23
Mar
2017

“დავიდიანი” – ფეხსაცმლის სამკერვალო სტარტაპი ბათუმში

23 Mar 2017

Startauperi
Startauperi


ფეხსაცმლის კერვა საკმაოდ სპეციფიური და საფრთხილო ხელობაა. საქართველოში რამდენიმე მსხვილი საწარმო არის დაკავებული მსგავსი საქმიანობით, თუმცა არიან კერძო მკერავებიც, რომლებიც თვითონ დაეუფლნენ ამ საქმიანობას და საკუთარ პროფესიულ განვითარებას, ასევე, მომხმარებლისთვის შესათავაზებელი სერვისის გაუმჯობესებას ცდილობენ. ფეხსაცმლის სამკერვალო – “დავიდიანი”  ერთ-ერთია აჭარის რეგიონის იმ 20 სტარტაპიდან, რომელიც „საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა აფხაზეთმა“, 2016 წელს, 5000 ლარის ოდენობით დააფინანსა. “დავიდიანს”, ამ ეტაპზე, ერთი მეწაღე-მკერავი ჰყავს. სტარტაპი ბათუმში მდებარეობს. მარკეტერი მის შემქმნელს – ედუარდ დავიდიანს ესაუბრა:

M: სად მუშაობდით, სად დაეუფლეთ შეკეთების ტექნიკას და ვინ იყვნენ თქვენი მომხმარებლები?

დასაწყისისთვის სახლში ვმუშაობდი, ჩემი ინტერესის შესაბამისად, თვითონ ვსწავლობდი შეკეთებას. ჩემი მომხმარებლები იყვნენ ახლობლები, რომლებმაც, ასე ვთქვათ ჭორის დონეზე გაავრცელეს ჩემი ხელობის ამბავი.

M: რამდენი ხანია, რაც მეწაღეობით ხართ დაკავებული და დღეისათვის რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

15 წელია, რაც ფეხსაცმლის შეკეთებით ვარ დაკავებული. ამ დროის განმავლობაში, განვვითარდი და გადავედი ფეხსაცმლის კერვაზე. დღემდე, ჩემს სახელოსნოში, ძირითადად ფეხსაცმლის შეკეთებით მომსახურებას ვწევ, ვაკეთებ სერიოზულ აღდგენებს, შეკვეთის შემთხვევაში კი ვკერავ ახალ ფეხსაცმელს.

M: ფეხსაცმელს მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში კერავთ? რა არის ფასი?

დიახ, მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში ვკერავ, ჯერ-ჯერობით, თუმცა გაფართოების პარალელურად, ვგეგმავ რეალიზების სხვა გზის მოსინჯვასაც. ფასს რაც შეეხება ჩვეულებრივი ფეხსაცმლის შეკერვის ფასი – 100-110 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ჩექმის შეკერვა, დაახლოებით, 180-200 ლარი ჯდება.

M: „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთი“-ს გრანტი როგორ გამოიყენეთ თვენი ბიზნესის განვითარებისთვის?

ეს გრანტი ძალიან დამეხმარა ჩემი ბიზნესის განვითარებაში. მიზნობრიობაში მივუთითე ფეხსაცმლის ძირის დასამუშავებელი და ყელის გასაწელი დანადგარის შეძენა, რისი მიღების შემდეგაც, გამიადვილდა მუშაობა. ადრეც ვაკეთებდი ამ პროცედურას, თუმცა ძალიან ძველი, მოუხერხებელი მეთოდით, რომელსაც დიდი დრო სჭირდებოდა. ეს დანადგარები შევიძინე იმისათვის რომ დროის და ენერგიის ეკონომია გამეწია, რითაც ჩემი პროდუქტიულობა, შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა და მათი შესრულების დროც შემცირდა.

M: თქვენ გარდა, ვინმე თუ მუშაობს თქვენს სახელოსნოში, სამუშაო მასალას საიდან იღებთ და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ჯერ-ჯერობით, მხოლოდ მე ვმუშაობ, თუმცა ვგეგმავ გაფართოებასაც. ასევე, ვგეგმავ დამხმარის აყვანას, მეტი მომხმარებლის მომსახურებას და რეალიზების ახალი გზების ძიებას, როგორიცაა: შეკვეთის გარეშე ფეხსაცმლის რამდენიმე მოდელის დამზადება და გაყიდვა. სამუშაო მასალას ვიღებ ქუთაისიდან და თბილისიდან.

M: სად მდებარეობს თქვენი სამკერვალო?

ძველ ბათუმში, ფარნავაზ მეფის 18-ში. წლების წინ თუ სახლის პირობებში ვმუშაობდი, ახლა მაქვს პატარა სახელოსნო, რომლის ქირაშიც სიმბოლურ თანხას ვიხდი.

განხილვა