
აივ/შიდსის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისთვის, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა, დავით ხაბურძანიამ, ინსტალაცია შექმნა. ნამუშევარი, 27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, (MONTBLANC M)RED ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე გამოიფინა. ღონისძიება ძვირადღირებული აქსესუარების ბრენდ MONTBLANC-ისა და HIV/AIDS (აივ/შიდსი) პრობლემაზე მომუშავე (RED) ფონდის თანამშრომლობით შექმნილ კოლექციას ეძღვნებოდა და აივ/შიდსის მქონე ადამიანების დახმარებას ისახავდა მიზნად. პრეზენტაციას ჰოლივუდის მსახიობები: რამი მალეკი, ალეკ უეკი და ელისონ უილიამსიც ესწრებოდნენ. დავითი ამერიკაში წლებია ცხოვრობს და დევიდ პოლ კეის (David Paul Kay) სახელით არის ცნობილი. უჩვეულოა, რომ 36 წლის მხატვარმა, რომელიც ნამუშევრებისთვის შავ-თეთრის დუეტს ანიჭებს-ხოლმე უპირატესობას, ამჯერად, წითელი ფერი აირჩია და აივ/შიდსის თემას ემოციური ნამუშევარი მიუძღვნა. დეტალებზე დევიდ პოლ კეის ვესაუბრეთ.

M: როგორ დათმე შენი საყვარელი შავ-თეთრი პალიტრა და დათანხმდი წითელს? რისი გამოხატვა გსურდა ახალი ინსტალაციით?
ის, რაც შენ ნახე, იყო ბოლო წუთას შემოთავაზებული კოლაბორაცია. ბრენდთან ერთად უფრო დიდ პროექტზე ვთანამშრომლობ. US-ის გუნდი ბოლო მომენტში დამიკავშირდა და მთხოვეს, ორიგინალური ნამუშევარი შემექმნა სპეციალურად კამპანიისთვის. RED Foundation-ის ჩართულობამ ინტერესი გამიორმაგა, რადგან ეს არის, პირადად ჩემთვის, უმნიშვნელოვანი თემა. მე მყავს მეგობრები HIV-ით და ყველაფერ დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, ვიცი, რა სტიგმას უმკლავდებიან ყოველდღიურად. და ეს ხდება ამ ქალაქში, სადაც ყველაზე დიდი ყურადღების ცენტრშია ეს თემა. ამასთან, როდესაც RED Manifesto წავიკითხე, ამ ძლიერმა სიტყვამ შთამაგონა და გადავწყვიტე განსხვავებული მიდგომა მომეძებნა. ჩემთვის, წითელი ცეცხლია, სისხლია, ენერგიაა, სიცოცხლის ფერი. როდესაც მეკითხებიან, რატომ ავირჩიე შავი და თეთრი, ყოველთვის ასე ვხსნი: წარმოიდგინეთ კომპოზიტორი, რომელიც წერს მუსიკას, აქვს არჩევანი, რომ ეს ნაწარმოები შეარჩიოს ნებისმიერ ინსტრუმენტზე, ის კი ირჩევს ფორტეპიანოს, რადგან თეთრი და შავი კლავიშებით სწრაფად, კარგად და ორიგინალურად გამოხატავს იმას, რისი გადმოცემაც უნდა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უარყოფს სხვა ინსტრუმენტებს. როდესაც ფორტეპიანოზე შესრულებულ ნაწარმოებს ვუსმენ, შემიძლია მასთან ერთად წარმოვიდგინო მთელი ორკესტრი. მსმენელს, ჩემ შემთხვევაში – მკითხველს, ვუტოვებ სივრცეს წარმოსახვისთვის. ალბათ, ამ შემთხვევაში, წითელი ვიოლინოა.

M: როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია შენი, როგორც ხელოვანის ჩართულობა HIV/AIDS-თან გასამკლავებლად? მეორე მხრივ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას თავად შენთვის?
HIV და თანასწორობა ჩემთვის მნიშვნელოვანი თემაა და ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ხელოვნების ჩართულობა აუცილებელია. ხელოვანი ამ საკითხს გაჩვენებს იმ რაკურსით, საიდანაც პოლიტიკოსი ვერასოდეს დაინახავს. კაცობრიობა სოციალურად თანასწორი ვერასოდეს იქნება, მაგრამ როდესაც ადამიანის ძირითად უფლებებზე ვსაუბრობთ, თანასწორობა უმნიშვნელოვანესია და ყველაზე ძირეული უფლება სიცოცხლის თავისუფლებაა. აივ/შიდსი არის პრობლემა, რომელიც ადამიანის ამ ძირითად უფლებას ხელყოფს, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ძალიან დიდი მასშტაბით. წაიკითხეთ RED Manifesto, რომელიც მე დავხატე, ძალიან მოკლედ, რამდენიმე წინადადებით ხდება ნათელი, თუ რამდენად კრიტიკულია სიტუაცია.

M: თუ გეგმავ საქართველოში მსგავს მხარდამჭერ პროექტებში მონაწილეობას?
საქართველოში 10 წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ და არ ვიცი, ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა თუ არა. არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ვადევნებ თვალს და ვიცი, ძალიან მნიშვნელოვან კარგ საქმეს აკეთებენ ამასთან დაკავშირებული სხვა თემების გარშემოც. ვცდილობ, მაქსიმალურად დავუჭირო აქედან მხარი. თუ იქნება შემოთავაზება აივ დადებითის მქონე ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, უმცირესობაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად პროექტში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ჩავერთვები.

M: ერთხელ თქვი, რომ შავ-თეთრი შენთვის ორობითი სისტემასავითაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ნამუშევარს “დააპროგრამებ”. რა თემა არის შენთვის, ამ ეტაპზე, ყველაზე აქტუალური, რისთვისაც გსურს ყურადღების დათმობა?
ინსპირაცია ნებისმიერი მიმართულებიდან შეიძლება წამოვიდეს. რა თემასაც არ უნდა შევეხო, რაც უფრო ვუღრმავდები, მით უფრო საინტერესო ხდება. ძალიან ბევრ კითხვას ვაძლევ საკუთარ თავს და თავადვე ვცდილობ გავცე პასუხი. თემები, როგორიცაა ადამიანი, სამყარო, დრო, ენერგია, ელექტრომაგნეტიზმი, ტვინი და კომუნიკაცია. გავიზარდე სოციუმში, სადაც ყველაფერი ზედაპირულად წყდებოდა, მე კი ყოველთვის სიღრმისეულად მინდოდა ჩავწვდომოდი ყველაფერს. ახლა მაქვს ამის საშუალება და ამ ყველაფრის შედეგია ის, რასაც ვაკეთებ.
