in

რატომ არის წარსულის გაშვება ჩვენი მეხსიერებისა და კეთილდღეობის მთავარი პირობა

M2
M2

ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა რაღაც მარტივი დაგვვიწყებია და მაშინვე შფოთვა შეგვპარვია – ეს უბრალოდ გადაღლილობის ბრალია, ასაკობრივი ცვლილებაა თუ რამე უფრო სერიოზული ხდება? ცხადია, ნებისმიერი ფაქტის დასამახსოვრებლად პირველადი კონცენტრაცია და ყურადღებაა საჭირო, თუმცა მეცნიერებისთვის არანაკლებ საინტერესოა მეორე მხარე: რა მექანიზმები გვამზადებს დავიწყებისთვის?

ნეირომეცნიერება ათწლეულების განმავლობაში დეტალურად სწავლობდა მეხსიერებას, თუმცა მისი საპირწონე ფენომენის კვლევა საგრძნობლად ჩამორჩება. სამედიცინო ბაზებში მეხსიერების შესახებ ასიათასობით ნაშრომი იძებნება, მაშინ როცა დავიწყების ბიოლოგიას სამეცნიერო სტატიების მხოლოდ მცირე ნაწილი ეთმობა. არადა, ამ პროცესის გააზრება ისეთივე უმნიშვნელოვანესია, როგორც თავად დამახსოვრების უნარი.

მეხსიერების შესწავლაში ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა ის, რომ ჩვენი გონება ფაქტებს ვიდეოკამერასავით პასიურად კი არ იწერს, არამედ მათ მუდმივ რეკონსტრუქციას ახდენს. სწორედ ეს ხედვა გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ დავიწყებას თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს. ის მეხსიერების ხარვეზი კი არ არის, არამედ იმ ბიოლოგიური პროცესის შედეგია, რომელიც პრიორიტეტული ინფორმაციის გადარჩევაში გვეხმარება, რათა სამყაროში ორიენტაცია შევძლოთ.

წარმოიდგინეთ, ყოველი დღის უმცირესი დეტალი – ყოველი საუზმე, მაღაზიის ჩეკი თუ შემთხვევითი ფრაზა – თანაბარი სიცხადით რომ გვახსოვდეს. ასეთი სისტემა ადამიანისთვის საჩუქარი კი არა, უმძიმესი ფსიქოლოგიური ტვირთი იქნებოდა. ეფექტურობისთვის ტვინმა უნდა შეკუმშოს, შეაჯამოს და გადაყაროს ზედმეტი ინფორმაცია. დავიწყება ტვინს ქცევით მოქნილობას მატებს და გვათავისუფლებს უსარგებლო ხმაურისგან, რაც ძალიან ჰგავს სახლის ზედმეტი ნივთებისგან დასუფთავებას. როდესაც ეს მექანიზმი ირღვევა, ყალიბდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა მენტალური პრობლემები, როცა წარსულის მოგონებები ადამიანს შფოთვისა და მძიმე ფიქრების ჩაკეტილ წრეში ამწყვდევს. სწორედ ამიტომ, დავიწყება რეალურად უძლიერესი თავდაცვითი ინსტრუმენტია.

იმისთვის, რომ დავიწყების ბუნება გავიგოთ, ჯერ დამახსოვრების პრინციპებს უნდა შევხედოთ. ყოველდღიური შთაბეჭდილებებიდან მოგონებად მხოლოდ მცირე ნაწილი იქცევა. ყურადღება განსაზღვრავს, რა მოხვდება გონების არქივში, ხოლო გამეორება ტვინს ანიშნებს, რომ ეს ინფორმაცია სამომავლოდაც დაგვჭირდება. შესაბამისად, ჩვენ ნაწილობრივ თავადვე ვმართავთ ამ პროცესს – იმაზე ფოკუსირებით, რაც ჩვენთვის ფასეულია, ხოლო გამოუყენებელი მოგონებები დროთა განმავლობაში აუცილებლად გაფერმკრთალდება.

ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ემოცია, რომელიც ტვინისთვის ერთგვარი მარკერია. ჩვენი მეხსიერების ცენტრი ფიზიკურადაც ძალიან ახლოს არის ემოციურ ცენტრთან. თუ გარემოში საფრთხეა, ტვინმა ის კარგად უნდა დაიმახსოვროს, რათა შეცდომა აღარ გაიმეოროს, რაშიც შიში, შოკი თუ იმედგაცრუება გვეხმარება. ემოცია ერთგვარი ფლომასტერია, რომელიც ტვინს ეუბნება, რომ ეს ამბავი მნიშვნელოვანია.

თუმცა, მოგონებები და ემოციები, მიუხედავად ღრმა კავშირისა, იდენტური არ არის. საინტერესო ექსპერიმენტში ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც ახალი ფაქტების დამახსოვრების უნარი დაკარგული ჰქონდათ, ორ ჯგუფად ყვეს: ერთ ნაწილს კომედია აჩვენეს, მეორეს კი – სევდიანი ფილმი. ჩვენების შემდგ პაციენტებს სიუჟეტი საერთოდ არ ახსოვდათ, თუმცა ემოციური კვალი მაინც დარჩა – ისინი, ვინც სევდიან ფილმს უყურეს, დიდხანს ინარჩუნებდნენ მოწყენილობას, ხოლო კომედიის მაყურებლები თავს ბედნიერად გრძნობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზს ვერ იხსენებდნენ. ემოციური ფონი გვეხმარება ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღეების დამახსოვრებაში, თუმცა, როდესაც მოგონება ნეგატიურ გამოცდილებას ებმის, მისი წაშლა გაცილებით რთულია.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ დავიწყება მოგონებების დროთა განმავლობაში პასიური გაქრობა იყო. თუმცა, თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ბუნებრივ ცვეთასთან ერთად, არსებობს „აქტიური დავიწყების“ ბიოლოგიური პროცესიც, რომელიც მოლეკულურ და ნეირონული ქსელების დონეზე იმართება. მეხსიერების შესანახი სპეციალიზებული უჯრედები, რომლებსაც ენგრამებს უწოდებენ, ცხოვრების განმავლობაში მუდმივად განიცდიან რემოდელირებას. სრულფასოვანი ძილი, ახალი შთაბეჭდილებები, ფიზიკური აქტივობა და ახალი ნეირონების დაბადებაც კი ეხმარება ტვინს ძველი მოგონებების განახლებასა და ახალი ინფორმაციისთვის სივრცის გამოთავისუფლებაში. მეტიც, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შფოთვა, ჩაციკლული ფიქრები და სხვადასხვა მავნე დამოკიდებულებები შესაძლოა სწორედ ამ აქტიური დავიწყების მექანიზმის დარღვევით იყოს გამოწვეული.

ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ თავს ბრძანებით დავავიწყოთ რაიმე, თუმცა ძალგვიძს გავლენა მოვახდინოთ იმაზე, თუ რას გააძლიერებს ტვინი და რას გაუშვებს ნელ-ნელა. ამისთვის მნიშვნელოვანია ყურადღების კონცენტრირება იმ ღირებულებებზე, მიზნებსა და ურთიერთობებზე, რომელთა შენარჩუნებაც გვსურს, და პარალელურად, წყენისა და ძველი კონფლიქტების გაშვების პრაქტიკა. ძილის რეჟიმის დაცვა, ვარჯიში და ახალი გამოცდილებები ტვინს ამ პროცესში საგრძნობლად ეხმარება.

დავიწყება ყოველთვის მარცხი არ არის, ხშირად ის განკურნების ერთადერთი გზაა. ყურადღება აშენებს ჩვენს შინაგან არქივს, დავიწყება კი მას აკორექტირებს. ჩვენ განგვსაზღვრავს ისიც, რისგანაც გათავისუფლება შევძელით. დავიწყება წარსულს კი არ შლის – ის წინსვლისთვის გვათავისუფლებს.

წყარო: psychologytoday

Midjourney AI-დან მედიცინაში გადადის და სხეულის სკანერს ქმნის

ერთდროულად ორი – ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის