in

დავით საყვარელიძე – #პირველისამსახური

ჯერ კიდევ, მე-8 კლასში ვიყავი, როდესაც მომავალ პროფესიაზე დავიწყე ფიქრი. მაშინ აღებულმა გეზმა დამაყენა რეჟისურის გზაზე და ამ მიმართულებას მივყვები მას შემდეგ. ეს იყო ჩემთვის ადამიანის ქცევის კანონების შესწავლა. ეს პროფესია შინაგანად მათავისუფლებს. ჩემი პირველი სამსახური იყო თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, პირველი სპეკტაკლი, რომელიც რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდგი. ეს იყო იტალიელი დრამატურგის, კარლო გოლდონის პიესა „ქორწინება კონკურსით“.

გამიმართლა და მიხეილ თუმანიშვილის დრამის რეჟისურის ჯგუფში მოვხვდი. ასე გავხდი მისი სახელოსნოს წევრი. სტუდენტობისას, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოში ძალიან ბევრ ნამუშევარში ვიღებდი მონაწილეობას. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები კი, ყოველთვის აკვირდებიან ახალგაზრდა რეჟისორებს და განსხვავებულ ხედვას ეძებენ მათში. იმ დროისათვის, ერთ-ერთი საუკეთესო სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჯანდიერი ჰყავდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრს, ასევე, მთავარი რეჟისორი გია კიტია. მათ კარგად იცოდნენ ჩემი შესაძლებლობების შესახებ და მთხოვეს, ჩემი სადიპლომო ნამუშევარი მათი თეატრის სცენაზე დამედგა.

ჩემი, როგორც რეჟისორის მიზანი იყო, იმ პერიოდში მივიწყებული იტალიური თეატრის გენიოსი კარლო გოლდონი ქართულ სცენაზე გადმომეტანა. ეს დრამატიზმისა და მოქმედების ერთიანობა იმ დროინდელ საქართველოში ძალიან მაკლდა, ამიტომაც ავირჩიე გაუგებრობების ეს კომედია. ეს კარნავალური სტილი ძალიან უხდებოდა იმდროინდელ საქართველოს. ფერადი კოსტიუმები სიმონ მაჩაბელმა შექმნა. ეს იყო შავ-ბნელი რეალობიდან კარნავალური გაქცევა.

ყველაზე რთული იყო ის, რომ ვერ ვშოულობდით კოსტიუმებისთვის შესაბამის მატერიებს. ამის გამო, მომიწია ახლობლებისთვის თხოვნა. სხვათა შორის, ნანი ბრეგვაძემაც შემოსწირა რამდენიმე კაბა ამ სპეკტაკლს. ამ სცენაზე დავდგი ჩემი პირველი სპეკტაკლი და ასე აღმოვჩნდი პროფესიონალთა წრეში. სპეკტაკლს დაესწრო მიხეილ თუმანიშვილი, ნუგზარ ბაგრატიონი და იმ დროინელი რჩეული სამხატვრო ხელმძღვანელები. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი სარეჟისორო გზა სხვადასხვა თეატრში. რობერტ სტურუამ მითხრა, ახლა სპეკტაკლი ჩვენთან, რუსთაველის თეატრში უნდა დადგაო, ჯანსუღ კახიძემ თავისთან ოპერის დადგმა შემომთავაზა. ბევრი სხვა წინადადებაც იყო.

1992 წელს სტაჟირება გავიარე იტალიაში, სადაც მოვხვდი ჯორჯო სტრელერთან – მე-20 საუკუნის თეატრალური სფეროს ერთ-ერთი სახელი. ასევე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Tisch School Of Art-ში მოვხვდი, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილს წარმოადგენდა – მთელი მსოფლიოდან შემოდიოდა ინფორმაცია სულ მქონდა ოცნებად იქ მოხვედრა. გამიმართლა და უამრავ საინტერესო პედაგოგს შევხვდი, მათ შორის, დაუვიწყარი შეხვედრა მქონდა პიტერ ბრუკთან, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა. 1997 წელს, 27 წლის ასაკში განვახორციელე საოპერო დადგმა. სიბრძნის, ჭკუისა და ჭეშმარიტების ძიების ამგვარი გზა ავირჩიე.

დავით საყვარელიძე – წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი, UNESCO-ს ქოლგის ქვეშ არსებული საერთაშორისო თეატრალური ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ლუდი „ნატახტრის“ ახალი გემო სახეზეა

ალგორითმის მიერ შექმნილი იმპრესიონისტული სურათები ვან გოგის მუზეუმშია გამოფენილი