა განმევითარებინა და საქართველოს ბანკის საინვესტიციო საბანკო ნაწილს, Galt & Taggart-ს, შევუერთდი. მჯერა, რომ ‘გალტი’ და ‘საქართველოს ბანკი’, ჩვენი რეგიონის მასშტაბით, საუკეთესოდ მართული კომპანიები არიან. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ვმუშაობდი კვლევების დეპარტამენში, უფროს ანალიტიკოსად და ვფარავდი საქართველოს ორ უმსხვილეს კომპანიას (საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას), რომელთაც, ჯამში, 750 მილიონი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები აქვთ განთავსებული ლონდონის საფონდო ბირჟაზე. გარდა ამისა, მებარა საქართველოს ჯანდაცვისა და ტრანსპორტის/ლოჯისტიკის სექტორები და ცხადად ვხედავდი იმ დიდ პოტენციალს, რომელიც ამ სექტორებში არსებობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების პირველადი შეთავაზება ლონდონის ბირჟაზე, რომელიც ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.
M: მოწვევა რომელი უნივერსიტეტებიდან მიიღე და როგორ?
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩავაბარე GMAT-ის, TOEFL iBT-ის და CFA-ს გამოცდები და უკვე მზად ვიყავი აშშ-ს ტოპ ბიზნესის სამაგისტრო პროგრამებზე მეცადა ბედი. აპლიკაციების მომზადებასა და შესაბამის ინტერვიუებზე დახარჯული უამრავი საათი გამართლებული აღმოჩნდა. წელს, გაზაფხულზე, აშშ-ს სამი წამყვანი ბიზნესის სკოლიდან მომივიდა მოწვევა: Chicago Booth (The University of Chicago), Kellogg School of Management (Northwestern University) და Wharton School (University of Pennsylvania). აქედან, Ivy League-ის წევრი Wharton ვარჩიე და უკვე ორ დღეში გზას გავუყვები.
M: რატომ აირჩიე ეს უნივერსიტეტი?
Wharton ავარჩიე რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო: ა) არის მსოფლიოს უძველესი და დიდი ტრადიციების ბიზნესის სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ 1881 წელს დაარსდა; ბ) არის ძალიან კარგი, University of Pennsylvania-ის ნაწილი, რაც იძლევა საშუალებას, რომ Wharton-ში ბიზნეს განათლებასთან ერთად, სტუდენტმა არჩევითი საგნების სახით ისწავლოს უამრავი სხვა დარგი (მათ შორის: სამართალი, კომუნიკაცია, განათლება, ხელოვნება, მეცნიერებები, დიზაინი, მედიცინა, ინჟინერია და სხვა); გ) არის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების გაერთიანების, Ivy League-ის წევრი; დ) არის აშშ-ის ყველაზე ელიტური ბიზნეს სკოლების გაერთიანების, M7-ის წევრი; ე) ბიზნესის სკოლების უმეტესობისგან განსხვავებით, აქვს ორი კამპუსი. პირველი, ძირითადი კამპუსი არის ფილადელფიაში, ისტორიულ პენსილვანიის უნივერსიტეტში და მეორე კამპუსი არის San Francisco-ში, რაც რეალურად, აძლევს სკოლას საშუალებას, რომ ერთდროულად მოამზადოს სტუდენტები როგორც აღმოსავლეთ სანაპიროს, ძირითადში Wall Street სამსახურებისათვის, ისე დასავლეთ სანაპიროს, ძირითადში ტექნოლოგიურ კომპანიებში სამსახურებისათვის; ვ) მე, პირადად, მაინტერესებს ფინანსების სფეროში კარიერის გაგრძელება და ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ Wharton მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლაა ფინანსების სასწავლად; ზ) Wharton-ს აქვს ერთ-ერთი უდიდესი ფაკულტეტი (900 სტუდენტამდე) ბიზნესის სკოლებს შორის და ეს არის დიდი პლუსი, რადგან გაცილებით დიდი network-ის შექმნის შესაძლებლობა იქმნება; თ) იმის გამო, რომ Wharton ფილადელფიაშია, საკმაოდ ახლოს არის Boston-თან, New York-თან და Washington, DC-სთან და ამ მხრივაც დიდი უპირატესობაა; ი) Wharton-ს აქვს ძალიან კარგი ბრენდი ბიზნეს წრეებში, მსოფლიოს მასშტაბით და ეს ფაქტორი დასაქმების შანსებს საგრძნობლად ზრდის.
M: როგორია იქ სწავლის პირობები?
სწავლის პირობებს რაც შეეხება, ჯერჯერობით თბილისში ვარ და კამპუსზე არ ვყოფილვარ, მაგრამ რაც მინახავს ინტერნეტით, მილაპარაკია სტუდენტებთან და ზოგადად, სკოლის წარმომადგენლებთან, ყველანაირი პირობებია საუკეთესო განათლების მისაღებად. სკოლას აქვს კარგი ადგილმდებარეობა, ჰყავს კარგი პროფესორ-მასწავლებლები, იქ მოსახვედრად საუკეთესო აპლიკანტები აგზავნიან აპლიკაციებს და სწორედ ეს ქმნის საუკეთესო გარემოს, ჩემი აზრით.
M: როგორ ფიქრობ, სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდები სამშობლოში, თუ ეცდები საზღვარგარეთ გაიღრმავო გამოცდილება?
სწავლის შემდეგ დაბრუნებას რაც შეეხება, ამ ეტაპზე, რთულია თქმა… მაგრამ, დამთავრების შემდეგ, ვფიქრობ აშშ-ში რამდენიმე წლით დარჩენას, გამოცდილების მისაღებად და უკვე შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას. პირდაპირი შეხება მქონდა და საკმაოდ კარგი წარმოდგენა მაქვს საქართველოს ეკონომიკის ძირითად სექტორებზე და მგონია, რომ მათ განსავითარებლად კარგი პოტენციალი არსებობს და ეს პოტენციალი გამოსაყენებელია.